მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის რეალური და ამისათვის სამთავრობო გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს.

"ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში", — დასძინა მან.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა.

"ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა ენერგეტიკულად სუსტი საქართველო. გვახსოვს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის ნაკლებობა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტული პრობლემა იყო. ამიტომ, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა. საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკულად ძლიერი, თვითკმარი და რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო", — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ენერგოსისტემის ძლიერი მხარეები, მისი სისუსტეები, შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლებზეც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს.

"2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა" — განაცხადა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება.

"ეს დინამიკა გრძელდება. 2027 წელს 100-მდე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, 12 ელექტროსადგურის პროექტი, ჯამში, 70 მეგავატზე მეტი შევა ექსპლუატაციაში. წელს ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასრულდა 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი ბატარეების შესყიდვა, სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება. ეს უზრუნველყოფს სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ლიმიტების გაფართოებას.

მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული: ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია.

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი", — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, 2026 წლის 7 თვეში ჰიდროგენერაცია წლიურად 5.3%-ით შემცირდა, ხოლო გაიზარდა ქარისა და მზის სადგურების (+61.6% წ/წ) და თბოსადგურების (+18.6% წ/წ) გენერაცია. Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის ივლისის მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ 2026 წლის ივლისში, ჰიდროგენერაციამ 1.4 ტვტ.სთ შეადგინა — ჯამური მიწოდების 98.1%.