საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია. რაც შეეხება ქვედა დონეზე კორუფციას, მისი თქმით, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში და ქვედა დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა.

"დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე, ქვედა დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი არ არის ეს იოლი, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ჩავიხედეთ, გადავალაგეთ წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა და დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე - აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ 1 კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა," — აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, "რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი".

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა განცხადებების გაკეთება სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილისგან და აღნიშნა, რომ ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება.

"ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება. საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, შეგიძლიათ, თუ რაიმე გაინტერესებთ, დაელოდოთ. იცით, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობთ, წარსულშიც გახსოვთ, არაერთი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს არ აქვს ხოლმე რაიმე შედეგი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.