როგორაა შესაძლებელი შავი ხვრელიდან ენერგიის მოპოვება — მომავლის ტექნოლოგია?

ფოტო: Shutterstock.com
ცივილიზაცია, რომელიც იზრდება და ვითარდება, უფრო და უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. ამისთვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებსა თუ წიგნებში არაერთი ტექნოლოგიაა შემოთავაზებული, მათ შორის დაისონის სფერო — ჰიპოთეზური მეგასტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავის გარშემოა და ენერგიას იქიდან იღებს.
ასეთი სისტემა მიმზიდველია, მაგრამ მისი შექმნა ნებისმიერ ცივილიზაციას ძვირი დაუჯდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მეგასტრუქტურის კვალი აქამდე არ დაფიქსირებულა. მეორე საინტერესო იდეა ფიზიკოს-მათემატიკოს როჯერ პენროუზს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც, ენერგიის მოპოვება მბრუნავი შავი ხვრელიდან შეგვიძლია. მათ კერის შავ ხვრელებსაც უწოდებენ როი კერის პატივსაცემად, რომელმაც ამ ობიექტების გეომეტრია 1969 წელს აღწერა.
მისი ჰიპოთეზის მიხედვით, შავი ხვრელიდან ენერგიას მივიღებთ, თუ იქ გაგზავნილ ობიექტს ერგოსფეროში მოვათავსებთ (მოვლენათა ჰორიზონტის დასაწყისამდე). ეს მას ააჩქარებს და შავი ხვრელი ენერგიასაც გადასცემს, რასაც პენროუზის პროცესი ეწოდება. თუ ენერგია უარყოფითი არ იქნება, ობიექტი განადგურდება.
"წარმოვიდგინოთ, რომ კერის შავი ხვრელის ერგოსფერიში ნაწილაკს ვგზავნით, რომელიც რეტროგრადულ ორბიტას მიჰყვება, ანუ შავი ხვრელის ბრუნვის საპირისპიროდ მოძრაობს. ვთქვათ, ტრაექტორია ისე გამოვთვალეთ, რომ ერგოსფერომდე მიღწევისას ნაწილაკი ორად იყოფა. მათგან ერთს შავი ხვრელი შთანთქავს, მეორე კი გარე მიმართულებით უსხლტება და დიდი დისტანციით შორდება. შავი ხვრელის უმძლავრესი გრავიტაციის გამო ზოგადი ფარდობითობა შთანთქმულ ნაწილაკს შესაძლებლობას აძლევს, რომ უარყოფითი ენერგია ჰქონდეს", — ხსნის ფიზიკოსი ჯორჯ პინაშე.
ამ პროცესის შედეგად გარეთ გაღწეულ ნაწილაკს უფრო მეტი ენერგია ექნება, ვიდრე შთანთქმულს. ზოგადი ფარდობითობის მიხედვით, ეს შესაძლებელია და ფიზიკის კანონებს არ არღვევს. საქმე ისაა, უარყოფითი ენერგიის შთანთქმით შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე იკლებს, ანუ ბრუნვით ენერგიას მოვიპოვებთ.
ამის შესახებ დაწერილ ახალ ნაშრომში ბლანჩარდ-ზნაეკის პროცესიცაა აღწერილი. ეს მექანიზმი ნაწილობრივ ხსნის, როგორ წარმოიქმნება უზარმაზარი ნაკადები მბრუნავი შავი ხვრელების მიერ.
"როცა აკრეციული დისკოს შემადგენელი აირი შავ ხვრელში ჩაედინება, ის სპირალურ ტრაექტორიას მიჰყვება. ამ დროს სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს ეხახუნება და რამდენიმე მილიონ კელვინამდე ტემპერატურაზე ცხელდება. შედეგად, აირი იონიზაციას განიცდის და იქცევა პლაზმად, რომელიც დადებითი იონებისგან და უარყოფითი ელექტრონებისგან შედგება, ისინი ქაოსური მაგნიტური ველების ფორმირებას განაპირობებს, რომლებიც პლაზმის რელატივისტურ ნაკადებს ორ საპირისპირო მხარეს მიმართავს, ბრუნვის ღერძის გასწვრივ", — ამბობს ჯორჯ პინაშე.
კიდევ ერთი საინტერესო იდეა "ჰალო-ამძრავია". მისი უპირატესობა ისაა, რომ შავი ხვრელისკენ ნაწილაკების გაგზავნა და უარყოფითი ენერგია საჭირო არაა. ეს ჰიპოთეზური ტექნოლოგია სხვა პრინციპს ეფუძნება — გრავიტაციულ "არხებში" გადაადგილებისას სინათლე ენერგიას იკრებს, მისი სიჩქარე კი (რომელიც სამყაროში ყველაზე სწრაფია) უცვლელი რჩება. ასეთ არებში მოხვედრისას გამოსხივების სიხშირე იმატებს და სპექტრულად ლურჯ დიაპაზონში გადადის, ხოლო იქიდან გამოღწევისას — წითელში.
სწორედ ამ პროცესის გამოყენება შეუძლია ჰალო-ამძრავს. კერძოდ, იდეა ისაა, რომ ერთმანეთის გარშემო მოძრავი შავი ხვრელების ირგვლივ სინათლე იგზავნება, სანამ ისინი შეირწყმება, რაც ახალი და უფრო დიდი შავი ხვრელის ბევრად სწრაფად ბრუნვას გამოიწვევს. ლურჯ დიაპაზონში გადასულ მაღალენერგიულ სინათლეს ხომალდი ასაჩქარებლად გამოიყენებს, ანუ მისგან ენერგიას მიიღებს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზებს ეფუძნება და რეალობაში მის განხორციელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუკი ამას მართლაც მოვახერხებთ.
კომენტარები