ლონდონის The Times-თან საუბარში, თავისი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტის, The Chronology of Water განხილვისას, კრისტენ სტიუარტმა თქვა, რომ მსახიობ ქალებს "ძალიან ცუდად ეპყრობიან" და მხოლოდ მაშინ შეიცვალა დამოკიდებულება მის მიმართ, როცა რეჟისორად აღიქვეს.

კრისტენ სტიუარტი Chronology of Water-ის გადასაღებ მოედანზე

ფოტო: MARK CASSAR

"მსახიობ ქალებს როგორც ნაგავს ისე ექცევიან, მართლა ასეა", — ამბობს სტიუარტი — "ხალხს ჰგონია, რომ მსახიობობა ნებისმიერს შეუძლია. მაგრამ როგორც კი პირველად დავჯექი ჩემს ფილმზე სასაუბროდ რეჟისორის როლში, ვიფიქრე, ვაუ, ეს სულ სხვა გამოცდილებაა. ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს".

კრისტენ სტიუარტის სადებიუტო ფილმია Chronology of Water, რომლის პრემიერაც კანში გასულ წელს შედგა

ფოტო: Andrejs Strokins

მან დაამატა: "არსებობს წარმოდგენა, თითქოს რეჟისორებს რაღაც ზებუნებრივი უნარები აქვთ, რაც სიმართლე არ არის. ეს იდეა ძირითადად კაცების მიერაა გავრცელებული. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს სულ ვწუწუნებ, მაგრამ ქალ მსახიობებს უფრო ცუდად ეპყრობიან, ვიდრე კაცებს, მათ მარიონეტებივით ექცევიან, თუმცა არ არიან. იმოჯენმა მთელი სული და გული ჩადო ამ ფილმში."

ფილმს Chronology of Water საფუძვლად უდევს ლიდია იუკნავიჩის ამავე სახელწოდების 2011 წლის მემუარები — ავტორი მათში ემოციურად აღწერს ბავშვობის ტრავმას, ალკოჰოლიზმს და წერას, როგორც გარდამქმნელ ძალას

ფოტო: Andrejs Strokins

სტიუარტმა კარიერა ბინდის ფრენჩაიზში მთავარი როლით დაიწყო, შემდეგ კი არტჰაუს კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა ფილმებით Seberg, Underwater, Spencer და Love Lies Bleeding. მისი სარეჟისორო დებიუტია ფილმი The Chronology of Water, რომლის პრემიერა 2025 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო კინოთეატრებში იანვარში გამოვიდა. ფილმში იმოჯენ ფუთსი ლიდიას როლს ასრულებს, ქალს, რომელიც ცურვით და წერით თავის ტრავმულ წარსულს უპირისპირდება.

კრისტენ სტიუარტი Chronology of Water-ის გადასაღებ მოედანზე

ფოტო: Andrejs Strokins

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტიუარტი ჰოლივუდში ქალების გამოცდილებაზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ, The New York Times-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ კაც მსახიობებს ხშირად "აღმერთებენ თავდაჭერისთვის", მაშინ როცა ქალებს ასეთივე დამოკიდებულება არ ხვდებათ.

"გადაღებამდე ხშირად ხდება ასეთი რამ: თუ [კაცი მსახიობი] შეძლებს, მოწყვლადობიდან ცოტა ხნით გამოვიდეს და კამერის წინ ტირილის დაწყებამდე ტანზე მუშტების ბრახუნით თავი გორილად წარმოაჩინოს, ეს ნაკლებად უხერხულად გამოიყურება", — ამბობს ის — "ამავე დროს, ეს ყველაფერს ჯადოსნურ ტრიუკად წარმოაჩენს, თითქოს ის, რასაც აკეთებ, იმდენად შეუძლებელია, რომ ამას ვერავინ იზამდა."