გამყინვარების პერიოდში ადამიანებისთვის ცეცხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ისინი მას საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად, სინათლის მისაღებად და იარაღების დასამზადებლად იყენებდნენ. საინტერესოა, რომ ევროპის ტერიტორიაზე ამ ეპოქის დროინდელი ცეცხლის კერების არქეოლოგიური მტკიცებულებები თითქმის არ არსებობს.

ალგარვისა და ვენის უნივერსიტეტების მეცნიერებმა იმ პერიოდის ცეცხლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება გადაწყვიტეს. მათ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე პრეისტორიულ ადგილას ნანახი ცეცხლის სამი კერის ანალიზი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ უძველესი ადამიანები სხვადასხვა ტიპის ცეცხლის კერებს აშენებდნენ. საწვავად ძირითადად ხეს იყენებდნენ, თუმცა შესაძლოა, ძვალი და ცხიმიც დაეწვათ.

არქეოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ჰომო საპიენსი ევროპის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში (დაახლოებით 45 000–10 000 წლის წინ) ცეცხლს სხვადასხვა მიზნით იყენებდა.

"ცეცხლი მხოლოდ გათბობას არ ემსახურებოდა, ის საჭმლის გასაკეთებლად, იარაღების დასამზადებლად და სოციალური შეკრებებისთვის აუცილებელი იყო", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვენის უნივერსიტეტის არქეოლოგი, ფილიპ ნიგსტი.

ხშირად მიიჩნეოდა, რომ ცეცხლი გამყინვარების ხანის მონადირე-შემგროვებლების გადარჩენისთვის გადამწყვეტი იყო. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდის (დაახლოებით 26 500-დან 19 000 წლის წინანდელი) კარგად შემონახული არქეოლოგიური მტკიცებულება თითქმის არ მოიძებნება.

"ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლის გამოყენება ამ პერიოდამდე და მის შემდეგ ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ჩვენს ხელთ ამის საკმაოდ ცოტა მტკიცებულებაა", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, ალგარვის უნივერსიტეტის გეოარქეოლოგი, უილიამ მერფრი.

უკანასკნელი კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებმა უკრაინაში, უძველეს არქეოლოგიურ ზონაში, სამი კერა აღმოაჩინეს და შეისწავლეს. ეს ინოვაციური გეოარქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით შეძლეს. მათ სხვადასხვა ანალიზის მეშვეობით სამი მარტივი, ბრტყელი, ხის საწვავის კერა ნახეს.

ფოტო: Phys.org

ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ ამ კერებში ცეცხლის ტემპერატურა 600°C-საც კი აღემატებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უძველეს ადამიანებს, მიუხედავად რთული და უკიდურესი ბუნებრივი პირობებისა, ცეცხლის გაკონტროლების დახვეწილი უნარი გააჩნდათ. ნახშირის ნარჩენების კვლევამ ცხადყო, რომ ისინი ძირითადად ნაძვს, ძვლებსა და ცხიმს წვავდნენ.

"მათგან რამდენიმე ცხოველის ძვალი ისეთი ცეცხლით იყო დამწვარი, რომლის ტემპერატურაც 650°C-ს აჭარბებდა. ამჟამად ვიკვლევთ, ეს ძვლები საწვავად გამიზნულად გამოიყენეს თუ უბრალოდ შემთხვევით დაიწვა", — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი.

სამივე კერა ღია და ბრტყელია, თუმცა ახალი მიგნებები მიუთითებს, რომ ცეცხლის გამოყენება საკმაოდ დახვეწილი იყო. როგორც ჩანს, კერები ამა თუ იმ სეზონზე სხვადასხვა მიზნებისთვის მზადდებოდა და გამოიყენებოდა. მათგან ერთი უფრო დიდი და სქელია, რაც მიანიშნებს, რომ იქ მაღალი ტემპერატურა მიიღწეოდა.

"ადამიანები ცეცხლს სრულად აკონტროლებდნენ და იცოდნენ, ის სხვადასხვა მიზნით როგორ გამოეყენებინათ. ისინი სეზონური მიგრაციებისას, სხვადასხვა დროს, ერთსა და იმავე კერას იყენებდნენ", — განმარტავს ნიგსტი.

ახალი აღმოჩენების მიუხედავად, დამაბნეველია, ბოლო გამყინვარების პერიოდიდან სულ რამდენიმე კერა რატომ მოიძებნება. ერთ-ერთი ახსნით, ისინი გამყინვარებამ გაანადგურა. ასევე შესაძლოა, რომ ადამიანები საკმარის საწვავ მასალaს ვერ პოულობდნენ და სულ სხვა ტექნოლოგიურ ხერხებს მიმართავდნენ.

ადამიანის ევოლუციის განმავლობაში ცეცხლის როლის უკეთ შესწავლით მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ტექნოლოგიას აღმოაჩენენ, რომელმაც ჩვენი სახეობის პლანეტის ყველა კუთხეში გავრცელებას შეუწყო ხელი.

კვლევის შედეგები გამოცემაში Geoarchaeology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.