კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, კითხვა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე დადებითად ზემოქმედებს, როცა ამას საკუთარი სიამოვნებისთვის ვაკეთებთ. ავტორებით თქმით, ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, რას ვკითხულობთ, გავლენა მაინც კარგია: ძლიერდება ემპათია, უმჯობესდება სწავლის შედეგი, მცირდება დემენციის ჩამოყალიბების რისკი და მარტოსულობის განცდაც იკლებს.

ახალ მიმოხილვაში ხაზგასმულია ნაშრომი, რომელიც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდის მონაცემებს მოიცავს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიამოვნებისთვის კითხვა ბავშვებში მეხსიერებას, კონცენტრაციასა და ისეთ ფუნქციებს აუმჯობესებს, როგორიც პრობლემების გადაჭრის უნარია. ისიც დაასკვნეს, რომ ასეთ მოსწავლეებს უფრო მაღალი ნიშნები ჰქონდათ, მენტალური ჯანმრთელობის მხრივ ნაკლები გართულება აღენიშნებოდათ, ბევრად ჯანსაღი ჩვევებით გამოირჩეოდნენ, კარგად ეძინათ და ეკრანებთანაც ნაკლებ დროს ატარებდნენ.

ახალი კვლევის თანაავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტში მომუშავე კრისტელ ლენგლი ამბობს, რომ ამგვარი შედეგები ბავშვებში კითხვის დადებით ზემოქმედებას ცხადყოფს. მას მიაჩნია, რომ ისინი ამით როგორმე ადრეული ასაკიდანვე უნდა დავაინტერესოთ, მაგალითად, მათ ინტერესებზე მორგებული წიგნები შევთავაზოთ, თუნდაც კომიქსები.

მნიშვნელოვანია, რომ კითხვის ასეთი ეფექტი მხოლოდ ახალგაზრდებში არ გამოვლენილა. ეს მენტალურ ჯანმრთელობას ნებისმიერ ასაკში აუმჯობესებს და კოგნიტიური პრობლემების ჩამოყალიბებასაც ეწინააღმდეგება, რადგან გონებას ააქტიურებს. შესაბამისად, იკლებს ისეთი პრობლემების რისკი, როგორიც დემენციაა. ასევე, კვლევის მიხედვით, ამგვარი ჰობი სტრესს ამცირებს.

"ნეიროგამოსახულებები გვიჩვენებს, რომ კითხვა ტვინში სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული ისეთ რეგიონებში, რომლებიც აღმასრულებელი ფუნქციების კონტროლს, ემოციების რეგულაციასა და სოციალურ კოგნიციას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, ეს სარგებელი ადამიანის სოციოეკონომიკური ფონისგან დამოუკიდებელია", — წერია ნაშრომში.

ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ამ მხრივ წიგნის კლუბებში გაწევრიანებაც კარგი იდეაა. მათი თქმით, ასეთი ერთობლივი აქტივობისას დამატებით სარგებელსაც ვიღებთ, რადგან სოციალურ კავშირებს ვამყარებთ. ამ დროს ადამიანები ნაკლებად იზოლირებულებად და მარტოსულებად გრძნობენ თავს. ესეც, თავის მხრივ, დემენციის რისკს ამცირებს, რაც განსაკუთრებით ხანდაზმულებშია მნიშვნელოვანი. კვლევაში ნახსენები ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, გაზეთების, ჟურნალებისა და წიგნების კითხვა ალცჰაიმერის დაავადების 33%-ით დაბალ რისკთან ასოცირდება.

საყურადღებოა, რომ მონაცემების თანახმად, ბავშვებსა და მოზარდებში კითხვის მაჩვენებლები საგრძნობლადაა შემცირებული. 91 ქვეყანაში 15 წლის 760 000 მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ახლა ამ ასაკობრივ ჯგუფში კითხვის უნარები იმაზე მეტადაა შესუსტებული, ვიდრე მიმდინარე საუკუნის ნებისმიერ სხვა დროს. ეს მათემატიკისა და მეცნიერების დარგების სწავლაზეც აისახება. დაადგინეს, რომ საშუალო სტატისტიკური მოსწავლე ახლა იმ დონეზე კითხულობს, როგორიც მასზე ერთი წლით უმცროსისგანაა მოსალოდნელი.

შესაბამისად, გამოწვევები არსებობს, მაგრამ, მეცნიერების თქმით, "კითხვის დაწყება არასდროსაა გვიანი".

კვლევა გამოცემაში Psychological Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.