ბევრი ადამიანი ტელეფონს ძილის წინ და მის შემდეგაც იყენებს, განსაკუთრებით ახალგაზრდები და მოზარდები. ეკრანთან ხანგრძლივმა ინტერაქციამ ძილის წინ ან საწოლში შესაძლოა, ძილის რეჟიმი დაარღვიოს, თუმცა ამ პროცესის ზუსტი მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე დაზუსტებული არ არის.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გადაწყვიტეს, პრობლემისთვის ნათელი მოეფინათ. მათ 45 202 ნორვეგიელი სტუდენტის მასშტაბური გამოკითხვიდან მიღებული მონაცემები დაამუშავეს. აღმოჩნდა, რომ საწოლში ეკრანთან გატარებული დრო ძილის არქონის (ინსომნიის) რისკს 59 პროცენტით ზრდის. ასევე საშუალოდ, ყოველ ღამით, 24 წუთით ამცირებს ძილს. ადამიანები ეკრანს სხვადასხვა მიზნით იყენებენ და ზოგიერთი აქტივობა შეიძლება, სხვებზე უფრო სახიფათო იყოს.

წინა კვლევების მიხედვით, სხვა ტიპის ციფრულ აქტივობებთან შედარებით, სოციალური მედია ძილზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს. სამწუხაროდ, ისეთი კვლევა ცოტაა, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ეკრანის მოხმარებას ადარებენ და ძილზე მათ გავლენას აფასებენ. როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, ასეთი კვლევების უმეტესობა გამიზნული მოზარდებზეა.

ახალი კვლევა ფოკუსირებული ოდნავ უფროს ასაკობრივ ჯგუფზე, 18-დან 28 წლამდე ადამიანებზეა. ის Students' Health and Well-being Study 2022-ის მონაცემებს ეყრდნობა. გამოკითხვა სტუდენტების დემოგრაფიულ მონაცემებს, ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს მოიცავდა, მათ შორის ეკრანთან ურთიერთობასა და ძილის ჩვევებს.

"ძილის პრობლემები სტუდენტებში საკმაოდ გავრცელებულია და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს. ასევე აკადემიურ წარმატებასა და ზოგად კეთილდღეობაზეც მოქმედებს, თუმცა წინა კვლევების დიდი ნაწილი ორიენტირებული მოზარდებზე იყო", — ამბობს განჰილდ იონსენ ჰიეტლანდი, კლინიკური ფსიქოლოგი ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტიდან.

ასევე ნახეთ: რა როლი აქვს ძილს მენტალურ ჯანმრთელობაში — ახალი კვლევა

"მოცემულ კვლევაში გვინდოდა, გაგვერკვია, სხვადასხვა ციფრული აქტივობა ძილთან როგორ არის დაკავშირებული. ველოდით, რომ სოციალურ მედიას მისი ინტერაქციული ბუნებისა და ემოციური სტიმულაციის გამო უფრო უარყოფითი გავლენა ექნებოდა", — აღნიშნავს მეცნიერი — "აღმოჩნდა, რომ ციფრული აქტივობის ტიპს ისე არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ეკრანთან გატარებულ საერთო დროს".

მონაწილეებმა გამოკითხვაში აღნიშნეს, ელექტრონულ მოწყობილობებს საწოლში იყენებდნენ თუ არა და რამდენ ხანს. მათ კონკრეტული აქტივობებიც დაასახელეს: ფილმების ან ტელევიზორის ყურება, სოციალური ქსელების გამოყენება, ინტერნეტში გატარებული დრო, მუსიკის მოსმენა, თამაშები ან სასწავლო მასალის კითხვა. მკვლევრებმა ეს ქცევები სამ კატეგორიად დაყვეს: მხოლოდ სოციალური მედია, მხოლოდ სხვა ციფრული აქტივობები და სოციალური მედია სხვა აქტივობებთან ერთად.

მონაწილეებმა პასუხები ძილის რეჟიმზე დასმულ კითხვებსაც გასცეს: როდის წვებოდნენ, როდის იღვიძებდნენ, დასაძინებლად რამდენი ხანი სჭირდებოდათ, დაძინება ან გაღვიძების შემდეგ კვლავ ჩაძინება რამდენად ხშირად უჭირდათ, დღის განმავლობაში რამდენად ეძინებოდათ და ძილის პრობლემები რამდენად ხშირი იყო.

შედეგებმა აჩვენა, რომ ვინც საწოლში ეკრანთან მეტ დროს ატარებდა, ინსომნიის სიმპტომები უფრო ხშირად აღენიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში დიდი რაოდენობის მონაცემებია, კულტურული მრავალფეროვნება შეზღუდულია, რაც შედეგების ზოგად გამოყენებადობაზე მოქმედებს. ასევე, ზოგიერთი აქტივობა გაერთიანებული ერთ ჯგუფშია, რაც შეიძლება, კონკრეტულ განსხვავებებს ფარავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო სურათი ციფრული აქტივობის უარყოფით გავლენაზე მიუთითებდა, ზოგ შემთხვევაში სოციალური მედიის მომხმარებლებს უკეთესი ძილი ჰქონდათ. ამის მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ იყოს. ზოგი სტუდენტი ტექნოლოგიას დასაძინებლად იყენებს. ადამიანები ხშირად ისეთ აქტივობებს ირჩევენ, რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებს. მაგალითად, ფილმის ყურება ან მუსიკის მოსმენა ზოგს დაძინებაში ეხმარება.

"თუ ძილთან პრობლემები გაქვს და ეჭვობ, რომ ეკრანთან გატარებული დრო შეიძლება, რომ ამის მიზეზი იყოს, სცადე, საწოლში ეკრანის გამოყენება შეამცირო. საუკეთესო შემთხვევაში, მისი გამოყენება ძილის წინ მინიმუმ 30-60 წუთით ადრე უნდა შეწყვიტო", — ამბობს ჰიეტლანდი — "თუ ეკრანთან დროის გატარებას მაინც გადაწყვეტ, სასურველია, შეტყობინებები გამორთო, რათა ღამის განმავლობაში არ შეგაწუხოს".

კვლევა გამოქვეყნდა გამოცემაში Frontiers in Psychiatry.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.