თანამედროვე სამყაროში თაღლითური სქემები იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ მათი ამოცნობა ხშირად რთულია. თაღლითები იყენებენ როგორც ფინანსურ მახეებს — მაგალითად, გპირდებიან მცირე ინვესტიციებით დიდი თანხის მოგებას — ისე ტექნიკურ ხრიკებს, ყალბ გათამაშებებს, "სამუშაო ვიზებით" მანიპულირებას, რათა მომხმარებლების პერსონალური მონაცემები სხვადასხვა მეთოდით მოიპოვონ.

დღევანდელობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ეს სქემები და რა ნაბიჯები დაგვეხმარება მათგან თავის დასაცავად.

ყალბი ინვესტიციები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემა მცირე ინვესტიციით დიდი თანხის მოგების დაპირებაა. თაღლითები მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ სრულიად მოულოდნელად, მიზერული თანხის ჩადებით — მაგალითად, კრიპტო ინვესტიციებში — დიდ მოგებას მიიღებენ.

ფოტო: Freepik

პირველ ეტაპზე, ნდობის მოსაპოვებლად, თაღლითები მართლაც აძლევენ მსხვერპლებს მცირე რაოდენობის თანხას. მაგრამ როგორც კი მსხვერპლი მიიჩნევს, რომ სქემა რეალურია და გადარიცხავს უფრო დიდ თანხას, თაღლითი უგზო-უკვლოდ იკარგება.

მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით აქტუალურია Telegram-ზე, WhatsApp-სა და Viber-ში, სადაც უცხო პირები პირდაპირ სთავაზობენ ადამიანებს "საბაზრო შესაძლებლობებს" და თანხის სწრაფად გამომუშავების გზებს, რაც უკვე თავისთავად საეჭვოა.

რეკომენდაცია:

  • თუკი გადაწყვეტთ, რომ თქვენი თანხა ინვესტიციებში ჩადოთ, გადაამოწმეთ, რამდენად სანდოა ეს პლატფორმა.
  • გადაამოწმეთ პლატფორმის რეპუტაცია, როგორი ისტორია აქვს მას, ჰყავს თუ არა რეალური მომხმარებლები.
  • თუკი Telegram-ზე, WhatsApp-სა ან Viber-ში უცხო ადამიანმა მოგწერათ ისეთი შინაარსის შეტყობინება, სადაც ის "რამდენიმე ათეულობით ან ასეულობით ლარით დიდი ოდენობის ფულს გაშოვნინებთ" ცალსახაა, რომ ის თაღლითია. ამიტომ, არ ენდოთ ბრმად ასეთ ადამიანებს.
  • თუკი შეტყობინება კომპანიისგან მიიღეთ, აუცილებლად დარწმუნდით მის სანდოობაში.

ყალბი გათამაშებები

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება გათამაშებები, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს რეალურ პრომო აქციებს. თაღლითები, ნდობის მოპოვების მიზნით, ხშირად იყენებენ ბანკის მობილური აპლიკაციის ყალბ სქრინშოთებს, თითქოს გამარჯვებულებს მოგებული თანხა ჩაერიცხათ ან დამსახურებული პრიზი უკვე მიიღეს.

ფოტო: ShutterStock

მომხმარებელი, რომელიც ასეთ პოსტს ენდობა, ბმულზე გადასვლისას აღმოჩნდება უცხო თამაშების ან გადახდის ვებგვერდებზე, სადაც მას ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. საბარათე მონაცემების მითითების შემდეგ თაღლითები წვდომას იღებენ მომხმარებლის ანგარიშზე.

რეკომენდაცია:

  • გადაამოწმეთ სოციალურ ქსელებში რამდენად სანდოა გვერდი.
  • დააკვირდით პოსტში არსებულ გრამატიკულ შეცდომებს — კომპანიის გათამაშებებისთვის განსათავსებელი პოსტები უამრავ სარედაქციო პოლიტიკას გადის, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალური გათამაშების პოსტში შეცდომები იპოვოთ.
  • ყურადღება მიაქციეთ იმ ვებგვერდს, რომელშიც მონაცემები შეგყავთ — ნამდვილია ეს საიტი? ყალბ ვებგვერდებზე ასოები ხშირად ზედმეტია ან, პირიქით, ნაკლები, მაგალითად, "amaz0n.com".
  • გადაამოწმეთ კომპანიის "გათამაშება" ვებგვერდზე.

ყალბი დასაქმების სქემა

სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით Whatsapp-ისა და Telegram-ის პლატფორმაზე გავრცელებულია ჯგუფები, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ ე.წ. "სამსახურს" — მცირე გასამრჯელოს მიღების პირობით, სადაც მათ სხვადასხვა ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ევალებათ.

ფოტო: Plooto

სინამდვილეში, თაღლითები ადამიანებს "შავი" ფულის გადარიცხვისთვის შუამავლად იყენებენ. მოტყუებული ადამიანები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამ გზით ჩართულები არიან უკანონო ტრანზაქციებში, რაც არა მხოლოდ სამართლებრივ რისკებს ქმნის, არამედ მათ თაღლითობის მსხვერპლად აქცევს. დიდი შანსია, რომ ამ ადამიანებმა დაპირებული თანხა საერთოდ ვერ მიიღონ და საკუთარი ანგარიშებიც დაებლოკოთ.

რეკომენდაცია:

  • არ ჩაერთოთ ისეთ სქემაში, რომელშიც არაფრის კეთების სანაცვლოდ, თანხის გადახდას გთავაზობენ

ყალბი "სამუშაო ვიზა"

საქართველოში ემიგრაციის მზარდი ტენდენციის ფონზე უამრავი ადამიანი აქტიურად ეძებს დასაქმების შესაძლებლობებს ევროპაში, რამაც თაღლითებისთვის ახალი სქემა შექმნა. სწორედ ამ ინტერესზე თამაშობენ ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს "დახმარებასა" და "სწრაფ სამუშაო ვიზას" ჰპირდებიან.

ისინი მსხვერპლს უკავშირდებიან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით და სთხოვენ, რომ ტელეფონში კონკრეტული აპლიკაცია გადმოწერონ, თითქოს დოკუმენტაციის ან გადახდების გასამარტივებლად.

სინამდვილეში, აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ თაღლითები იღებენ წვდომას მომხმარებლის ტელეფონში არსებულ მონაცემებზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც მარტივდება თანხების მოპარვა.

რეკომენდაცია:

  • არ ენდოთ ბრმად უცხო პირებს.
  • გადამოწმების გარეშე არ დააყენოთ აპლიკაცია ტელეფონზე და არ მიჰყვეთ მათ მითითებებს.  

ტრადიციული ფიშინგი

ყალბი გათამაშებების სქემის მსგავსად, ტრადიციულ ფიშინგსაც სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით. ვხვდებით პოსტებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ბანკის ოფიციალურ გათამაშებსა თუ საჩუქრებს.

ფოტო: ShutterStock

თაღლითები იყენებენ ბანკის ლოგოსა და ვიზუალურ სტილს, რათა პოსტი მეტად რეალისტური და სანდო იყოს. ბმულზე გადასვლის შემდეგ მომხმარებელი გადადის ბანკის საიტის მსგავს, იდენტურ გვერდზე, სადაც მას სთხოვენ ციფრულ არხებზე შესასვლელ მონაცემებსა და ბარათის დეტალებს. ეს ინფორმაცია კი თაღლითებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეუმჩნევლად მიიღონ წვდომა მომხმარებლის ფინანსებზე.

რეკომენდაცია:

  • გადაამოწმეთ, რამდენად სანდოა გვერდი
  • ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდებს, რომლებშიც მონაცემები შეგყავთ — ნამდვილად რეალურია ის საჩუქრები, რომლებსაც გთავაზობენ?
  • ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაამოწმეთ შესაძლო "გათამაშებაზე" ინფორმაცია. ნამდვილად ჭეშმარიტია ის საჩუქრები, რომლებსაც გვთავაზობენ?

პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სქემა, რომელშიც თაღლითები სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებით უკავშირდებიან მომხმარებლებს — ხშირად გათამაშებაში მიღებული პრიზების გადაცემის მიზნით — და სთხოვენ პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას.

ისინი ითხოვენ არა მხოლოდ სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერსა და მისამართს, არამედ პირადობის მოწმობის ნომერს, მის ფოტოს და თავად მომხმარებლის ფოტოს პირადობის მოწმობასთან ერთად.

ფოტო: ShutterStock

ასეთი მონაცემები თაღლითებს საშუალებას აძლევს, მსხვერპლის სახელით დარეგისტრირდნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, გამოიყენონ მისი პირადი ინფორმაცია და შეასრულონ მავნე ტრანზაქციები, "მოპარული იდენტობის" გამოყენებით.

რეკომენდაცია:

  • ჩვენი რეკომენდაცია მარტივი და ლაკონიურია — არ გაუზიაროთ უცხო ადამიანებს თქვენი პირადი მონაცემები.

თქვენც რომ არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია ყოველთვის გადაამოწმოთ ინფორმაციის წყარო, არასოდეს შეიყვანოთ პირადი და ფინანსური მონაცემები საეჭვო ბმულებზე, არ გაუზიაროთ პირადი მონაცემები უცხო ადამიანებს და გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია.