პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს. ინაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე". ამის შესახებ მან "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა.

"თუ "პატრიოტთა ალიანსის" და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე. ისევ ძალაშია ეს პოლიტიკური შეთავაზება ჩვენი მხრიდან", — განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ექსპრემიერის პატიმრობისა და მისთვის წაყენებული სხვადასხვა ბრალდებისა, მისი რეიტინგი "ტრადიციონალისტთა ველზე" დღესაც კი გაცილებით მაღალია, ვიდრე ირაკლი კობახიძის.

როგორც ინაშვილმა თქვა, ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ მის სახლში ოქროს ზოდები და ძვირფასი ნივთები არ ყოფილა, ეჭვს აჩენს იმის თაობაზე, რომ ეს ნივთები ჩხრეკის დროს ადგილზე ხელოვნურად მიიტანეს და დადეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა სეიფში ნაპოვნ ნაღდ ფულზეც და აღნიშნა, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც არსებობს ბიტკოინი და ციფრული ფული, ჩინოვნიკები და ბიზნესმენები "ქეშს" სეიფში აღარ ინახავენ, რის გამოც თავად ეს ფაქტიც კითხვებს აჩენს.

ინტერვიუში ინაშვილმა გიორგი ლილუაშვილიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა, განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელსაც, მისი შეფასებით, პოლიტიკური შარმი ნამდვილად აქვს და "საკანშიც კი თავისი წონა გააჩნია".

"ტრადიციონალისტთა ველი რომ ავიღოთ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ ველზე, დღესაც კი, ღარიბაშვილს, რომელიც პატიმრობაშია, წაყენებული აქვს ესა თუ ის ბრალი, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება მის შესახებ, ამ ვითარებაშიც კი გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი, ვიდრე კობახიძის.

....

პატარა რამე ხომ არ არის, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ადვოკატების პირით საჯაროდ ამბობს, რომ არც ოქროს ზოდები ყოფილა მის სახლში და არც არანაირი ძვირფასი ნივთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთები მჩხრეკავებმა მიიტანეს და დადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ამაზე უფრო დეტალურად ილაპარაკებენ.

დღეს უკვე "ქეშ" ფულს აღარ ინახავენ სეიფში, არც ჩინოვნიკები, არც ბიზნესმენები. თანამედროვე ეპოქაა, ციფრული ფული არსებობს, ბიტკოინი. თვითონ ის ფაქტიც, რომ [ფული] დევს იქ, ესეც კითხვებს შეიცავს.

ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა მაშინაც კი, როცა ერთად ვიყავით პარლამენტში, ის არ გამოირჩეოდა იმით, რომ პოლიტიკოსია, თუმცა ეს შარმი ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიტიკოსი ნამდვილად იყო და არის. საკანშიც კი თავისი წონა აქვს", — თქვა ირმა ინაშვილმა.