დედამიწის რომელი წერტილია ვარსკვლავებთან ყველაზე ახლოს? — თუ ევერესტი გგონიათ, ცდებით
ფოტო: Getty Images
ევერესტი დედამიწის უმაღლეს წერტილად მიიჩნევა, მაგრამ, სინამდვილეში, ვარსკვლავებთან უფრო ახლოს სულ სხვა გეოგრაფიული ობიექტია.
ეს ეკვადორში მდებარე ვულკანი ჩიმბორასოა; საქმე ისაა, რომ იგი ჩვენი პლანეტის ბირთვისგან ყველაზე მეტადაა დაშორებული, რადგან ეკვატორის ამობურცულ რეგიონშია განლაგებული. ასე ეწოდება დედამიწის იმ არეალს, რომელიც უფრო ამოზნექილია.
ევერესტი ზღვის დონიდან 8 849 მეტრ სიმაღლეზეა, მის შემდეგ მეორე "რეკორდსმენი" კი K2-ია, რომელიც 8 611 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მათთან შედარებით ჩიმბორასოს მაჩვენებელი — 6 268 მეტრი — ბევრი არაფერია. ის ამ კრიტერიუმით ანდებში რიგით მხოლოდ 37-ე ადგილზეა, თუმცა სხვებისგან მაინც გამორჩეულია.
დედამიწა იდეალურად მრგვალი არაა, არამედ ე.წ. შეზნექილი (პოლუსებთან) ელიფსოიდია: წარმოიდგინეთ ბურთი, რომელიც ოდნავ "დაჭყლეტილია", რის შედეგადაც მისი ცენტრალური გარშემოწერილობა (ეკვატორის გასწვრივ) უფრო დიდია. ჩვენი პლანეტის შემთხვევაში ამას ბრუნვის ცენტრიდანული ძალა იწვევს.
ევერესტი ეკვატორისგან მოშორებით მდებარეობს, ნეპალსა და ჩინეთს შორის არსებულ 28° ჩრდილოეთ განედზე. მეორე მხრივ. ჩიმბორასო ეკვატორს თითქმის ზუსტად ემთხვევა, რადგან 1°-ით სამხრეთითაა განლაგებული, ყველაზე ამოზნექილ რეგიონთან ძალიან ახლოს. ეს მას დედამიწის ცენტრიდან ყველაზე მეტად დაშორებულ წერტილად აქცევს.
1800-იან წლებში გერმანელმა მკვლევარმა, ალექსანდერ ჰუმბოლდტმა, ამ ვულკანზე ასვლა სცადა. ამის მიუხედავად, მასა და მის გუნდს ცხვირიდან სისხლდენა, გულისრევა და სიმაღლის დაავადების სხვა სიმპტომები დაეწყო. რეალურად, აღნიშნული ვულკანის დალაშქვრა დაახლოებით 2 კვირაშია შესაძლებელი, ევერესტზე კი მხოლოდ აკლიმატიზაციას 6 კვირა სჭირდება. მანამდე მთის ძირში მისვლას 10 დღეს ანდომებენ, ხოლო მწვერვალზე ასვლას — 7-9 დღეს.

კომენტარები