NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
ფოტო: Getty Images
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) ავტომატიზებული თავდაცვითი ზონის შექმნას აპირებს, რათა ევროპის საზღვრები რუსეთის პოტენციური შეტევებისგან დაიცვას. საამისოდ NATO მოწინავე ტექნოლოგიებს გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და რუმინეთი ამ სისტემის დამონტაჟებას უკვე განიხილავენ.
NATO რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებზე ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს, ამისათვის კი სათვალთვალო ქსელებს, ასევე დისტანციური მართვის ანდა ნახევრად ავტომატიზებულ სისტემებს გამოიყენებს. ამ ყველაფრის მიზანი ისაა, რომ პოტენციური შეტევები საწყის ეტაპზევე დააფიქსირონ.
ავტომატიზებული სისტემა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე იმუშავებს. მას სენსორები ექნება, რომლებიც საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში თავდაცვას გააქტიურებს, მაგალითად: დრონებს, სახმელეთო რობოტებს, ავტომატურ საჰაერო თავდაცვასა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს. აღსანიშნავია, რომ თუ ლეტალურ იარაღებს გამოიყენებენ, ეს აუცილებლად ადამიანის გადაწყვეტილება იქნება და არა რობოტის.
სენსორები რამდენიმე ათას კილომეტრზე იქნება განთავსებული — როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში, კოსმოსსა და კიბერსივრცეშიც კი. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში სენსორები ამას რეალურ დროში შეატყობინებს NATO-ს წევრ ყველა ქვეყანას.
პოლონეთი კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ემზადება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, ევროპის მასშტაბით ეს დრონების საწინააღმდეგო უდიდესი სისტემა იქნება. მან ამის შესახებ Gazeta Wyborcza-თან ინტერვიუში განაცხადა.
კოსინიაკ-კამიშს არც გარიგების ღირებულება დაუსახელებია და არც კონსორციუმი, რომელიც თვის ბოლოს ამ კონტრაქტს მოაწერს ხელს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გარიგება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკას მოიცავდა. მისი თქმით, შენაძენი "სასწრაფო ოპერაციულმა მოთხოვნამ" განაპირობა.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტულად პოლონეთი და რუმინეთი შეიარაღების AI-ზე მომუშავე სისტემაზე მუშაობენ. ზოგი წყაროს თანახმად, მსგავსი გეგმები დანიასაც ჰქონდა.
სავარაუდოდ, NATO-ის შექმნილი სისტემა ქმედითუნარიანი 2027 წლის ბოლოსთვის გახდება.
კომენტარები