მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს
ფოტო: Wilhelm König
თითქმის საუკუნის წინ ერაყში უჩვეულო არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლის დანიშნულებაზეც მეცნიერები დიდი ხანია დავობენ.
ბევრი მიიჩნევს, რომ ე. წ. ბაღდადის ბატარეა ადრე თიხის დიდი ჯამი იყო, რომელშიც სპილენძისგან დამზადებულ ჭურჭელს ინახავდნენ. ამ უკანასკნელში, სავარაუდოდ, რკინის ჯოხი იყო მოთავსებული. ასეთი განლაგების გამო ზოგი არქეოლოგი ფიქრობს, რომ არტეფაქტი პრიმიტიული გალვანური ელემენტი იქნებოდა. ეს ენერგიის შესანახი მარტივი მოწყობილობაა, რომელიც დასავლურ სამყაროში გაცილებით გვიან გამოჩნდა; იგი ალესანდრო ვოლტამ შექმნა.
ეს ყველაფერი საკმაოდ რთული გადასამოწმებელია, რადგან თავდაპირველი სახით არტეფაქტი 2003 წელს, ამერიკის მხრიდან ერაყზე თავდასხმის შემდეგ, გაქრა. ამის გამო არქეოლოგები ახალი კვლევისას ჭურჭლის რეკონსტრუქციას დაეყრდნენ. ნაშრომს რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.
კვლევის თანახმად, ბაღდადის ბატარეას იმაზე მეტი ძაბვის წარმოქმნა შეეძლო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ავტორთა მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები იმაზე მიუთითებს, რომ თიხის ჭურჭლის ფოროვანი გარეთა ნაწილი ელექტროლიტს (შესაძლოა, თუთქს) ჰაერისგან აცალკევებდა. ეს სისტემა სპილენძის ჭურჭელთან ერთად გარე გალვანურ ელემენტს ქმნიდა.
მეორე მხრივ, შიგნით მოთავსებული რკინის ჯოხი შიდა გალვანური ელემენტი იყო. შედეგად წარმოქმნილ ელექტროქიმიურ სისტემას 1,4 ვოლტი ელექტრობის გენერირება შეეძლო. ეს დაახლოებით იმდენივე ძაბვაა, რამდენიც თანამედროვე AA ბატარეას აქვს.
ზოგი არქეოლოგი მიიჩნევს, რომ სპილენძის ჭურჭელი სამკაულის გალვანიზებისთვის ან მეტალის თხელი ფენით მის დასაფარად გამოიყენებოდა. კვლევის ავტორები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. მათი აზრით, ბაღდადის ბატარეა ფურცელზე დაწერილი ლოცვების "აღსასრულებლად" უნდა გამოეყენებინათ: დაჟანგვის საკუთარი თვალით დანახვა ხალხს იმაში დაარწმუნებდა, რომ ლოცვას მართლაც ჰქონდა ძალა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) არქეოლოგი უილიამ ჰეფორდი ფიქრობს, რომ ეს საერთოდ არ ყოფილა ბატარეა. ჰეფორდი ამ არტეფაქტს უკვე დიდი ხანია იკვლევს. მისი აზრით, ჭურჭელი ლოცვების შესანახად გამოიყენებოდა; ამას არქეოლოგი იმით ასაბუთებს, რომ ბაღდადის ბატარეასთან ახლოს სხვა მსგავსი ნივთებიც იპოვეს, მაგალითად თიხის ჭურჭელი, რომელსაც სპილენძის 10 ნაწილი ჰქონდა. ეს ზედმეტად ბევრია იმისთვის, რომ ჭურჭელს ბატარეის ფუნქცია შეესრულებინა.
ჰეფორდის თქმით, რიტუალი შემდეგნაირი უნდა ყოფილიყო: ლოცვას ჭურჭელში აგდებდნენ, ბიტუმით ხუფავდნენ და მარხავდნენ, თითქოს მათ მიწისქვეშა ღმერთებს აძლევდნენო.
ახალი ნაშრომის წაკითხვა პლატფორმაზე Sino‑Platonic Papers შეგიძლიათ.
კომენტარები