ვინ იყო აიათოლა ალი ხამენეი და როგორ მოვიდა ის ხელისუფლების სათავეში?
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყანაზე მიტანილი მასშტაბური საჰაერო იერიში გახდა. აიათოლა ალი ხამენეის მმართველობისას ირანში მკაცრი თეოკრატიული სისტემა დამყარდა, რომელიც ქვეყნის შიგნით სასტიკი რეპრესიებით, საგარეო ასპარეზზე კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საკუთარი გავლენების გაძლიერებით ხასიათდებოდა. თუმცა, როგორ მოვიდა ალი ხამენეი ხელისუფლებაში და რა კვალს ტოვებს იგი ისტორიაში?
ადრეული ცხოვრება და განათლება
ალი ხამენეი 1939 წლის 19 აპრილს ირანის წმინდა ქალაქ მეშჰედში დაიბადა. მისი ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ხშირად სხვების მოწყალებაზე იყვნენ დამოკიდებულნი და ზოგჯერ საჭმელად მხოლოდ "პური და ცოტა ქიშმიში" ჰქონდათ.
მისი მამა, ჯავად ხამენეი, წარმოშობით ნაჯაფიდან იყო, თუმცა ბავშვობაში ოჯახთან ერთად თავრიზში გადასახლდა. სწორედ იქ შეისწავლა თეოლოგია, რის შემდეგაც საცხოვრებელი კვლავ შეიცვალა და მეშჰედში გადავიდა. ალი ხამენეის მამა 1986 წლის ივლისში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მისი დედა, ხადიჯა მირდამადი, 1989 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა — დაახლოებით ორ თვეში მას შემდეგ, რაც მისი შვილი ირანის უზენაესი ლიდერი ოფიციალურად გახდა.
ალი ხამენეი ბავშვობაში
ფოტო: Euronews
ალი ხამენეი ოჯახში მეორე შვილი იყო. მას სამი ძმა (მოჰამადი, ჰადი და ჰასანი) და ერთი და — ბადრი ჰყავდა. ბადრი ხამენეი შეიხ ალი თეჰრანიზე იყო დაქორწინებული.
1952 წელს, როდესაც ხამენეი 13 წლის იყო, მის ისლამურ სკოლაში რადიკალმა სასულიერო პირმა, ნავაბ საფავიმ, მონარქიის წინააღმდეგ ემოციური სიტყვა წარმოთქვა. ხამენეის თქმით, სწორედ მაშინ გაჩნდა მასში "ისლამური რევოლუციური იდეების პირველი ნაპერწკლები" და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომ შაჰის დესპოტიზმსა და მის ბრიტანელ მხარდამჭერებს უნდა დაჰპირისპირებოდა.
1958-1964 წლებში ხამენეი რელიგიურ განათლებას ირანის ისლამურ ცენტრში, ქალაქ ყუმში, იღებდა. თავდაპირველად, ისლამური რესპუბლიკის მომავალმა ლიდერმა რელიგიის შესწავლა მეშჰედში დაიწყო, 1957 წელს კი მცირე ხნით ნაჯაფის სემინარიაშიც ისწავლა. თუმცა, იქ ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაჩერდა — ჯერ ისევ მეშჰედში დაბრუნდა, მალევე კი ყუმის სემინარიაში გადავიდა. ამ წლებში მისი მასწავლებელი ჰოსეინ-ალი მონტაზერი იყო — ადამიანი, რომელიც ათწლეულების შემდეგ საკუთარი სტუდენტის ბრძანებით შინაპატიმრობაში აღმოჩნდა. სწორედ ქალაქ ყუმში მოექცა ალი ხამენეი აიათოლა ხომეინის გავლენის ქვეშ და 1962 წელს შაჰის საწინააღმდეგო სასულიერო მოძრაობას შეუერთდა. ხამენეის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა მის ახალგაზრდობაში მომხდარმა ამბებმაც — მათ შორის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელიც CIA-მ და ბრიტანულმა დაზვერვამ პრემიერმინისტრ მოჰამედ მოსადეყის წინააღმდეგ მოაწყვეს.
მისი პროპალესტინური განწყობები დიდწილად "მუსლიმთა საძმოს" წევრის, საიდ ყუტბის, ნაშრომებმა განაპირობა, რომლებიც ხამენეიმ სპარსულად თავადვე თარგმნა. დასავლეთსა და მის იმპერიალისტურ გავლენებზე ხამენეის წარმოდგენები ჯალალ ალ-აჰმადის მიერ დამკვიდრებულმა "ღარბზადეგის" — დასავლეთით მოწამვლის — იდეამ ჩამოაყალიბა. ბუნებრივია, ხამენეი და სხვა თანამოაზრე სასულიერო პირები ისლამს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ "კულტურულ და იდეოლოგიურ იარაღად" აღიქვამდნენ.
მიუხედავად ასეთი პოზიციისა, ხამენეი დასავლურ ლიტერატურას გატაცებით კითხულობდა — მათ შორის ბიძია თომას ქოხს, მრისხანების მტევნებსა და ლევ ტოლსტოის ნაწარმოებებს. თუმცა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე ვიქტორ ჰიუგოს საბრალონმა მოახდინა, რომელსაც ის "სასწაულებრივს" და "სიბრძნის წიგნს" უწოდებდა. ლიტერატურის გარდა, ხამენეის სპარსული პოეზიაც აინტერესებდა, რადგან ბავშვობიდან ესმოდა, თუ როგორ ციტირებდა დედამისი ჰაფეზის ლექსებს.
ხამენეიმ პოლიტიკური გააქტიურება ნელ-ნელა დაიწყო. 1962 წელს, შაჰის "თეთრი რევოლუციის" რეფერენდუმით გამოწვეული დაპირისპირებისას, აიათოლა მილანიმ ხამენეის დაავალა, რომ ყუმში ჩასულიყო და რუჰოლა ხომეინისთვის მეშჰედში არსებული განწყობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. ეს აიათოლა ხამენეისა და რუჰოლა ხომენეის პირველი პოლიტიკური შეხვედრა იყო. მათი კავშირი დღითიდღე მტკიცდებოდა. 1963 წელს, აშურას დღესასწაულის წინა დღეს, ხომეინიმ ხამენეის საიდუმლო მისია მიანდო — მეშჰედში წასულიყო და აიათოლა მილანისთვის მისი მითითებები გადაეცა.
ხამენეი პირველად დაახლოებით ამ დროს დააპატიმრეს. 1963 წლის 5 ივნისს, თავად რუჰოლა ხომეინის დაკავებამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე, სახელმწიფო პოლიციამ ხამენეი ქალაქ ბირჯანდში აიყვანა. მას საიდუმლო პოლიცია — "სავაქი" — დევნიდა, რომელსაც CIA და ისრაელის "მოსადი" წვრთნიდნენ. ყასრის ციხეში გადატანილმა წამებამ და იზოლაციამ, რაზეც ის თავის მემუარებში (სახელად საკანი №14) ჰყვება, ხამენეიზე წარუშლელი კვალი დატოვა. დღეს ეს ციხე მუზეუმადაა ქცეული.
5 ივნისის მოვლენების შემდეგ ხამენეი მეშჰედში გადაიყვანეს, სადაც 10 დღე დაჰყო. რევოლუციის გამარჯვებამდე ის კიდევ არაერთხელ დააკავეს, თუმცა ანტისამთავრობო საქმიანობაზე ხელი მაინც არ აუღია. მოგვიანებით, ის ჯერ ქალაქ ჯიროფტში, შემდეგ კი ირანშაჰრში გადაასახლეს, სადაც 1978 წლის ივლისამდე იმყოფებოდა.
მომდევნო 16 წლის განმავლობაში, 1963 წლიდან 1979 წლამდე, ხომეინის ემიგრაციაში ყოფნის მიუხედავად, ხამენეი მისი ერთგული მიმდევარი იყო. რევოლუციამდე ერთი თვით ადრე, 1979 წლის 12 იანვარს, რუჰოლა ხომეინიმ ის რევოლუციური საბჭოს ერთ-ერთ წევრად დანიშნა. სწორედ ამ საბჭოს წევრობით დაიწყო ალი ხამენეის პოლიტიკური აღზევება იმ ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის სათავეში სულ რაღაც ერთ თვეში მოვიდა.
ირანელი მომიტინგეები შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის წინააღმდეგ; თეირანი, 1978 წლის 9 ოქტომბერი
ფოტო: AP Photo
შაჰის დამხობა და ხამენეის აღზევება
შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყნის ახალ პოლიტიკურ სისტემაში საკანონმდებლო ფუნქცია რევოლუციურმა საბჭომ შეითავსა. მოგვიანებით საბჭო დროებით მთავრობას შეუერთდა, თუმცა პრემიერმინისტრ მეჰდი ბაზარგანის გადადგომის შემდეგ, ქვეყანაზე დე ფაქტო კონტროლი სწორედ საბჭომ დაამყარა. საბოლოოდ, რევოლუციურმა საბჭომ მუშაობა პირველი მოწვევის ასამბლეის ჩამოყალიბებისთანავე შეწყვიტა.
ხამენეისთვის ეს ძალაუფლებისკენ მიმავალი გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თავდაპირველად იგი თავდაცვის მინისტრის, მეჰდი ჩამრანის, მოადგილედ დაინიშნა, პარალელურად კი გვარდიას ხელმძღვანელობდა. პირველ საპარლამენტო არჩევნებში ხამენეიმ ისლამური ასამბლეის წევრის მანდატი თეირანის საარჩევნო ოლქიდან მოიპოვა.
ირანის ძალაუფლების იერარქიაში ხამენეისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტი აიათოლა ხომეინის მიერ მისი თეირანის იმამად დანიშვნა იყო. 1980 წლის იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე მან ეს პოზიცია შეინარჩუნა და პარასკევის ლოცვა თითქმის 250-ჯერ ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ უზენაესი ლიდერობის პერიოდში იგი პარასკევის ლოცვებზე საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.
თავდასხმები ალი ხამენეიზე
ალი ხამენეი თავდასხმის სამიზნე ორჯერ გახდა. პირველად ეს 1981 წლის 27 ივნისს მოხდა — "ისლამური რესპუბლიკის პარტიის" შტაბ-ბინის აფეთქებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე და პრეზიდენტ აბოლჰასან ბანისადრის გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ.
თეირანის აბუ ზარის მეჩეთში სიტყვით გამოსვლისას, მძლავრი აფეთქება მოხდა. ხამენეი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტერაქტი დაჯგუფება ფორყანს მიეწერა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგნიტოფონში იყო დამალული, რომელიც ტრიბუნაზე, ხამენეის მარცხენა მხარეს, გულთან ახლოს იდო. თუმცა, აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე, პირადმა მცველმა მაგნიტოფონი მარჯვნივ გადადგა. ხამენეი გადარჩა, მაგრამ მისი მარჯვენა ხელი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა. მოგვიანებით ის ამბობდა: "ხელი არაფერში მჭირდება, მთავარია, გონება და ენა მიჭრიდესო".
მეორე თავდასხმა 1985 წლის 15 მარტს განხორციელდა, როდესაც ხამენეი თეირანის უნივერსიტეტში პარასკევის ლოცვას აღასრულებდა. ამჯერად ტერაქტი დაჯგუფება MEK-მა (ირანის ხალხის მუჯაჰედების ორგანიზაციამ) განახორციელა.
ბომბი მლოცველებს შორის, ხალიჩების ქვეშ იყო დამალული. თავად ხამენეი არ დაშავებულა, თუმცა აფეთქებას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 84 კი დაიჭრა. ქაოსის მიუხედავად, ხამენეის ტრიბუნა არ დაუტოვებია და ქადაგება მშვიდად განაგრძო.
ხამენეი პრეზიდენტის პოსტზე
1981 წლის 30 აგვისტოს, პრეზიდენტ მოჰამად-ალი რაჯაის მკვლელობიდან მალევე, "ისლამური რესპუბლიკის პარტიამ", რომელიც იმ დროისთვის ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ინსტიტუტს წარმოადგენდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ალი ხამენეის კანდიდატურას დაუჭირა. ამბობენ, რომ თავდაპირველად რუჰოლა ხომეინი პრეზიდენტის პოსტზე სასულიერო პირის ხილვის წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ პარტიის გადაწყვეტილებას მაინც დასთანხმდა.
ხამენეიმ 1981 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმების 95%-ზე მეტი მიიღო და ირანის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა. დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ხამენეის ურთიერთობა პარლამენტთან მაინც დაიძაბა. ინაუგურაციის შემდეგ, პრემიერმინისტრის პოსტზე მან ალი აქბარ ველაიათის კანდიდატურა წარადგინა. დეპუტატებმა დაყენებული კანდიდატურა არ მოიწონეს. ხამენეი იძულებული გახდა, პრემიერად პარლამენტისთვის სასურველი ფიგურა, მირ-ჰოსეინ მუსავი დაესახელებინა. საკანონმდებლო ორგანომ მისი კანდიდატურა მალევე დაამტკიცა.
ხამენეისა და მუსავს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ 1985 წელს ხამენეიმ მის წინააღმდეგ არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრა გადაწყვიტა. ამასთანავე, რუჰოლა ხომეინიმ ხამეინის კანდიდატურა "რელიგიურ მოვალეობად" შეაფასა, რითაც მეორე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭისყრისკენ უბიძგა.
არსებობს ცნობები, რომ ხამენეიმ კენჭისყრაზე თანხმობა ერთგვარი ულტიმატუმის სანაცვლოდ განაცხადა — მას პრემიერმინისტრის საკუთარი პრეფერენციით შერჩევის თავისუფლება უნდა ჰქონოდა. თუმცა, არჩევნების დასრულების შემდეგ, ხომეინიმ პრემიერის შეცვლა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია და ხამენეის პირდაპირ მოსთხოვა, რომ მირ-ჰოსეინ მუსავი პოსტზე დაეტოვებინა. ხამენეი მუსავის "თავსმოხვეულ" პრემიერად თვლიდა, რომელიც მხოლოდ ხომეინის ურყევი მხარდაჭერით სარგებლობდა. მათ შორის არსებული ღრმა უთანხმოება სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.
ხამენეი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ზედიზედ ორჯერ, 1981-დან 1989 წლამდე იყო. სწორედ ამ პერიოდში, 1987 წელს, ის პირველად და უკანასკნელად ეწვია აშშ-ს, რათა გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსულიყო. ეს წლები მუდმივი კრიზისით იყო სავსე — დაწყებული რევოლუციურ ფრაქციებს შორის პოლიტიკური დაპირისპირებითა და ოპოზიციური ჯგუფების მიერ მოწყობილი ყოველდღიური მკვლელობებით, დასრულებული ყველაზე მასშტაბური გამოწვევით — ირან-ერაყის ომით.
1980-88 წლების ირან-ერაყის ომის დროს, ხამენეიმ სამხედრო ძალების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ კონფლიქტმა ხამენეის დასავლეთის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაუმძაფრა, რადგან ხედავდა, თუ როგორ უჭერდნენ ისინი მხარს ერაყელ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს და როგორ ხუჭავდნენ თვალს ირანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
გზა უზენაესი ლიდერობისკენ
ჰოსეინ-ალი მონტაზერის მემკვიდრე-ლიდერის პოსტიდან გადაყენებამ, პრეზიდენტსა და პრემიერს, ასევე პარლამენტსა და გუშაგთა კორპუსს შორის არსებულმა მუდმივმა დაპირისპირებამ და საკანონმდებლო ხარვეზებმა, რუჰოლა ხომეინის კონსტიტუციის გადახედვისკენ უბიძგა. 1989 წლის 24 აპრილს მან 20-კაციანი კომისია შექმნა, რომლის შემადგენლობაში ალი ხამენეიც აღმოჩნდა.
კომისიამ, რომლის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავად ხამენეი იყო, რამდენიმე შესწორება შეიმუშავა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უზენაესი ლიდერის კვალიფიკაციას ეხებოდა. კერძოდ, კონსტიტუციიდან ამოიღეს მანამდე არსებული სავალდებულო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ლიდერი აუცილებლად დიდი აიათოლა (Marja-e Taqlid) — უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტი უნდა ყოფილიყო.
კიდევ ერთი გადამწყვეტი ცვლილება კონსტიტუციის მე-5 მუხლიდან "ლიდერთა საბჭოს" ამოღება იყო. ამ ნაბიჯებმა ალი ხამენეის ერთპიროვნულ მმართველობას გზა გაუხსნა. მას იმ დროისთვის დიდი აიათოლას — უმაღლესი სასულიერო პირის წოდება არ ჰქონდა.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მისაცემად მიდის. თეირანი, 10 მაისი, 2024 წელი
ფოტო: Vahid Salemi / AP Photo
53 დღე სამუდამო ლიდერობამდე
1989 წლის 4 ივნისს, ომის დასრულებიდან მალევე და ახალი კონსტიტუციის გატანამდე, რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა. "ექსპერტთა ასამბლეა", რომელიც 88 გავლენიანი შიიტი სასულიერო პირისგან შედგება, სასწრაფოდ შეიკრიბა და იმავე დღეს ალი ხამენეი ქვეყნის ლიდერად აირჩია.
ქვეყნის მართვის რამდენიმე ვარიანტს მოიაზრებდნენ. პირველი ვარიანტი აიათოლა საფი-გოლფაიგანის ლიდერად დანიშვნა იყო. ის უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის მოთხოვნასაც აკმაყოფილებდა, თუმცა წევრებმა დაიწუნეს. მეორე ვარიანტად "ლიდერთა საბჭოს" შექმნა განიხილებოდა, რომლის შემადგენლობაშიც მუსავი-არდაბილი, ალი მეშქინი და ალი ხამენეი უნდა შესულიყვნენ, თუმცა ვერც ამ ინიციატივამ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა.
საბოლოოდ, ინიციატივა სხდომის თავმჯდომარემ, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ აიღო ხელში. მან რუჰოლა ხომეინისთან დაკავშირებული ერთი ამბავი გაიხსენა და ალი ხამენეი სასურველ კანდიდატად წარადგინა: "ხელისუფლების სამი შტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, იმამს ჩვენი შეშფოთება გავუზიარეთ — ვუთხარით, რომ მონტაზერის გადაყენების შემდეგ ლიდერის ვაკანტური პოსტი ქვეყანაში ძალაუფლების ვაკუუმს შექმნიდა. იმამმა კი გვიპასუხა: "არანაირი ვაკუუმი არ არსებობს, თქვენ გყავთ საჭირო ხალხი". როცა ვკითხეთ, თუ ვის გულისხმობდა, მან ბატონ ხამენეიზე მიგვითითა", — იხსენებდა რაფსანჯანი.
რაფსანჯანის მცდელობამ წევრთა განწყობა მოქმედი პრეზიდენტის, ხამენეის სასარგებლოდ შეცვალა. 1989 წელს, ხომეინის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხამენეი ამბობდა: "მე უზენაესი ლიდერობისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მაქვს, ეს ჩემი ადგილი არ არის". თუმცა, როდესაც ხომეინი გულის შეტევით გარდაიცვალა, სიტუაცია შეიცვალა. მიუხედავად თავად ხამენეის მიერ გამოხატული ყოყმანისა, ასამბლეის წევრთა 80%-ზე მეტმა მის "დროებით ლიდერობას" დაუჭირა მხარი. "დროებითი" სტატუსი აუცილებელი იყო, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის სავალდებულო მოთხოვნას აუქმებდა, პლებისციტზე ჯერ კიდევ არ იყო გატანილი.
1989 წლის 28 ივლისს რეფერენდუმზე ახალი კონსტიტუცია დაამტკიცეს, რამაც ხამენეის სამუდამო ლიდერობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ბარიერი მოუხსნა. ათ დღეზე ნაკლებ დროში "ექსპერტთა ასამბლეა" კვლავ შეიკრიბა და ალი ხამენეი ირანის რიგით მეორე "უზენაეს ლიდერად" ოფიციალურად აირჩია.
მმართველობის სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ალი ხამენეიმ ძალთა ბალანსი შეცვალა და მთელი კონტროლი ეტაპობრივად საკუთარ ხელში მოაქცია. შედეგად, არჩევითმა ორგანოებმა — მთავრობამ და პარლამენტმა — მაღალი სახალხო ნდობის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები თითქმის დაკარგეს. ძალაუფლების ღერძი საბოლოოდ ვიწრო, არაარჩევითი წრისკენ გადაიხარა.
აბსოლუტური ძალაუფლება და შიდა პოლიტიკური კრიზისი
უზენაესი ლიდერის რანგში ხამენეი ერთგვარ "დიდ ძმას" დაემსგავსა. მისი სახე ყველგან ჩანდა: სქელჩარჩოიანი სათვალეებით, თეთრი წვერითა და შავი ჩალმით, რაც, ცხადია, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლობაზე მიანიშნებდა. წლების განმავლობაში მისი და ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა, ანტისამთავრობო განწყობები კი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ჰყავდა მომხრეები, რომლებიც პროსახელმწიფოებრივ აქციებსა და წინასწარ დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობით სასულიერო მმართველობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
მას შემდეგ ხამენეიმ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და ირანის მომავალზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა — იქნებოდა ეს ქვეყნის სადავო ბირთვული პროგრამა თუ დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა. ის არა მხოლოდ ირანის შეიარაღებული ძალების — რეგულარული არმიისა (Artesh) და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) — უმაღლესი მთავარსარდალი გახდა, არამედ სათავეში ჩაუდგა ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძსაც". ეს არის ანტიდასავლური და ანტიისრაელური ალიანსი, რომელიც ლიბანურ "ჰეზბოლას", ღაზის სექტორის ჰამასსა და პალესტინის ისლამურ ჯიჰადს, ერაყელ შიიტურ დაჯგუფებებს, იემენელ ჰუსიტ ამბოხებულებსა და სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს აერთიანებს.
შესაბამისად, მის მმართველობას პირდაპირი გავლენა ჰქონდა რეგიონის დიდ ნაწილზე — ხამენეის ლიდერობით ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ უმსხვილეს სპონსორ სახელმწიფოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ირანის გავლენებმა საგრძნობლად იკლო — 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ჰამასი დაასუსტა და ლიბანში ჰეზბოლას პოზიციები შეარყია, 2024 წელს კი სირიაში ასადის რეჟიმიც საბოლოოდ დაემხო — ირანი მაინც რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩებოდა.
მიუხედავად ამისა, ხამენეიმ მმართველობის დიდი ნაწილი საკუთარი ძალაუფლების დაცვასა და შენარჩუნებას დაუთმო — მას მუდმივად უწევდა ირანელი ხალხის უკმაყოფილებასთან გამკლავება და ირანის პრეზიდენტების პოლიტიკური შეცდომების გამოსწორება. მაგალითად, მოჰამედ ხათამიმ (პრეზიდენტი 1997-2005 წლებში) რეფორმისტული მოძრაობა წამოიწყო, რასაც აშშ-სთან ურთიერთობების ხანმოკლე დათბობა მოჰყვა. თუმცა, ეს პროცესი 1999 წლის სტუდენტურმა გამოსვლამ გადაფარა, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს.
მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხისტი მმართველობის პერიოდი (2005-2013 წლები) საერთაშორისო ასპარეზზე ჰოლოკოსტის უარყოფითა და ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში მაღალგამდიდრებული ურანის წარმოების განახლებით დაამახსოვრდა მსოფლიოს. სწორედ ამ ნაბიჯებმა მოუტანა ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრი და მრავალმხრივი სანქციები. გარდა ამისა, მაჰმუდის პრეზიდენტობა 2009 წლის გაყალბებულ არჩევნებსაც უკავშირდება, რომლის წყალობითაც მან პოსტი მეორე ვადით შეინარჩუნა.
ფოტო: Associated Press / The Spokesman-Review
იმავე წლის ივნისში ქუჩაში მილიონობით უკმაყოფილო ირანელი გამოვიდა. ისინი მწვანე სიმბოლიკითა და პლაკატებით — "სად არის ჩემი ხმა?" — სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ. როგორც წესი, ხამენეი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არ ერეოდა ხოლმე, თუმცა ამჯერად ის ღიად შეეწინააღმდეგა "მწვანე მოძრაობას". ამ პროტესტში მან იმპერიალისტური ძალების მიერ მართული "ხავერდოვანი რევოლუცია" დაინახა, რომლის მიზანიც ისლამური რესპუბლიკის დამხობა იყო. მიუხედავად საერთო იდეოლოგიისა, საბოლოოდ, ხამენეის კეთილგანწყობა აჰმადინეჟადმაც დაკარგა.
სწორედ აჰმადინეჟადის დროს მოიპოვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) უპრეცედენტო გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ ორგანიზაციის მთავარი მოვალეობა ისლამური რესპუბლიკის შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვაა. თავის დროზე ხომეინი მათ პოლიტიკაში ჩარევას უკრძალავდა, თუმცა ხამენეიმ პირიქით — წაახალისა მათი როლი არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ საგარეო ასპარეზზეც (ე.წ. "ყუდსის ძალების" მეშვეობით). საბოლოოდ, გუშაგთა კორპუსი რეპრესიული მანქანის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ბირთვული შეთანხმება, სანქციები და დასავლეთთან დაპირისპირება
ჰასან როჰანის პრეზიდენტობისას (2013-2021 წლები) ირანმა იზოლაციიდან გამოსვლა დაიწყო. სახელმწიფოებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები 2015 წელს ისტორიული "ბირთვული შეთანხმებით" დასრულდა: ირანს ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა, სანაცვლოდ კი ქვეყანას მძიმე სანქციებს მოუხსნიდნენ. ეს გარიგება ვერ შედგებოდა დიპლომატიურ ურთიერთობაში თავად ხამენეის მიერ გამოცხადებული "გმირული მოქნილობის" სტრატეგიის გარეშე. სწორედ ამის შემდეგ, ნიუ-იორკში ვიზიტისას, როჰანი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრო და ბარაკ ობამას ტელეფონით ესაუბრა. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ეს იყო პირველი პირდაპირი კონტაქტი ირანისა და აშშ-ის ლიდერებს შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ ხამენეი ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა — მას ქვეყნის საზღვრები არასდროს დაუტოვებია და არც მედიასთან ჰქონია პირდაპირი კომუნიკაცია. ოპონენტები ამას მისი ავტორიტარული ბუნებით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ ლიდერი თავს ვალდებულად არავის წინაშე თვლიდა.
როჰანის მეორე ვადის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. არაერთი მუქარის შემდეგ, რომ "ბირთვულ შეთანხმებას" დატოვებდა, ტრამპი 2018 წლის მაისში ასეც მოიქცა — აშშ ამ მრავალმხრივი გარიგებიდან გავიდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მიმართ "მაქსიმალური ზეწოლის" სტრატეგია აირჩია: ცალმხრივი სანქციები აღადგინა, გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მომდევნო წელს კი ნავთობის ემბარგოც დააწესა, რამაც სპარსეთის ყურეში ვითარება უკიდურესად დაძაბა. პარალელურად, როჰანის პრეზიდენტობას შიდა პროტესტის ტალღაც მოჰყვა. მათ შორის ყველაზე სასტიკი 2019 წლის ნოემბრის გამოსვლები იყო, რომელიც ისტორიაში "სისხლიანი ნოემბრის" (Aban Khoonin) სახელით შევიდა — მაშინ, ინტერნეტის სრული გათიშვის ფონზე, უსაფრთხოების ძალებმა 1 500 მომიტინგე დახოცეს.
2020 წლის დასაწყისშის "ყუდსის ძალების" მეთაური ყასემ სოლეიმანი ერაყში ვიზიტისას აშშ-მ მოკლა. სულ რამდენიმე დღეში კი გუშაგთა კორპუსმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმავე წელს ირანი ახლო აღმოსავლეთში Covid-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ქვეყანაში დასავლური ვაქცინების შეტანის აკრძალვის გამო, ამ ყველაფერზე გარკვეული პასუხისმგებლობა ხამენეისაც დაეკისრა.
იმავე წელს მან ისლამური რევოლუციის განვითარების ახალი ეტაპი — ინიციატივა "მეორე ნაბიჯი" გამოაცხადა. ხამენეის ხედვით, ისლამურ რესპუბლიკას სათავეში რელიგიური და შედარებით ახალგაზრდა თაობა უნდა ჩასდგომოდა, რომელიც მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას გააგრძელებდა. ამ გეგმას 2020 წლის თებერვალში ირანის გუშაგთა საბჭომაც დაუჭირა მხარი. ეს არის 12-წევრიანი მაკონტროლებელი ორგანო, რომლის ნახევარსაც თავად უზენაესი ლიდერი ნიშნავს და თან კანდიდატების დაბლოკვის უფლება აქვს. საბჭომ არჩევნებიდან დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეები ჩახსნა, რითაც გზა გაუთავისუფლა რადიკალებს, რომლებმაც პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს.
ანალოგიური სცენარი 2021 წლის ივნისშიც გათამაშდა: ფასადური არჩევნების შედეგად, პრეზიდენტის პოსტი რადიკალმა იბრაჰიმ რაისიმ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ისტორიულად დაბალი იყო. ბევრი ვარაუდობდა, რომ სწორედ რაისი გახდებოდა ხამენეის მემკვიდრე, თუმცა ორივე მათგანმა ხალხში ნდობა საბოლოოდ დაკარგა და უკიდურესად არაპოპულარული გახდა.
მსგავსი სცენარი გათამაშდა 2024 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებზეც, თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა: მაისში მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელსაც პრეზიდენტი რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ემსხვერპლნენ, ქვეყანა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიყვანა. ვარაუდობენ, რომ სწორედ საზოგადოებაში არსებულმა მასობრივმა უკმაყოფილებამ აიძულა ხამენეი გუშაგთა საბჭოს მეშვეობით, არჩევნებზე რეფორმისტი კანდიდატი, მასუდ ფეზეშქიანი დაესვა.
ალი ხამენეი (მარცხნივ) და მასუდ ფეზეშქიანი (მარჯვნივ)
ფოტო: Office of the Iranian Supreme Leader
ფეზეშქიანი "უსაფრთხო" კანდიდატად მიიჩნეოდა, რომელიც არსებულ მმართველ სისტემას (ნეზამს) საფრთხეს არ შეუქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანელების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ფეზეშქიანმა მაინც გაიმარჯვა, რამაც ხამენეის პოლიტიკური კურსის შესაცვლელად გარკვეული სივრცე გაუჩინა.
ხამენეი ყოველთვის დარწმუნებით ამბობდა, რომ დასავლეთის მთავარი მიზანი ირანში რეჟიმის შეცვლა იყო — იქნებოდა ეს "ხავერდოვანი რევოლუციის", ეკონომიკური სანქციების თუ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის გზით. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ის იღებდა, სწორედ ამ კონტექსტს ეფუძნებოდა.
2014 წელს ხამენეიმ პროსტატის ოპერაცია გაიკეთა. ათ წელზე მეტია, რაც გავრცელებულია ვარაუდი, რომ მას პროსტატის კიბო ჰქონდა. მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები პერიოდულად ვრცელდებოდა — განსაკუთრებით 2022 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მან საჯარო გამოსვლების სერია შეწყვიტა.
იმავე თვის ბოლოს, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაკავებული ქურთულ-ირანული წარმოშობის ქალი, მაჰსა ჯინა ამინი, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ ირანის 31-ვე პროვინციაში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი გამოიწვია. ეს იყო ხამენეის მმართველობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში რეჟიმისთვის შექმნილი ყველაზე დიდი საფრთხე. საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარი ინციდენტი მკაცრად დაგმო, რაც ნაწილობრივ იმითაც იყო განპირობებული, რომ თეირანი უკრაინასთან ომში რუსეთს იარაღით ამარაგებდა.
ფოტო: AP
პროტესტი, რომელიც "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების" სახელით გახდა ცნობილი, თითქოს დროებით ჩაცხრა. ამას წინ უძღოდა ოთხი მომიტინგის სიკვდილით დასჯა, 500-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და ციხეებიდან გამოსული შემზარავი ცნობები წამებისა და გაუპატიურების შესახებ. ჯამში, არეულობის დროს 60 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 2023 წელს ხამენეის ინიციატივით "ათიათასობით" პატიმარს ამნისტია შეეხო — უფლებადამცველებმა ეს ნაბიჯი პოლიტიკურ მანევრად შეაფასეს, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში მისი დადანაშაულების თავიდან აცილება იყო. მომდევნო წელს გაეროს საგამოძიებო მისიამ დაასკვნა, რომ აჯანყების ჩახშობისას ჩადენილი იყო დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
რეგიონული დაპირისპირება და ირანის კრიზისი ბოლო წლებში
ხამენეი აკონტროლებდა "ბონიადებსაც" — საქველმოქმედო ფონდებს, რომელთა ღირებულებაც ათეულობით მილიარდ დოლარს აღწევს. მისი მმართველობის პერიოდი ირანი სისტემური კორუფციით, გაუმართავი სისტემითა და მზარდი რეპრესიებით ხასიათდებოდა. ქვეყნის შიგნით მის მიმართ და ზოგადად, სასულიერო მმართველობის წინააღმდეგ, წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი და უკმაყოფილება უკვე მძაფრად იგრძნობოდა.
საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ხამენეის პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდა. ამასთანავე, ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა (SCO) და ბრიქსის (Brics) სახელმწიფოთა გაერთიანებას შეუერთდა. ქვეყანამ ჩინეთის მხარდაჭერა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებით მოიპოვა, რუსეთთან კი თავდაცვისა და პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა — სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ამარაგებდა მოსკოვს თეირანი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
მიუხედავად ამისა, ისრაელის მიერ ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ნორმალიზება "აბრაამის შეთანხმების" ფარგლებში, ხამენეის "წინააღმდეგობის ღერძისთვის" სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხამენეიმ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმას მხარი დაუჭირა. ისრაელთან ურთიერთდარტყმების სერიამ, თეირანში ჰამასის ხელმძღვანელობის მკვლელობამ და ჰეზბოლას გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას, ლიკვიდაციამ გააჩინა ვარაუდი, რომ შემდეგი თავად ხამენეი იქნებოდა.
ხამენეი შეეცადა, საკუთარი შეუპოვრობა და "წამებულისთვის" დამახასიათებელი მზაობა დაემტკიცებინა, როდესაც ისრაელზე თავდასხმის წლისთავზე იშვიათი საჯარო გამოსვლა მოაწყო. ხამენეიმ ხელში შაშხანით სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ისრაელზე იერიშს "ლოგიკური, სამართლიანი და საერთაშორისო სამართლით გამართლებული ქმედება" უწოდა. თუმცა, ეს მებრძოლი იმიჯი ხანმოკლე აღმოჩნდა: 2024 წლის დეკემბერში სირიაში მეამბოხეების შეტევამ ასადის რეჟიმი დაამხო — სწორედ ის რეჟიმი, რომელსაც ირანის "გუშაგთა კორპუსი" და მისი მოკავშირეები ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.
მომდევნო წლის დასაწყისში ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, თანაც "მაქსიმალური ზეწოლის" განახლებული სტრატეგიით. იმავე წლის აპრილში აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ამ პროცესში წინსვლა თითქმის არ ყოფილა.
12 ივნისს, ომანში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე, ისრაელმა ირანზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. ეს იერიში დღეს "12-დღიანი ომის" სახელითაა ცნობილი. ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმებს, აშშ-ის მხრიდან ბირთვული ობიექტების დაბომბვა მოჰყვა, რამაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამა "განადგურებულად" გამოაცხადა, 24 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის იძულების შემდეგაც, მან მაინც მიანიშნა, რომ ხელახალი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ამერიკულ დოლართან მიმართებით ირანული რიალის კოლაფსმა ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც მალევე ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. ამან ხამენეის 30-წლიანი მმართველობა კიდევ ერთხელ უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა. 8 იანვარს ქუჩაში ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა გამოვიდა, რაც დამხობილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის მოწოდებამ განაპირობა, რომელმაც ხალხს საკუთარი თავი გარდამავალი პერიოდის ლიდერად შესთავაზა. იმავე დღეს, მას შემდეგ, რაც ხამენეიმ მომიტინგეების დახოცვის ბრძანება გასცა, ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა, რასაც უპრეცედენტო მასშტაბის ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ივნისში აშშ-მა და ისრაელმა საჰაერო იერიშებით ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამის განადგურება სცადეს, ოპერაციამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მომდევნო იანვარს ქვეყანაში ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი დაიწყო. საპროტესტო აქციების დროს, სავარაუდოდ, 30 000-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა — ეს თანამედროვე ირანის ისტორიაში მსხვერპლის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ბირთვულ პროგრამასა და რაკეტების წარმოებაზე ხამენეის დიპლომატებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ მიიჩნია. ახალი ოპერაციის დაანონსებისას კი მან ირანელებს მოუწოდა, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ თავდასხმის დასრულების შემდეგ მართვის სადავეები თავად გადაებარებინათ.
კომენტარები