დედამიწის ატმოსფერო ისტორიაში არცერთ ასტრონავტს, კოსმონავტს თუ უბრალოდ კოსმოსურ ტურისტს, დაუტოვებია. მათ შორის, არც ნილ არმსტრონგს, არც იური გაგარინს და არც უილიამ შატნერს. მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა, საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) კოსმოსში მდებარეობს, რეალურად, ის დედამიწის ატმოსფეროში მოძრაობს. მასზე გრავიტაციაც არის, მხოლოდ 10%-ით ნაკლები, ვიდრე დედამიწაზე.

"ატმოსფერო, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის ჟანგბადსაც ვსუნთქავთ, ჩვენს 'ზემოთ' არ სრულდება, არც ევერესტსა და თვითმფრინავების საფრენ ზონაში. ის უფრო შორს გრძელდება, თუმცა რაც უფრო 'ზემოთაა', მით ნაკლები სიმკვრივე აქვს", — განმარტავს NASA-ს ჰელიოფიზიკის ექსპერტი დაგ როულენდი ერთ-ერთ ვიდეოში — "როდესაც ვინმე კოსმოსურ სადგურამდე მიდის, ის დედამიწიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის სიმაღლეზე ადის. იქ იმდენი ჰაერია, რომ შეუძლია, სადგურის მოძრაობა შეანელოს. მას დროთა განმავლობაში სიჩქარეს უზრდიან, რათა აეროდინამიკური წინაღობის გამო ისევ დედამიწაზე არ დაბრუნდეს".

პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ განვსაზღვრავთ ატმოსფეროს საზღვრებს. პრაქტიკული მიზნებისთვის, მათ შორის კოსმოსური ხელშეკრულებებისთვის, გარკვეული საზღვრების დადგენაა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი კარმანის ხაზია, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც კოსმოსის ოფიციალური ზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროს უმეტესი ნაწილი ამ ხაზის ქვემოთ მდებარეობს, ის არ წარმოადგენს მკაფიო ზღვრულ წერტილს.

"მიუხედავად იმისა, რომ მკაფიო ზღვარი, სადაც დედამიწის ატმოსფერო მთავრდება და კოსმოსი იწყება, არ არსებობს, მეცნიერების უმეტესობა კარმანის ხაზს იყენებს. ის ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზეა. დედამიწის ატმოსფეროს 99.99997% ამ ხაზის ქვემოთ მდებარეობს", — აცხადებს NASA — "2019 წლის თებერვალში NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) კვლევა ჩაატარა. ის მზის ჰელიოსფერული ობსერვატორიიდან (SOHO) მიღებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. გაირკვა, რომ დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე შორეული ფენა, წყალბადის ღრუბელი — გეოკორონა, შესაძლოა, მთვარესაც კი ცდებოდეს. ის 629 300 კილომეტრის სიმაღლეზე ფიქსირდება".

მზის ჰელიოსფერული ობსერვატორია

ფოტო: NASA Science

ამავე კვლევის მიხედვით, დედამიწიდან 60 000 კილომეტრის სიმაღლეზე თითო კუბურ სანტიმეტრზე წყალბადის დაახლოებით 70 ატომი გვხვდება. როცა ასტრონავტებმა ფეხი მთვარეზე დადგეს, მაინც დედამიწის ატმოსფეროში იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 ატომამდე იკლებს. მონაცემების შესწავლის შემდეგ მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ატმოსფერო მის რადიუსზე 50-ჯერ შორს ვრცელდება.

"მთვარე დედამიწის ატმოსფეროში მოძრაობს", — განაცხადა იგორ ბალიუკინმა, რუსეთის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტიდან, რომელიც კვლევის მთავარი ავტორია — "ჩვენ ამის შესახებ იქამდე არ ვიცოდით, სანამ ორ ათეულ წელზე ძველ მონაცემებს არ დავაკვირდით".

"ასე რომ, გარკვეული დიქოტომია არსებობს. ჯერ დედამიწიდან გადიხარ, შემდეგ მისი ატმოსფეროდან, მერე კი მზის ატმოსფეროში ხვდები. და ბოლოს, როცა ჰელიოპაუზასა და ჰელიოსფეროს საზღვარს გადალახავ, იქ რეალურ, ღია კოსმოსში აღმოჩნდები", — დაამატა როულენდმა — "ამიერიდან კითხვაზე — სად იწყება კოსმოსი — პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, ამ საკითხს ვინ როგორ უყურებს. ატმოსფერო 630 000 კილომეტრის სიმაღლეზე მთავრდება. შემდეგ ნამდვილი კოსმოსია, რომელიც უამრავ საინტერესო რამეს მოიცავს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.