მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა 4.5 მილიარდი წლის წინანდელი დედამიწის ნარჩენს მიაგნეს. ასეთი იყო ჩვენი პლანეტის ადრინდელი ფორმა, პროტოდედამიწა, სანამ მას სხვა ობიექტი შეეჯახებოდა და ქიმიურ მახასიათებლებს შეუცვლიდა.

ახალი კვლევით დასტურდება, რომ აღნიშნულ მოვლენას ჩვენი მშობლიური პლანეტის ქიმია მთლიანად არ გარდაუქმნია, არამედ მისმა ნაწილმა პირვანდელი სახით გადარჩენა შეძლო. ცნობისთვის, სწორედ ამ შეჯახების შედეგად წარმოიქმნა მთვარე — დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი.

ადრეული პლანეტის შესასწავლად მკვლევრებმა ღრმად განლაგებული ძველი ქანები გრენლანდიაში, კანადასა და ჰავაიზე არსებულ ლავურ მატერიაში შეისწავლეს. იქ მათ უნიკალურ ქიმიურ "ანაბეჭდს" მიაგნეს, რომელიც სპეციალური მას-სპექტრომეტრით დააფიქსირეს. საუბარია კალიუმის იზოტოპების დისბალანსზე, კერძოდ კალიუმ-40-ის ნაკლებობაზე, რითაც ეს ნიმუშები დედამიწის სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა.

გავრცელებული თეორიის მიხედვით, ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით 100 მილიონ წელში მას მარსის ზომის ობიექტი შეეჯახა, რომელსაც თეიას უწოდებენ. ამ კატაკლიზმურ მოვლენას მატერია უნდა დაედნო და ერთმანეთში შეერია, ანუ მისი ქიმია თავდაყირა უნდა დაეყენებინა.

შეჯახებებისა და გეოლოგიური შერევის პროცესების კომპიუტერული სიმულაციებით დადგინდა, რომ ეს მოვლენები კალიუმ-40-ის დეფიციტს ვერ წარმოშობდა. პირიქით, მისი რაოდენობა ოდნავ მეტი უნდა იყოს, როგორც ახლანდელი დედამიწის დანარჩენ ნაწილებშია. სწორედ აქედან დაასკვნეს, რომ საქმე, დიდი ალბათობით, პროტოდედამიწის ნარჩენთან ჰქონდათ, რომელმაც დღემდე როგორღაც უცვლელად მოაღწია.

საინტერესო ისაა, რომ ზემოხსენებული ქიმიური "ანაბეჭდი" ჩვენთვის ცნობილ, გეოლოგიურ ბაზებში არსებულ მეტეორიტთა მახასიათებლებს არ ემთხვევა. სხვებში კალიუმის ანომალიები შეინიშნება, მაგრამ არა ისეთი დეფიციტი, როგორიც კვლევისას გამოავლინეს. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მეტეორიტული მონაცემები დედამიწის პირვანდელი მაფორმირებელი მატერიის აღსადგენად საკმარისი არაა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geosciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.