საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის 13-წლიან განაჩენს ეხმაურება. ის აცხადებს, რომ ლილუაშვილის საქმე და მისი დაკავება, ისევე როგორც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება, პოლიტიკური ხასიათისაა და ამას ქვეყანაში "ტერორის სახელმწიფოს" ჩამოყალიბების ნიშნად მიიჩნევს. მისი თქმით, შესაძლოა, საქმე უკავშირდებოდეს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე რუსეთის ინტერესებს და სვამს კითხვას, ხომ არ არის ეს რუსეთის შურისძიება ან დაკვეთა?

ზურაბიშვილის შეფასებით, ლილუაშვილის გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების გამო მისი ჩამოშორება შესაძლოა რუსეთის მიზანს — საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას — ემსახურებოდეს. ის ასევე ვარაუდობს, რომ ლილუაშვილმა შესაძლოა მომავალში დამატებითი ინფორმაცია გაასაჯაროოს, რადგან, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების გუნდისგან მის მიმართ შეღავათის მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეს.

"ეს უკვე არის გადასვლა სრულყოფილად ტერორის სახელმწიფოზე. ეს უკვე არის ნათლად პოლიტიკური საქმე, როგორც ღარიბაშვილის საქმე. შეიძლება ვივარაუდოთ, რა ხდება — ანუ რაშია მათი პერსონალური დანაშაული ივანიშვილის წინაშე, თუ პოლიტიკური დანაშაული რუსეთის წინაშე. ეს ხომ არ არის რუსეთის შურისძიება? ეს ხომ არ არის რუსეთის დაკვეთა? რომ ამ უწყებაში, ამ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებაში, არ იყოს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წლების გამოცდილება და ასევე საერთაშორისო კონტაქტები და ნდობა. რუსეთი ცდილობს, რომ ჩვენ მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში, დაწყებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიდან, რასაც ჰქვია რეგიონის უსაფრთხოება. თუ ეს იყო რუსეთის და რუსული ხელისუფლების მიზანი, ეს ნაწილობრივ, თუ არა მთლიანად, მიღწეულია. ნახავთ, გაგრძელდება ეს საგა. შეიძლება მასაც აქვს კიდევ ინფორმაცია, რაც შეუძლია უკვე გამოიტანოს, იმიტომ რომ უკვე არანაირი იმედი, რომ მას რაღაცა შეღავათი ექნება, აღარა აქვს ალბათ და ხედავს, რა დაუნდობელია ის გუნდი, რომელსაც ემსახურებოდა და ეკუთვნოდა", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს 16 სექტემბერს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის საუბარია "ქოლ-ცენტრების" შესაძლო მფარველობაზე. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს