თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან კახა კალაძემ, პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა და ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გუგავამ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საარჩევნო პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტის მიზანია მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებაში დაეხმარნონ. კითხვარი უკვე შეავსო 8 ათასზე მეტმა ადამიანმა.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები მას ობიექტურ ტენდენციებს არ აჩვენებს და მასში მონაწილეობაზე უარიც ამ მიზეზით თქვა.

"არ მივიჩნევ, რომ ეს რაღაცას შემმატებდა. მირჩევნია, რომ დრო დავუთმო ხალხთან შეხვედრებს, ცოცხალ კომუნიკაციას. ახლაც ბაკურიანში და ცემში ვარ. ის, რომ ინტერნეტში რაღაცა კითხვებს პასუხი გავცე - მე ამას ეთერში ვაკეთებ ისედაც. ბევრი დრო იკარგება მაგაში. ვიღაცას პროექტი აქვს გაკეთებული და გრანტს იღებს და მე არ მაქვს მაგდენი დრო რომ ასე ვკარგო", - განუცხადა ინაშვილმა On.ge-ს.

On.ge-მ სცადა ლეიბორისტული პარტიისა და ქართული ოცნების პრესსამსახურებიდანაც სცადა მიეღო ინფორმაცია, რატომ თქვეს უარი თბილისის მერობის მათმა კანდიდატებმა კითხვარის შევსებაზე. გიორგი გუგავა შეხვედრაზე იყო, კახა კალაძის პრესსამსახურმა კი სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ორთვიანი კომუნიკაციის მიუხედავად, კალაძე On.ge-საც უარს ეუბნება ინტერვიუზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მეორე წელია ამომრჩეველს კითხვარს სთავაზობს, რაც მათ მოსაზრებებით ყველაზე ახლოს მდგომ კანდიდატის დადგენაში ეხმარება. წელს კითხვარი მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატებზეა შედგენილი და სხვა თვითმმართველი ქალაქის ამომრჩეველი ვერ გაარკვევს მისი ქალაქის მერობის რომელი კანდიდატის შეხედულებაა მასთან ყველაზე ახლოს.

ოთხენოვანი (ქართული, რურული, აზერბაიჯანული, სომხური) ვებგვერდი Chemikhma.ge საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ომედიამ დაუმზადა.