ვინ იყო ჯეინ გუდოლი — კაცობრიობის ელჩი შიმპანზეებთან
ფოტო: Hugo van Lawick
ჯეინ გუდოლი, ცნობილი პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გუდალმა შიმპანზეების კვლევაში რევოლუცია მოახდინა. მან ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც ქალმა, რომელმაც ამ ცხოველებში ადამიანური თვისებები დაინახა და გაგვაცნო. იგი ტანზანიაში ველურ შიმპანზეებთან ერთად ცხოვრობდა, აკვირდებოდა და დღითიდღე რწმუნდებოდა, რამდენად ბევრი საერთოა მათსა და ჩვენ შორის.
"ისინი ერთმანეთს ხელს სჭიდებენ, ეხუტებიან და კოცნიან", — ამბობდა მეცნიერი შიმპანზეების შესახებ.
ამ სტატიაში მოგიყვებით ქალზე, რომელმაც პრიმატების სამყაროში კაცობრიობის ელჩის როლი შეასრულა — გაგაცნობთ, ვინ იყო ჯეინ გუდოლი.
პირველი ნაბიჯები
ფოტო: Getty Images
1960 წლის 14 ივლისს ტანზანიის გომბის ეროვნულ პარკში ჩავიდა ახალგაზრდა ინგლისელი ქალი, რომელსაც ფორმალური სამეცნიერო განათლება ან კვალიფიკაცია არ ჰქონია. სწორედ ასე დაიწყო ველური შიმპანზეების პიონერული კვლევა, რომელმაც არამხოლოდ მათი, არამედ ჩვენი, ადამიანების, გაგებაც შეცვალა.
ჯეინ გუდოლი მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო, თუმცა ცხოველების კვლევასა და მათთან ერთად ცხოვრებაზე დიდი ხანი ოცნებობდა. ის ამბობდა, რომ ბუნებით ადრეული ბავშვობიდანვე დაინტერესდა — ჯერ მწერებს აკვირდებოდა, შემდეგ კი ეს ცნობისმოყვარეობა ნელ-ნელა გამძაფრდა; მან მალევე გადაწყვიტა, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აფრიკაში უნდა მოხვედრილიყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ გუდოლმა სამდივნო საქმის კურსი გაიარა. პარალელურად იგი მიმტანად და ფილმის გადაღებების პროცესში ასისტენტად მუშაობდა, რათა ოცნების ასასრულებლად თანხა შეეგროვებინა. 1957 წლისთვის მან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მეგობართან გამგზავრება შეძლო და პალეოანთროპოლოგ ლუის ლიკისთან შეხვედრაც დაგეგმა.
იგი ქალის ცოდნითა და მიზანდასახულობით იმდენად მოიხიბლა, რომ საბუნებისმეტყველო მუზეუმში თავისი დამხმარის პოზიციაზე დანიშვნა შესთავაზა. რა თქმა უნდა, ჯეინი დასთანხმდა; მოგვიანებით ლიკი მისი მენტორი გახდა. ის აკადემიური გამოცდილების არქონას პრივილეგიად მიიჩნევდა, რომელიც გუდოლს შიმპანზეების უკეთ შესწავლაში დაეხმარებოდა. პროფესორი ფიქრობდა, რომ სამეცნიერო თეორიები მის მოსწავლეს მხოლოდ ხელს შეუშლიდა იმ ქცევებისა თუ თვისებების გამოვლენაში, რომლებიც შიმპანზეებს ადამიანებთან აკავშირებდა.
ჯეინი ექსპედიციაში დედასთან ერთად გაემგზავრა, რადგან მაშინდელ ბრიტანეთში ასეთ ადგილას ქალის მარტო მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენლად და მიუღებლად მიიჩნეოდა. კომპანიონად მშობელი მან თავადვე შეარჩია.
გუდოლს შიმპანზეების კვლევის სურვილი მალარიამაც ვერ ჩაუხშო. ამის მიუხედავად, ის მხოლოდ ადგილობრივებთან ერთად გადაადგილდებოდა, ცხოველები კი ფეხის ხმის გაგონებაზე ფრთხებოდნენ. მან ტყის ბილიკები მალევე დაიმახსოვრა და იქ მარტო შესვლაც დაიწყო; მაღლობიდან პრიმატებზე ბინოკლით დაკვირვებას არ დასჯერდა და ნელ-ნელა მათთან მიახლოებას ცდილობდა იმ იმედით, რომ ერთ დღესაც შიმპანზეებთან ერთად აღმოჩნდებოდა.
რა თქმა უნდა, ასეც მოხდა.
რა გაიგო გუდოლმა შიმპანზეების შესახებ
ჯეინი არ ჩქარობდა. ის ხილმხსხმოიარე ხესთან ელოდა, როდის მოვიდოდნენ შიმპანზეები და მათ უკან არასდროს ასდევნებია.
"ნელ-ნელა ისინი მიხვდნენ, რომ საფრთხეს არ წარმოვადგენდი", — იხსენებდა მკვლევარი.
შიმპანზეები მას მიეჩვივნენ. ქალიც მათთან ერთად საათობით იჯდა და კომპლექსურ სოციალურ სისტემასა თუ ქცევებს აკვირდებოდა. მან აღმოაჩინა, რომ ეს პრიმატები "ვეგეტარიანელები" სულაც არ არიან, როგორც ადრე ფიქრობდნენ, არამედ ისინი ხორცსაც ჭამენ; ასევე, შიმპანზეები ხორცის მოსაპოვებლად ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ, მჭიდრო ოჯახური კავშირი აქვთ და ინდივიდუალობა გააჩნიათ.
"შიმპანზეების სოციუმში მდედრი შეიძლება ყველა მამრთან შეჯვარდეს ან მხოლოდ ერთმა 'მიისაკუთროს'. მამრებს ძალიან ახლო კავშირი აქვთ: ისინი თავიანთი ტერიტორიის საზღვრებს ერთად იცავენ, უცხოებს არ უშვებენ, ახალგაზრდა მდედრები შემოჰყავთ და ამ საზოგადოების ყველა პატარა შიმპანზეს კეთილგანწყობით, მოთმინებით, ნაზად და მამობრივი დამცველობით ექცევიან", — ამბობდა გუდოლი.
მას შიმპანზეები არ დაუნომრია, როგორც, ჩვეულებრივ, კვლევებისას აკეთებდნენ ხოლმე, არამედ ყველა მათგანს სახელი დაარქვა. მაგალითად, ერთ-ერთ მამრს სახელად "დევიდ გრეიბირდი" შეურჩია. სწორედ მასზე დაკვირვებისას შენიშნა, რომ ის იარაღს აკეთებდა და იყენებდა — ის, რაც აბსტრაქტულ აზროვნებას მოითხოვს და იქამდე მხოლოდ ადამიანისთვის უნიკალური ქცევა ეგონათ.
"შიმპანზეები იარაღად უფრო განსხვავებულ ობიექტებს იყენებენ, ვიდრე სხვა არსებები, ადამიანის გარდა. მაგალითად, ასეთია პატარა ყლორტი, რომელსაც ფოთლებს აცლიან, ანუ ცვლიან, და ტერმიტების მოსახელთებლად მოიხმარენ; გრძელ ტოტებს მერქანს აშორებენ და ძალიან საშიშ მკბენარა ჭიანჭველებს პოულობენ, შემდეგ კი ღეჭავენ; გამრუდებული ფოთლებით მცირე ზომის ხვრელიდან წყალს იღებენ, როცა მას ტუჩებით ვერ სწვდებიან, ან მათი მეშვეობით სხეულიდან სისხლს იწმენდენ; 'საბრძოლო' იარაღის სახით ქვებს ისვრიან, ტოტებს კი შესაშინებლად ან ჩასარტყმელად იყენებენ", — ჰყვებოდა პრიმატოლოგი.
იმ დროისთვის ეს ყველაფერი რევოლუციური აღმოჩენა იყო და წლების განმავლობაში არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგებოდა. მას შემდეგ იარაღების გამოყენების პრაქტიკა მთლიანი ცხოველთა სამყაროს მასშტაბით დაფიქსირდა, მათ შორის რვაფეხებსა და ყვავებში.
შიმპანზეების მსგავსება ადამიანებთან
ფოტო: Getty Images
გუდოლმა გააცნობიერა, რამდენად გვგვანან შიმპანზეები როგორც კომუნიკაციით, ისე ქცევებით, ურთიერთობებითა და ემოციებით. გაიაზრა ისიც, რომ ამ პრიმატების იმპულსები ძალადობრივიც შეიძლება იყოს, რაც ადამიანისთვისაც არაა უცხო.
"პირველი 10 წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ შიმპანზეები არამხოლოდ მეგობრულობით გვგვანან, არამედ იმითაც, რომ საკმაოდ აგრესიულები შეიძლება გახდნენ. დავადგინეთ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში, შესაძლოა, მათში კანიბალიზმი და შიდა სოციუმის ისეთი ურთიერთობა გამოვლინდეს, რომელიც ადამიანთა საომარი ქმედებების პრიმიტიულ ფორმას მოგვაგონებს", — ამბობდა ჯეინი.
1962 წელს ლიკის მიერ შეგულიანებულმა გუდოლმა თავისი მიგნებების შესახებ დეტალურ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა დაიწყო (მიუხედავად საუნივერსიტეტო ხარისხის არქონისა). იმავე წელს National Geographic-ის საზოგადოებამ მისი კვლევის აღსაბეჭდად ჰიუგო ვან ლევიკი გაგზავნა. შედეგად, 1965 წელს, დოკუმენტური ფილმი შეიქმნა — "მის გუდოლი და ველური შიმპანზეები" — რამაც გასაოცარი აღმოჩენები ფართო აუდიტორიამდე მიიტანა.
ლევიკი მისი პირველი ქმარი გახდა, 1967 წელს კი მათ შვილი ეყოლათ, რომელსაც ჰიუგო დაარქვეს (მეტსახელად გრაბი). ის დედას საველე სამუშაოებისას თან დაჰყავდა, რათა მასთან ახლოს ყოფილიყო, თუმცა შვილი უსაფრთხო ადგილას ჰყავდა დაბინავებული.
"შიმპანზეები ჩვენნაირად მონადირეები არიან. ისინი ერთობლივად ნადირობენ და საშუალო ზომის ძუძუმწოვრებს ესხმიან თავს. იყო შემთხვევები, როცა ისინი ბავშვებს იტაცებდნენ, სწორედ ისე, როგორც ჩვენ ვიტაცებთ შიმპანზეებს. შესაბამისად, როცა ის [ჰიუგო] ძალიან პატარა იყო და ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა, ერთგვარ ჩაკეტილ ვერანდაში გვყავდა და მას ყოველთვის ვიღაც აქცევდა ყურადღებას", — ჰყვებოდა გუდოლი.
მისმა მიგნებებმა ცხადყო, რომ ადამიანი ცხოველთა სამყაროსგან განცალკევებული არაა, არამედ შიმპანზეებსა და ჰომო საპიენსებს (ჩვენს სახეობას) საერთო წინაპარი გვყავდა. კვლევებიც აჩვენებს, რომ მათთან დნმ-ის დაახლოებით 98.6%-ს ვიზიარებთ; პალეონტოლოგი ამბობდა, რომ სწორედ ეს საერთო ნიშნები უნდა ყოფილიყო თავმოყრილი იმ არსებაში, რომლისგანაც ჩვენ და შიმპანზეები განვვითარდით.
ამ აღმოჩენების გარდა, გუდოლმა თავისი სახელობის გარემოსდაცვითი ინსტიტუტი დააფუძნა; მან საფუძველი ჩაუყარა პროგრამა Roots & Shoots-ს, რომელიც ცხოველების დახმარებას ისახავს მიზნად; 2022 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Nonhuman Rights Project-ის საბჭოს წევრი იყო, 2002 წელს კი გაეროს მშვიდობის ელჩი გახდა.



კომენტარები