ოქრო მძიმე ლითონი და დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ელემენტია. ის კოსმოსში მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ნეიტრონული ვარსკვლავები ერთმანეთს ეჯახება. საინტერესოა, რამდენად იშვიათია ოქრო დედამიწაზე და რა რაოდენობისაა მსოფლიო მასშტაბით?

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) შეფასებით, ადამიანებმა მთლიანობაში ქანებიდან და მდინარეებიდან დაახლოებით 206 000 ტონა ოქრო ამოვიღეთ. მისი დიდი ნაწილი დღესაც იწარმოება და ძირითადად სამკაულების დასამზადებლად გამოიყენება. მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით კი ეს რიცხვი გაცილებით მეტია — 238 391 ტონა. მოპოვებული მეტალის დაახლოებით 45% სამკაულების დასამზადებლად არის გამოყენებული, 22% მონეტებისა და ზოდების სახით კოლექციებში ინახება, ხოლო 17% ცენტრალურ ბანკებშია თავმოყრილი.

მართალია, ამ ძვირფასი ლითონის დიდი ნაწილი უკვე მოპოვებულია, თუმცა გარკვეული მარაგი ჯერ კიდევ ხელუხლებელი დარჩა. USGS-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით საბადოებში დაახლოებით 70 550 ტონა ოქროა. აღნიშნავენ იმასაც, რომ ლითონის ყველაზე დიდი აუთვისებელი მარაგები რუსეთს, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას აქვს. 2024 წელს ყველაზე მეტი ოქრო ჩინეთმა მოიპოვა და ბაზარზე გაიტანა.

ექსპერტები განასხვავებენ ორ ტერმინს: მარაგები, ანუ იმ საბადოების ნაწილები, საიდანაც ოქროს მოპოვება ეკონომიკურად მიზანშეწონილია, და რესურსები, რომელთა შესახებ ნაკლები გეოლოგიური მონაცემია და მათ მოპოვება ნაკლებად სავარაუდოა. WGC-ის განცხადებით, ოქროს მარაგები დაახლოებით 60 370 ტონას შეადგენს, რესურსები კი თითქმის 145 626 ტონას.

მეცნიერების გამოთვლების მიხედვით, უკვე მოპოვებული და მარაგების სახით არსებული ოქროს ჯამური რაოდენობა დაახლოებით 277 000-დან 299 000 ტონამდე მერყეობს.

ადამიანებმა დიდი რაოდენობით ოქრო უკვე მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, დედამიწაზე არსებული მთლიანი ძვირფასი ლითონის უმეტესი ნაწილი არც ზედაპირზეა და არც ერთად თავმოყრილი საბადოებში. ბერკლის უნივერსიტეტის მონაცემებით, ოქროს უმცირესი ნაწილაკები და ბრჭყვიალა ნატეხები მთელი პლანეტის ქერქშია გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრი მათგანი ზღვის წყალსა და მაგმურ ქანებში გვხვდება.

ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის შეფასებით, დედამიწის ქერქში ყოველ ერთ მეტრულ ტონაზე 0.004 გრამი ოქრო გვხვდება. თუ ყველა ნაწილაკი შეგროვდება, მათი ჯამური წონა დაახლოებით 441 მილიონი ტონა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი რიცხვია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწის მთლიან მასაში გაცილებით მეტი ოქროა. მათი აზრით, პლანეტის ბირთვი არსებული ლითონის დაახლოებით 99%-ს შეიცავს. ეს იმდენია, რაც საჭირო იქნება, რომ მთელი დედამიწის ზედაპირი ოქროს ნახევარმეტრიანი ფენით დაიფაროს.

ფოტო: ZCCM Investments Holdings Plc

როგორც მონაშის უნივერსიტეტის გეოლოგი და მკვლევარი კრის ვოისი აცხადებს, როდესაც დედამიწა წარმოიქმნა, მასზე არსებული თითქმის მთელი ოქრო პლანეტის ბირთვში ჩაიძირა.

"დედამიწის მასის 99.5% წარმოიქმნა მაშინ, როცა პლანეტა მთლიანად დნებოდა და მასალები სიმკვრივის მიხედვით იყოფოდა. შესაბამისად, ოქრო ბირთვისკენ ჩაიძირა", — განმარტა ვოისიმ — "დარჩენილი 0.5% პლანეტაზე მოგვიანებით მოხვდა, დაახლოებით 4.1-დან 3.8 მილიარდი წლის წინ, მაშინ, როცა დედამიწაზე მეტეორები ცვიოდა. მიიჩნევა, რომ ოქროს მარაგები ზუსტად ამ პერიოდისაა, რადგან ბირთვის გარეთაა".

გეოლოგის თქმით, მას შემდეგ დედამიწაზე კოსმოსიდან შემოსული ოქროს რაოდენობა თითქმის არ გაზრდილა. ის ლითონი, რომელიც უკვე პლანეტაზეა, გეოლოგიური პროცესებით გადაადგილდება, რაც საბადოებს აყალიბებს. რადგან დედამიწის ოქროს უმეტესობა ბირთვშია, ხოლო ქერქში მისი კონცენტრაცია ძალიან ცვალებადია, ვოისის ეჭვი ეპარება, რომ ოდესმე მისი ზუსტი რაოდენობა განსაზღვრონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.