მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
ფოტო: Getty Images
მენოპაუზა ქალებში მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას ნიშნავს. ამგვარი მნიშვნელობის მიუხედავად, მისი თანმხლები პროცესები სათანადოდ შესწავლილი ჯერ კიდევ არაა. მაგალითად, რა ხდება ამ დროს ადამიანის ტვინში? ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ეს საკითხი გააანალიზეს. მათ მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან, დეპრესიასთან და შფოთვასთან დააკავშირეს.
ავტორებმა ბრიტანეთში მცხოვრები 10 873 ადამიანის ტვინის გამოსახულებები შეისწავლეს. დაადგინეს, რომ პოსტმენოპაუზის მქონე პაციენტების ტვინის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ენტორინალურ ქერქსა და ჰიპოკამპუსში, ნაკლები მოცულობის რუხი ნივთიერება იყო. ეს არეალები ემოციების კონტროლსა და მოგონებების დამახსოვრება-გახსენებაში მონაწილეობს.
გამოიკვლიეს, ცვლის თუ არა უკეთესობისკენ მდგომარეობას ჰორმონების ჩამნაცვლებელი თერაპია (HRT), რომელსაც მენოპაუზის მქონე ქალებს სიმპტომების შესამსუბუქებლად უნიშნავენ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ ასეთი პაციენტების ტვინის ზოგ რეგიონში პირიქით — უფრო ნაკლები რუხი ნივთიერება იყო. ასევე, მათი შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებელიც სხვებისას აღემატებოდა.
ავტორები ხაზგასმით ამბობენ, რომ მათ კვლევას HRT-სა და ტვინის ცვლილებას ან მენოპაუზის სიმპტომებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ გამოუვლენია. აქამდე ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ მენოპაუზამდე და ადრეული პოსტმენოპაუზისას ამგვარი თერაპია შფოთვას ზოგ ქალში მაინც ამცირებს; ახალი შედეგების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს მკურნალობას გადიან, შფოთვა და დეპრესია მეტწილად მანამდეც აწუხებთ.
უცნობია, კონკრეტულად რომელ ჰორმონალურ თერაპიას გადიოდნენ პაციენტები, ეს კი (დოზა,რეჟიმი) ნევროლოგიური ფუნქციების მხრივ მნიშვნელოვანია. HRT-ის ერთ-ერთ დადებით ეფექტად მეცნიერები პოსტმენოპაუზისას ფსიქომოტორულ შენელებაზე, ანუ რეაქციის დროის შემცირების პროცესზე, მის გავლენას ასახელებენ.
გუნდი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, ზემოქმედებს თუ არა მენოპაუზა დემენციისა და, კონკრეტულად, ალცჰაიმერის ჩამოყალიბებაზე. ეს საინტერესოა, რადგან აღნიშნული პრობლემები ქალებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე კაცებში.
მომდევნო ეტაპზე იმის გარკვევას ეცდებიან, თუ რა იწვევს ტვინის რუხი ნივთიერების შემცირებას. მენოპაუზის მქონე ქალებისთვის სპეციალისტების ზოგადი რჩევებია, რომ ივარჯიშონ, ჯანსაღად იკვებონ და დადებითი სოციალური კავშირები შეინარჩუნონ.
ნაშრომი გამოცემაში Psychological Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები