ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ
ფოტო: VICTOR DE SCHWANBERG / SCIENCE PHOTO LIBRARY
ე. წ. განკითხვის დღის საათს, რომელიც მსოფლიოს მდგომარეობას ყოველწლიურად აფასებს, ამჟამად "შუაღამემდე" 85 წამი აკლია. ეს ნიშნავს, რომ გლობალურ კატასტროფამდე ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.
საქმე ისაა, რომ ადამიანები პლანეტას ბევრ საფრთხეს ვუქმნით, რაც, მაგალითად, ბირთვული იარაღებით, კლიმატის ცვლილებითა და ხელოვნური ინტელექტით გამოიხატება.
განკითხვის დღის საათი არაკომერციულმა ორგანიზაციამ, The Bulletin of the Atomic Scientists-მა შექმნა. თავად ორგანიზაცია 1945 წელს მანჰეტენის პროექტის მეცნიერების მიერ დაარსდა. მაშინ საათის შექმნის მიზანი კაცობრიობის ბირთვული ომის საშიშროების შესახებ გაფრთხილება იყო.
1947 წლიდან მოყოლებული, განკითხვის დღის საათი სხვადასხვა საფრთხის გამო ქვეყნიერების აღსასრულთან ჩვენს სიახლოვეს გვაგებინებს. ესაა სიმბოლო, რომელიც ჰიპოთეზურ გლობალურ კატასტროფაზეა ორიენტირებული და საათზე შუაღამის სახითაა წარმოდგენილი.
"ამჟამინდელი ტრაექტორია არასტაბილურია", — ვკითხულობთ მათ მოხსენებაში — "სახელმწიფო ლიდერებმა (განსაკუთრებით, ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის) მართვის სადავეები უნდა აიღონ".
მეცნიერების აზრით, პრობლემას განსაკუთრებით გლობალური პოლიტიკური მდგომარეობა და სახელმწიფოების შესაბამისად შეიარაღება ამწვავებს. მაგალითად, ჩინეთში ბირთვული ქობინებისა და პლატფორმების ზრდა; ასევე, ბირთვული ტექნოლოგიების გაუმჯობესება ამერიკაში, რუსეთსა და ჩინეთში.
მოხსენებაში ის ფაქტიც აღნიშნეს და გააკრიტიკეს, რომ ქვეყნები ბირთვული იარაღების შესამცირებლად ნაკლებად თანამშრომლობენ. მეცნიერების აზრით, შემაშფოთებელია, რომ New START-ს მალე გაუვა ვადა. ეს ბოლო ტრაქტატია, რომელიც აშშ-ს და რუსეთის ბირთვული იარაღების რაოდენობის შეზღუდვას ეხება. მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეიძლება ფეთქებადი ბირთვული ნივთიერებების ტესტირება გააგრძელოს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.
ასევე იხილეთ: მეცნიერთა შეფასებით, ამჟამად ქვეყნიერების აღსასრულთან ყველაზე ახლოს ვართ
ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია კლიმატის ცვლილებაც. მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოები წიაღისეული საწვავის გამოყენების შეწყვეტას საკმარისად არ ცდილობენ. მეცნიერების აზრით, ყურადსაღებია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებზე "თავდასხმაც".
მკვლევრები არასაკმარისად რეგულირებულ ტექნოლოგიებზეც გვაფრთხილებენ, განსაკუთრებით "სარკისებურ სიცოცხლეზე". ეს ქიმიურად სინთეზირებული სიცოცხლის ფორმებია, რომლებიც თითქოს დედამიწაზე ბუნებრივად განვითარებული სიცოცხლის სარკისებური ანარეკლია. ეს საშიში იმიტომაა, რომ შეიძლება ამ ორგანიზმებმა ბუნებრივი მიკრობები ჩაანაცვლონ. ამან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, პანდემიამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ასევე იხილეთ: რა არის სინთეტიკური სიცოცხლე, რომელსაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია?
მოხსენებაში ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული საფრთხეებიცაა განხილული, მაგალითად, როგორ ავრცელებენ ჩატბოტები დეზინფორმაციას ან რამდენადაა AI სახელმწიფოების თავდაცვის სექტორებში ინტეგრირებული.
ავტორები მოხსენების ბოლოს ასკვნიან, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ადვილი არაა, მითუმეტეს, თუ გლობალური მასშტაბით ავტოკრატიის აღზევებას გავითვალისწინებთ. მეცნიერების აზრით, ეს ტენდენცია საერთაშორისო თანამშრომლობასა და შესაბამის სიტუაციებში პასუხისმგებლობის დაკისრებას უშლის ხელს. ამ ყველაფერს იმ ბირთვულ, კლიმატურ თუ ტექნოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ, რომელთა შექცევაც რთულია.
კომენტარები