რუსეთში LGBTQ+ ცენზურის მიუხედავად, Heated Rivarly პოპულარული სერიალია
HBO-ს სერიალი Heated Rivalry
კანადურმა დრამამ Heated Rivalry, რომელიც ორი ჰოკეისტის ფარულ ქვიარ რომანს ასახავს და რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უამრავი ფანი ჰყავს, მოულოდნელ წარმატებას მიაღწია რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ სერიალი იქ ოფიციალურ სტრიმინგზე ხელმისაწვდომი არ არის და LGBTQ+ კონტენტი მკაცრად იკრძალება.
შეინ ჰოლანდერი და ილია როზანოვი პროფესიონალი ყინულის ჰოკეის მოთამაშეები არიან, რომლებიც ერთმანეთის მეტოქე გუნდებში თამაშობენ და მათ შორის ფარული სექსუალური ურთიერთობა ვითარდება, რომელიც წლების განმავლობაში ჰოკეის კარიერასთან ერთად პერიოდულად გრძელდება.
ჰადსონ ვილიამსი, მარცხნივ, შეინ ჰოლანდერის როლში და კონორ სტორი ილია როზანოვის როლში სერიალში Heated Rivalry
ფოტო: HBO
დასავლური სტრიმინგპლატფორმების უმეტესობამ რუსეთში საქმიანობა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეწყვიტა, ხოლო რუს დისტრიბუტორებს იშვიათად ეძლევათ ახალი დასავლური პროექტების უფლებები. მიუხედავად ამისა, სერიალი ფართოდ ვრცელდება სუსტი ან პრაქტიკულად არარსებული ანტიპირატული კონტროლის წყალობით. ქვეყანაში, სადაც LGBTQ+ მოძრაობა კანონით "ექსტრემისტულად" არის გამოცხადებული, Heated Rivalry მაინც მთავარი განხილვის საკითხია.
Kinopoisk-ზე, რუსეთის IMDb-ის ანალოგზე, Heated Rivalry-ს საშუალო შეფასება 10-დან 8.5 აქვს და 40 000-ზე მეტ ხმას აერთიანებს, რაც მას ისეთ ფავორიტებზე მაღლა აყენებს, როგორებიცაა Game of Thrones, Breaking Bad და The Sopranos. შედარებისთვის, The Sopranos-ს ამავე ვებგვერდზე დაახლოებით 55 000 ხმით 8.2 ქულა აქვს.
ფარული ურთიერთობა და ილია როზანოვი
HBO/Crave-ის დრამა, რომელიც კანადელი ავტორის, რეიჩელ რეიდის წიგნებს ეფუძნება, მოგვითხრობს რუს და კანადელ ჰოკეისტებს შორის მრავალწლიან საიდუმლო ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არც HBO და არც Crave ხელმისაწვდომი არ არის, ინტერნეტში სწრაფი ძიება უამრავ პირატულ საიტს აჩვენებს, სადაც სერიალის ყველა ეპიზოდია განთავსებული; ასევე ფართოდ ვრცელდება VKontakte-ზე (ფეისბუქის რუსულ ანალოგზე).
რუსეთში განხილვების დიდი ნაწილი კონცენტრირდება პერსონაჟ ილია როზანოვზე, რუს ჰოკეისტზე, რომლის დაძაბული ურთიერთობა საკუთარ სამშობლოსთან ბევრ მაყურებელს საკუთარ ცხოვრებას ახსენებს. ამ პერსონაჟს საკუთარი ქვეყანა სრულად არასდროს მიიღებდა და არც უფლებას მისცემდა, ღიად ეცხოვრა სხვა მამაკაცთან ურთიერთობაში.
ილია პატრიარქალურ ოჯახში გაიზარდა, რომელსაც ძალოვან სტრუქტურებთან ღრმა კავშირები აქვს, ეს რეალობა, ბევრი რუსი მაყურებლისთვისაა ნაცნობი. მისი ავტორიტარი მამა მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერია, ძმა კი პოლიციელი. სერიალში მამა ილიას წარუმატებელი თამაშის გამო ამცირებს, მოგვიანებით კი ძმა მას ჰომოფობიურ შეურაცხყოფას აყენებს. ახალგაზრდა ჰოკეისტზე უზარმაზარი ზეწოლაა, არ შელახოს ოჯახის სახელი და ქვეყნის იმიჯი.
რუსმა მაყურებლებმა განსაკუთრებით იგრძნეს მისი შინაგანი განცდა, რომ სამშობლო მას სრულად ვერასდროს მიიღებდა და არც ბისექსუალად ღიად ცხოვრების უფლებას მისცემდა. ილიას მეშვეობით სერიალი გამოხატავს კონფლიქტს, რომელიც რუსულ მედიაში პრაქტიკულად არასდროს არის ნაჩვენები, ბრძოლას, რომელიც იძულებითი ფარულობის პირობებში ათიათასობით LGBTQ+ ადამიანს უწევს.
რუსეთი და LGBTQ+ კანონები: თანმიმდევრული აკრძალვა
რუსეთში LGBTQ+ იდენტობის ნებისმიერი საჯარო გამოვლენა ან უფლებების დაცვაზე საუბარი ფაქტობრივად აკრძალულია 2023 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც "საერთაშორისო LGBT მოძრაობა" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ზუსტად ისეთივე სტატუსით, როგორიც ალ-ქაიდას აქვს. თუმცა ეს გადაწყვეტილება ერთჯერადი ნაბიჯი არ ყოფილა და მას ათწლეულზე მეტი ხნის საკანონმდებლო წინაისტორია აქვს. სახელმწიფო ნარატივივი "LGBT მოძრაობას" წარმოაჩენს როგორც ფარულ ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს რუსების გადაბირებას დასავლური ცხოვრების წესისკენ და ამიტომ მასთან ბრძოლა აუცილებელია.
"გეი პროპაგანდის" პირველი კანონები 2013 წელს მიიღეს, აიკრძალა "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" შესახებ ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი კონტენტი, რომელიც ბავშვებს "გენდერის შეცვლისკენ" უბიძგებდა.
უკვე 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის პერიოდში, ეს კანონები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ამ დროს დაიწყო LGBTQ+ თემის სისტემური გაქრობა საჯარო სივრციდან, ეს რეალობა სერიალშიც აისახება: ერთ ეპიზოდში დასავლელი სპორტსმენები რუსეთის ახალ დისკრიმინაციულ კანონებზე საუბრობენ, რაც ილია როზანოვის ისტორიას არა მხოლოდ სოციალურ სტიგმად, არამედ პირადი უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხედ წარმოაჩენს.
კონორ სტორი ილია როზანოვის როლში სერიალში Heated Rivalry
ფოტო: Sabrina Lantos/HBO
შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი 2022 წელს დადგა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ პერიოდში "გეი პროპაგანდის" განმარტება არასრულწლოვნებიდან სრულწლოვნებზეც გავრცელდა, ხოლო ჯარიმები პრაქტიკულად LGBTQ+ იდენტობის ნებისმიერ საჯარო გამოვლინებას დაუწესდა. აღსრულება ხშირად აბსურდულიდან დისტოპიურამდე მერყეობს — გეი ისტორიული ფიგურების ბიოგრაფიები შავად ამოშლილი ტექსტებით იყიდება, პოლიცია კი რეიდებს ატარებს LGBTQ+ მეგობრულ ბარებსა და კლუბებზე.
ამ პროცესს ღიად იცავს რუსეთის ხელისუფლებაც. 2022 წლის ბოლოს დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა: "ეს გადაწყვეტილება დაიცავს ჩვენს ბავშვებს, ქვეყნის მომავალს, იმ სიბნელისგან, რომელსაც აშშ და ევროპა ავრცელებენ. ჩვენ გვაქვს საკუთარი ტრადიციები და ღირებულებები".
სერიალზე რეაქციები
მიუხედავად მკაცრი კანონებისა, სერიალს რუსეთში აქტიური ონლაინ სიცოცხლე აქვს. რუსულ სოციალურ ქსელებში სერიალისადმი მიძღვნილი ფან-ჯგუფები ათიათასობით მომხმარებელს აერთიანებს, ხოლო ბოლო კვირებში ინსტაგრამზე სერიალის ქებით სავსე ვიდეოები აქტიურად ვრცელდება. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ილიას მონოლოგმა, სადაც ის ხსნის, რატომ აღარ დაბრუნდება რუსეთში: იცის, რომ ოჯახისთვის იმედგაცრუებად დარჩება და საზოგადოება მას სამუდამოდ გარიყულად მონათლავს.
"თუ რუსეთში ღიად ცხოვრობ როგორც გეი მამაკაცი, მუდმივი ზეწოლისა და შიშის ქვეშ ხარ. თავისუფლად ცხოვრებისთვის ერთადერთი რეალური გზა წასვლაა", — ამბობს მოსკოველი მოქალაქე, რომელმაც უსაფრთხოების გამო Washington Post-თან ანონიმურად ისაუბრა.
ამ განცდას იზიარებს მიხაილ ზიგარიც, ცნობილი რუსი ავტორი და ჟურნალისტი, რომელიც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს. Vanity Fair-ში გამოქვეყნებულ ესსეში ის წერს, რომ ილია მისთვის ძალიან ნაცნობი პერსონაჟია: "სინამდვილეში, მე ბევრი ასეთი ადამიანი ვიცნობ. შეიძლება ითქვას, რომ ერთ დროს მეც ის ვიყავი. საბჭოთა კავშირის ბოლოს დავიბადე, იმ დროს, როცა ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაული იყო… თავიდანვე ცხადი იყო, რომ გეიდ ყოფნა რუსეთში ნიშნავდა გარიყულობას, წყევლას და არანაირ შანსს".
ცენზურა წიგნებიდან ეკრანებამდე
სერიალის პოპულარობამ რუსეთში მისი ინტერნეტიდან სრულად ამოღების მოთხოვნებიც გააჩინა. კონსერვატიულმა მართლმადიდებლურმა ჯგუფმა, რომელიც "ტრადიციული ღირებულებების" დაცვის კამპანიას აწარმოებს, განაცხადა, რომ მიმართავს Roskomnadzor-სა და გენერალურ პროკურატურას იმ ვებგვერდების დასასჯელად, რომლებიც სერიალს ავრცელებენ.
"სერიალი სავსეა სოდომური სექსის სცენებით… ახალგაზრდობას აჩვენებენ არაბუნებრივი გარყვნილების პროპაგანდას", — განაცხადა ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი სოლდატოვმა და დასძინა, რომ მოითხოვენ არა მხოლოდ სერიალის წაშლას, არამედ იმ პლატფორმების დასჯასაც, რომლებიც მას კვლავ განათავსებენ. ქვიარ ან სხვა "საკამათო" სცენები რეგულარულად იჭრება ფილმებიდან და სერიალებიდან, ხოლო პირატული კონტენტის რუსულენოვანი დუბლაჟის სტუდიებიც კი ხშირად ცვლიან სცენარებს სენსიტიური თემების ასარიდებლად.
ჰადსონ ვილიამსი, მარცხნივ, შეინ ჰოლანდერის როლში და კონორ სტორი ილია როზანოვის როლში სერიალში Heated Rivalry
ფოტო: Crave/AP
ცენზურა ტელევიზიასაც გასცდა. 2025 წელს რუსეთის უმსხვილეს გამომცემლობასთან, Eksmo-სთან დაკავშირებული რამდენიმე მენეჯერი LGBTQ+ პროპაგანდაში დაადანაშაულეს ქვიარ თემატიკის წიგნების გამოცემის გამო. ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა Popcorn Books-ისა და Individuum-ის სამი ხელმძღვანელი შინაპატიმრობაში დარჩა. მალევე Eksmo-მ Popcorn Books-ის დახურვა გამოაცხადა — გამომცემლობა მკითხველებს ემოციური განცხადებით დაემშვიდობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღსრულება ხშირად აბსურდულიდან დისტოპიურამდე მერყეობს, გეი ისტორიული ფიგურების ბიოგრაფიები შავად ამოშლილი ტექსტებით იყიდება, პოლიცია კი რეიდებს ატარებს LGBTQ+ მეგობრულ ბარებსა და კლუბებში.
1-ელი მარტიდან რუსეთში ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც კრძალავს ფილმებს, რომლებიც "ტრადიციული ღირებულებების დისკრედიტაციას" ან ნარკოტიკების მოხმარებას "პროპაგანდას" უწევს. 2025 წელს Roskomnadzor-მა 1.3 მილიონი ერთეული კონტენტი დაბლოკა — 59 პროცენტით მეტი, ვიდრე 2024 წელს; დაბლოკილ მასალებს შორის მეორე ადგილზე LGBTQ+ კონტენტი აღმოჩნდა, რომლის შეზღუდვაც 269 პროცენტით გაიზარდა.
კომენტარები