"ჩეხეთს უკვე საკუთარი ტრამპი ჰყავს" და "ახალი საფრთხე ევროპული ერთობისთვის" - ასე ეხმაურება მსოფლიო მედია 21 ოქტომბერს ჩეხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რა დროსაც 63 წლის მილიარდერის ანდრეი ბაბისის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა.

ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორეს, ანდრეი ბაბისს, ხშირად ადარებენ ტრამპს თავისი ხისტი საუბრის, ანტი-სამეგირაციო და ანტი-ისლამური პოლიტიკის გამო. ბაბისის მიერ ხუთი წლის წინ დაფუძნებულმა პარტიამ ANO (დიახ) საპარლამენტო არჩევნებში ხმების 30 პროცენტი მიიღო და სამთავრობო კოალიციის შექმნის უფლებაც მოიპოვა. თავად მილიარდერი პარტიამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაასახელა. ანდრეი ბაბისი ქვეყანაში ათეულობით ბიზნეს ფლობს, მათ შორის უმსხვილეს გაზეთებსა და ტელევიზიას.

შაბათს გამართულ არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს სხვა ულტრა-ნაციონალისტურმა, ანტი-გლობალისტურმა პარტიებმაც. რაც შეეხება სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც ჩეხეთს ბოლო 25 წელი მართავდნენ, ამომრჩეველთა მხოლოდ შვიდმა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ისინი მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.

ანდრეი ბაბისი პოლიტიკაში გამოჩენისთნავე, ტრამპის მსგავსად, ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მისი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. ბაბისის პარტიამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა და მმართველ კოალიციაშიც მონაწილეობდა, თავად პარტიის ლიდერს ფინანსთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მის წინააღმდეგ სხვადასხვა საგადასახადო დარღვევის გამო გამოძიებაც კი კი დაწყებული, რასაც ბაბისი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, მას ოპონენტები არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნისკენაც მოუწოდებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც ნიუ იორკ ტაიმსი წერს, ჩეხმა ამომრჩეველმა დაკარგა რწმენა ტრადიციული პარტიების მიმართ და სწორედ ამის შედეგია ანდრეი ბაბისის წარმატება, რომელიც ისლამს ევროპის მთავარ საფრთხედ, მულტიკულტურალიზმსა და ღია საზღვრებს კი ჩეხური კულტურის წინააღმდეგ მიმართულ საშიშროებად აღიქვამს.