როგორ ახადა ფარდა მსოფლიო ოკეანეს პირველმა სიღრმითმა რუკამ
ეს ხელით შექმნილი რუკა, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი სურათი, მან ჩვენი ცნობიერება შეცვალა
1977 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფებმა, მარი თარპმა და ბრიუს ჰიზენმა, შეძლეს შეექმნათ ოკეანის ფსკერის რუკა, რაც სამეცნიერო და შემოქმედებითი თვალსაზრისით რევოლუციური მიღწევა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე მსგავსი რუკა არ არსებობდა, ისტორიაში პირველად, ჩვენი პლანეტის უდიდეს დაფარულ ნაწილს აეხადა ფარდა. რუკაზე, თითქოს დედამიწიდან წყალი გამქრალია და თვალნათლივ ვხედავთ ზღვებისა და ოკეანეების კომპლექსურ რელიეფს, თავისი დაბლობებით, ქედებით, ციცაბო ესკარპებითა და კლიფებით. შესაძლებელი გახდა შუაოკეანური ქედების, დედამიწის უდიდესი მთათა სისტემის დანახვაც, რომლის სიგრძეც 65 ათას კილომეტრამდეა. მისი დაკლაკნილი ქედები კარგად ჩანს ატლანტის ოკეანეში, საიდანაც გარს უვლის კეთილი იმედის კონცხს აფრიკის რქამდე, შემდეგ კი უკვე დასავლეთით მიემართება და მთლიანად კვეთს სამხრეთ ოკეანეს.
თარპმა და ჰიზენმა ოკეანის ცალკეული ნაწილების დარუკვა 1952 წელს დაიწყეს და თავიდანვე უამრავ სირთულეს წააწყდნენ. უმთავრესი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ხილვადობა აღმოჩნდა, რის საშუალებასაც წყალი არ იძლეოდა. ასევე პრობლემას წარმოადგენდა მონაცემების სიმცირე. თარპმა რუკის შექმნა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთიდან, ბგერითი ზონდირებით მოპოვებული მონაცემების გამოყენებით დაიწყო. ექსპედიციაში ჩართული სავაჭრო გემები, ატლანტის ოკეანში, ხმოვან სიგნალებს ჰიდროლოკატორების მეშვეობით აკვირდებოდნენ და ფსკერის სიღრმეს ასხლეტილი ექოების გაზომვით ადგენდნენ. თუმცა, თარპს მთელი ოკეანის მხოლოდ მცირე ნაწილზე, ექვს სამარშრუტო მონაკვეთზე, შეეძლო დაკვირვება, რომლებსაც მოგვიანებით - „სინათლის ექვსი ზოლი“ უწოდა.
მოგვიანებით, მონაცემების ანალიზისას, მან გარკვეული უცნაურობა შენიშნა, რამაც მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა დედამიწის შესახებ - შუაატლანტიკურ ქედს რღვევის კვალი, ნაპრალი მიუყვებოდა. მიუხედავად ნაპრალის გიგანტური ზომისა, (გარკვეულ ადგილებში იგი გრანდ კანიონზე განიერია) მის შესახებ მეცნიერებისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი. აღმოჩენა რთული დასაჯერებელი იყო ჰიზენისთვისაც, რომელმაც მხოლოდ მას შემდეგ ირწმუნა, რაც აღმოჩნდა, რომ ნაპრალი ზუსტად ემთხვეოდა სეისმურად აქტიურ ზონებსა და დაფიქსირებული მიწისძრების ჯაჭვს. შედეგად კონტინენტების დრეიფის თეორია, რომელიც აქამდე ლამის აბსურდად მიიჩნეოდა, ფუნდამენტურ ფაქტად იქცა - ახლა უკვე უდავო იყო, რომ ამ მონაკვეთში, ოკეანის ფსკერი ერთის მხრივ იზრდებოდა ვერტიკალურად და ამავდროულად იყოფოდა ორად.
„ეს პარადიგმის უდიდესი ცვლა იყო,“ ამბობს რობინ ბელი, გეოფიზიკის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში. „ახლა ცნობილია ამ მთების არსებობის მიზეზი. ეს ჯადოსნური ადგილია, საიდანაც ლონდონი და ნიუ იორკი, თვეში დაახლოებით 3 მილიმეტრით შორდება ერთმანეთს.“ ამ აღმოჩენით უკვე შეგვიძლია ავხსნათ თუ რატომ ერგება ფაზლის ნაწილებივით სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ატლანტიკური სანაპიროები ერთმანეთს და თუ რატომ არის ბერმუდა უფრო ძველი ვიდრე აზორის კუნძულები. „ეს ყველაფერი არ იყო შემთხვევითი,“ ამბობს ბელი, „მას თავისი ისტორია აქვს.“
მარი თარპმა კი იცოდა თუ როგორ ეჩვენებინა ეს ისტორია. ოკეანის ფსკერის კონტურული რუკები ადრეც არსებობდა, რომელზეც თანაბარი სიმაღლეების აღმნიშვნელი წერტილები, ერთმანეთთან წრეებით იყო მიერთებული. მაგრამ თარპმა შექმნა ფიზიოგრაფიკული დიაგრამები - რუკები რომლებიც გვიჩვნებს თუ როგორია წყალქვეშა რელიეფი თუკი მას ზემოდან დავხედავთ. რეზულტატს მან გეოგლოგიური და მათემატიკური ცოდნის დახმარებით მიაღწია, როდესაც მოპოვებული მონაცემების გაანგარიშებით, შეძლო ევარაუდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ოკეანის ფსკერი „სინათლის ზოლებს შორის.“ მოგვიანებით კი არაერთხელ დამტკიცდა, რომ მისი ეს ვარაუდი დიდწილად სწორია.
მარი თარპი, ეს შეუპოვარი, ერთადერთი მეცნიერი ქალი ოკეანოგრაფიის მამაკაც თანამშრომლებს შორის, თანაბრად იყო შეპყრობილი იმ ხელოვნებითა და მეცნიერებით, რომელსაც ქმნიდა. 1961 წელს, როდესაც იგი Williams & Heintz-ის გამომცემლობაში იმყოფებოდა, სადაც იბეჭდებოდა მისი მეორე - სამხრეთ ატლანტიკის მონაკვეთის რუკა, შენიშნა, რომ რუკის რამდენიმე დეტალი სავარაუდოდ გაურკვევლად ჩანდა, ამიტომ სტამბის თანამშრომლების უკმაყოფილების მიუხედავად, მან დაზგაზე საკუთარი ხელით ამოტვიფრა შაგის კლდეები, ფოლკლენდის კუნძულებთან ახლოს.
მოგვიანებით, ცალკეული ოკეანის რუკების გაერთიანებით, შეიქმნა ერთიანი პანორამა, მსოფლიო ოკეანის ფსკერის რუკა. ამ გაერთიანებას მეცნიერული მნიშვნელობაც ქონდა: თარპს და ჰიზენს განცალკევებული და ერთგვაროვანი წყლის მაგივრად, უნდოდათ ეჩვენებინათ უწყვეტი მთათა სისტემა. საბოლოო ფორმის მისაღებად, მათ მოიწვიეს ავსტრიელი მხატვარი, ჰაინრიხ ბერანი, რომელმაც ფერების გამოყენებეთ რუკა უფრო აღქმადი გახადა: მოწითალო ფერით ვულკანური არეალებია ასახული, ცისფრად ვრცელი აბისალური ვაკეები, ხოლო შუაოკეანური ქედი კი მეწამული ფერით არის გამოკვეთილი.
„მარის სურდა რომ რუკა ფართო საზოგადოებისთვისაც აღქმადი ყოფილიყო“ რაც მას ნამდვილად გამოუვიდა, ამბობს ფელტი. შედეგად, რუკამ მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ოკეანის ფსკერზე. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, რუკამ, ქალი გეოფიზიკოსის, რობინ ბელის ცხოვრებაზეც იქონია გავლენა: „სწორედ ეს [რუკა] იყო იმის მიზეზი რომ გეოლოგია ავირჩიე,“ იხსენებს იგი, „მე ის დღეც კი ზუსტად მახსოვს, როდესაც პირველად ვნახე რუკა და მივხვდი, რომ გეოფიზიკოსი უნდა გავმხდარიყავი!“
კომენტარები