წარმოიდგინეთ, რომ ძვ.წ. 3 900 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში სპილენძის რიგითი მაღაროელი ხართ და მკაცრი სამუშაოს პირობებში, ყოველდღიურად უამრავ რკინის მადანს ეზიდებით. მაღაროს მტვერში გახვეული გვირაბები თქვენი ყოველდღიურობაა და უკვე შეგუებული ხართ დამქანცველ ერთფეროვნებას.

ერთხელ, მორიგი დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს ხედავთ რაღაც გასაოცარს — თქვენი თანამშრომელი, უცნაური მოწყობილობით, მშვიდად ეზიდება თავის წონაზე სამჯერ უფრო მძიმე ტვირთს. ამ სურათის შემყურე იაზრებთ, რომ თქვენი საქმიანობა სულ მალე გაცილებით ნაკლებად დამღლელი და უფრო მომგებიანი გახდება. ის ტექნოლოგია, რომელსაც თვალს ვერ წყვეტთ, შეცვლის ისტორიის მსვლელობას, არა მხოლოდ თქვენი მაღაროს პატარა საზოგადოებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

თავდაპირველად, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა კარპატების მთებში მდებარე მაღაროების ურმები.

ფოტო: Kai James via DALL·E

ბორბლის განუზომელი მნიშვნელობის მიუხედავად, დანამდვილებით არავინ იცის, როდის ან სად შეიქმნა ის. ზემოთ აღწერილი სცენარი ეფუძნება 2015 წელს გამოთქმულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ბორბალი თითქმის 6 ათასი წლის წინ კარპატების მთებში (დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე) მცხოვრებმა მაღაროელებმა შექმნეს. ამ გამოგონების მთავარი დანიშნულება სპილენძის მძიმე მადნის გადაზიდვა იყო.

თეორიის მართობულობას რეგიონში მომუშავე არქეოლოგების მიერ 150-ზე მეტი მინიატიურული ურმის აღმოჩენა ამტკიცებს. ეს პატარა, ოთხბორბლიანი მოდელები თიხისგან იყო დამზადებული. მათ ზედაპირებზე იმ დროისთვის მაღაროელებში გავრცელებული ნიშნები იყო ამოტვიფრული. რადიონახშირბადული დათარიღების მიხედვით, ეს ურმები ბორბლიანი ტრანსპორტის უძველესი ნიმუშებია.

მკვლევრების ეს მოსაზრება ბადებს საინტერესო შეკითხვას: როგორ აღმოაჩინა ბორბალი უცნობმა, დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილმა საზოგადოებამ, მაშინ როდესაც ისეთმა მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციებმაც კი ვერ მოახერხეს ეს, როგორიც ძველი ეგვიპტეა?

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბორბლები მარტივი ხის გორგოლაჭების განვითარებით მივიღეთ, მაგრამ ბოლომდე ვერავინ ხსნიდა, როგორ ან რატომ მოხდა ეს ტრანსფორმაცია. აგრეთვე, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ზოგიერთმა მკვლევარმა დაიწყო ეჭვების გამოთქმა გორგოლაჭებიდან ბორბლამდე გადასვლის თეორიასთან დაკავშირებით.

ეჭვების გაჩენის მთავარი მიზეზი, ის ფაქტია რომ ძველ სამყაროში გორგოლაჭებს იშვიათად იყენებდნენ. მკვლევრების ნაწილის აზრით, გორგოლაჭი ზედმეტად იშვიათი და არაპრაქტიკულია იმისთვის, რომ ბორბლამდე ევოლუციის ამოსავალი წერტილი გამხდარიყო.

მეორე მხრივ, გორგოლაჭების გამოსაყენებლად მაღაროს ჩაკეტილი სივრცე იდეალური ადგილი იქნებოდა. სწორედ ამ არგუმენტმა აიძულა მეცნიერები, რომ კიდევ ერთხელ შეესწავლათ გორგოლაჭების ჰიპოთეზა.

ბორბლის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპები.

ფოტო: James Steidl | Shutterstock)

გორგოლაჭებიდან ბორბლებზე გადასვლას ორი ძირითადი ტრანსფორმაცია დაჭირდებოდა. პირველი არის ტვირთის გადამზიდავი ურმის ისეთი მოდიფიკაცია, რომ ურმის ძირი ნახევარწრის ფორმის ღარებით აღჭურვილიყო. ისინი გორგოლაჭებს ადგილზე გაამაგრებდა და როდესაც მაღაროელს ურემი წინ მიჰყავდა, გორგოლაჭებიც მასთან ერთად გაიწევდა.

ამ ინოვაციის საჭიროება შესაძლოა მაღაროს ჩაკეტილი გარემოთი ყოფილიყო გამოწვეული, სადაც ურმის გამოყენების შემდეგ, ყოველ ჯერზე მისი თავდაპირველ ადგილზე დაბრუნება განსაკუთრებით დამღლელი იქნებოდა.

ასეთი გორგოლაჭების შექმნამ გარდამტეხი როლი ითამაშა ბორბლის ევოლუციაში და გზა გაუხსნა მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციას. ეს შემდეგი ნაბიჯი გულისხმობდა თავად გორგოლაჭების ბორბლებით შეცვლას, მაგრამ როგორ მოხდა ეს?

მკვლევრებმა კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს, რომელიც განკუთვნილი იყო გორგოლაჭიდან ბორბლამდე ევოლუციის საჩვენებლად. მათი ჰიპოთეზის მიხედვით, ტრანსფორმაცია გამოწვეული იყო იმ ფენომენით, რომელსაც "მექანიკური უპირატესობა" ეწოდება.

მექანიკური უპირატესობა არის ფიზიკური პრინციპი, რომელიც გულისხმობს მარტივი მექანიზმის ძალის გაძლიერებას ან მიმართულების შეცვლას ისე, რომ სამუშაოს შესრულება გაადვილდეს. მარტივად რომ ვთქვათ, მექანიკური უპირატესობით ჩანს, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ხელსაწყოს ან სისტემას თქვენი ძალის გაზრდა. ამრიგად, თუ ჩვენ შევძლებდით გორგოლაჭის ფორმის შეცვლას მექანიკური უპირატესობის მისაღებად, ეს გააძლიერებდა მომხმარებლის მიმწოლ ძალას და შესაბამისად ურმის წინსვლასაც.

სიმულაციის დროს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობდა დიზაინის დახვეწა და ყოველი შემდეგი მოდელი წინაზე ოდნავ უკეთესი ხდებოდა. მეცნიერების რწმენით, 6 ათასი წლის წინათ, მაღაროშიც სწორედ ასეთი ევოლუციური პროცესი განვითარდა.

მექანიკური უპირატესობის წყალობით ურმების გადაადგილება და შესაბამისად მადნის გადაზიდვა საგრძნობლად გაადვილდა. დროთა განმავლობაში დიზაინები იცვლებოდა და როგორც მაღაროელების, ისე დანარჩენი კაცობრიობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც იზრდებოდა.

გორგოლაჭიდან ღერძულ სტრუქტურამდე ევოლუციის კომპიუტერული სიმულაცია. თითოეული გამოსახულება ალგორითმის მიერ არტეფაქტებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

ფოტო: Kai James

გორგოლაჭების განვითარებასთან ერთად დისკებს შორის მდებარე საყრდენი ღეროც ვიწროვდებოდა და ნელ-ნელა მივედით იმ სტრუქტურასთან, რასაც დღეს "ბორბალს" ვუწოდებთ.

ამ თეორიის მიხედვით, არ არსებობს ბორბლის გამოგონების ზუსტი მომენტი. მან ცოცხალი არსებების მსგავსად ერთგვარი ევოლუცია განიცადა.

კარპატების მაღაროელებიდან 5 ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, პარიზელმა ველოსიპედის მექანიკოსმა რადიალური ბურთულსაკისარი გამოიგონა, რამაც ტრანსპორტირების სფეროში კიდევ ერთი დიდი რევოლუცია მოახდინა.

ირონიულია, რომ ბურთულსაკისრები კონცეპტუალურად გორგოლაჭის, ანუ ბორბლის ევოლუციური წინამორბედის მსგავსია. ორივე მათგანის შემთხვევაში სრიალი გორვით იცვლება, რათა ხახუნი და ენერგიის დანაკარგი მინიმუმამდე შემცირდეს და მოძრაობა გაადვილდეს. საკისარი ემყარება იმავე ძირითად იდეას, რაც კარპატების მაღაროელებმა ინტუიციურად ათასობით წლის წინ აღმოაჩინეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.