პრემიერი კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის "ადამიანურადაც სამწუხაროა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენი, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს".

"ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ადამიანურადაც მძიმეა, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა", — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე ხედავს თუ არა ხელისუფლება სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისგან რაიმე საფრთხეს. კობახიძე პასუხობს, რომ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება, რომ ექსმაღალჩინოსნების ლაპარაკს არასდროს მოჰყოლია შედეგი.

"თქვენ იცით, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები.

...მათ შორის ღარიბაშვილს, წარსულშიც გახსოვთ არაერთი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს არ აქვს ხოლმე რაიმე შედეგი", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემების აღმოჩენის შემდეგ მათ სისტემის გადალაგება დაიწყეს, რასაც, მისი თქმით, პრემიერად დანიშვნის შემდეგ ერთი წელი და ხუთი თვე დასჭირდა. მისი განცხადებით, დღეს ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია "სრულად აღმოფხვრილია".

"ჩვენ როდესაც დავინახეთ პრობლემები, გადავედით ქმედებებზე, დროც დაგვჭირდა. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი: მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერმინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბოლომდე ჩაგვეხედებინა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში. და დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე — დაბალ დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში — მაგრამ დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე არის სრულად აღმოფხვრილი კორუფცია. და ჩვენ ხშირად ვეკითხებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, მოიტანონ, მაგალითად, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ გადაგველაგებინა, ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე: აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერმინისტრი — აიღონ, ამოიღონ ერთი კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა", — თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს 16 სექტემბერს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის საუბარია "ქოლ-ცენტრების" შესაძლო მფარველობაზე. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს