ოკეანის მჟავიანობა დედამიწის მდგომარეობის განსასაზღვრად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუკი მისი დონე ძალიან მაღალი იქნება, შედეგები კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს. ახალი კვლევის თანახმად, ამჟამად სწორედ მსგავსი საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ჩვენი პლანეტისთვის ოკეანის მჟავიანობის ზღვარი ზედაპირზე არაგონიტის სატურაციის საშუალო ნიშნულის 20%-ით შემცირებაზე გადის. ესაა კალციუმის კარბონატის კრისტალური ფორმა, რომელიც წყლის ბინადრების ნიჟარებისა და ჩონჩხების შედგენილობაშია. მეცნიერებმა საველე პირობებში მოპოვებული მონაცემებისა და კომპიუტერული მოდელების მეშვეობით დაადგინეს, რომ მსოფლიო ოკეანეები მიჯნასთან ან ძალიან ახლოსაა, ან მას უკვე გადაცდენილია.

კერძოდ, უკანასკნელი კვლევის თანახმად, ღრმა წყლების დაახლოებით 60% და ზედაპირული წყლების 40% მჟავიანობის ზღვარს მიღმაა. დაფიქსირებული ზიანის მიხედვით გუნდი ვარაუდობს, რომ ზღვარი არაგონიტის სატურაციის 10%-იან კლება უნდა იყოს. ამ დონეს მსოფლიო ოკეანეებმა ახალი ათასწლეულის დაწყებისას გადააჭარბა.

წითლად ის არეალებია მონიშნული, რომელთა მიმდებარედაც ზედაპირულ წყლებში 20%-იანი ზღვარი გადაილახა.

ფოტო: Global Change Biology

ავტორები ამბობენ, რომ ზედაპირის მჟავიანობის ყველაზე შესამჩნევი ცვლილება პოლარულ რეგიონებშია, ხოლო ღრმა წყლებში — პოლუსების გარეთ, ჩრდილოეთ ამერიკის გაყოლებაზე და ეკვატორთან ახლოს. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებები თვალით უხილავია, მაგრამ მისი ეფექტი სერიოზულია. ის მარჯნის რიფებს აზიანებს, ჯავშნიანი ორგანიზმებისთვის წყალს საცხოვრებლად უვარგისად აქცევს და სხვა არსებებსაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს ყველაფერი შემდეგ მთლიან ეკოსისტემაზე ზემოქმედებს.

მჟავიანობას ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმა და წყალთან მისი ურთიერთქმედება ზრდის. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი სათბურის აირი იფრქვევა ატმოსფეროში, წყლის მჟავიანობაც მით უფრო იმატებს. მნიშვნელოვანია, რომ პლანეტის ჯანმრთელობის განსაზღვრული 8 სხვა მიჯნიდან 6 უკვე გადალახულია. ოკეანის მჟავიანობა მეშვიდეა და აჩვენებს, რამდენად სავალალოა დედამიწის მდგომარეობა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პროცესების წინააღმდეგ ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას, რადგან ეს წყლის ეკოსისტემისა და მასზე აგებული ეკონომიკისთვის ბომბია, რომლის აფეთქებამდეც დროის ათვლა უკვე დაწყებულია.

ნაშრომი გამოცემა Global Change Biology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.