სტუდენტური პროტესტი — როცა ახალგაზრდები ხმაურობენ
ვიხსენებთ რამდენიმე მაგალითს, როდესაც სტუდენტების ბრძოლამ სამყარო უკეთესი გახადა.

ფოტო: On.ge
“მე ახლა თქვენ უნდა მოგიწოდებდეთ, რომ დასხდეთ და ლექციები ისმინოთ, მაგრამ არის დრო, როცა გვერდზე უნდა გადავდოთ კალამი და წიგნი. როცა სამშობლოს უჭირს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მის დასაცავად.” მიხეილ ჯავახიშვილის მიმართვა სტუდენტებს, 1921 წელი.
სხვადასხვა პროტესტში სტუდენტების როლსა და მიღწევებზე არაერთხელ გვსმენია, მოლოდინი, რომ მათ სისტემის ნგრევის საშუალება აქვთ - გადაჭარბებული არ არის. ცხადია, ისინი ჯადოსნურ ჯოხს არ ფლობენ, მაგრამ ფლობენ მთავარს - სიმტკიცეს, პრინციპულობასა და იდეალიზმს, რასაც ნებისმიერი პროტესტის წარმატებულ პროტესტად ქცევა შეუძლია. ისტორიიდან გახსენებთ რამდენიმე მაგალითს, როდესაც სტუდენტების ბრძოლამ სამყარო უკეთესი გახადა.
უნგრეთის რევოლუცია, 1956 წელი
1956 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაანონსებული “დესტალინიზაციის” პოლიტიკას, უნგრეთში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. უნგრელები სამართლიანად ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა კავშირს უნგრეთზე კიდევ უფრო დიდი კონტროლის მოპოვება სურდა. 22 ოქტომბერს, უნგრელი სტუდენტების ჯგუფმა 16-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლითაც ეროვნულ დონეზე პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვდნენ. ანტი-საბჭოთა პროტესტმა უნგრეთის დედაქალაქის ქუჩები მალევე მოიცვა, სტუდენტებმა მოახერხეს ტელევიზიის დაკავება და მათი მოთხოვნების ეთერით გაჟღერება. უნგრეთის საბჭოთა მთავრობამ სტუდენტების დაკავების ბრძანება გასცა, რამაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის ტელევიზიის გარშემო მობილიზაცია გამოიწვია, ისინი დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. საბჭოთა უნგრეთმა ძალის დემონსტრირებით პროტესტის ჩახშობა გადაწყვიტა და მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, სწორედ ამან დაუდო დასაბამი 1956 წლის უნგრეთის რევოლუციას.
სტუდენტების 16-პუნქტიანი მოთხოვნები მრავალ მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, ისინი ითხოვდნენ როგორც ახალ არჩევნებს, ასევე საბჭოთა ჯარების ტერიტორიიდან გაყვანას, სტალინის ძეგლის ჩანაცვლებას ეროვნულ გმირთა მემორიალით, საბჭოთა სიმბოლიკის ამოღებას, პოლიტიკაში სტუდენტთა სათანადო რეპრეზენტაციას და სხვა.
სტუდენტების მიერ გამოწვეულმა რევოლუციურ ტალღამ, უნგრეთის ჯარის დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადმოიყვანა, საბოლოო ჯამში კი - ახალი მთავრობის შექმნას დაუდო საფუძველი. მთავრობას თავმჯდომარე იმრე ნადი იყო, რომელიც ქვეყანას მრავალპარტიულობას, დემოკრატიულობას და განვითარებას ჰპირდებოდა, იმრე ნადიმ უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა და გაეროს მოუწოდა, მხარი დაეჭირა უნგრეთის ახალი მისწრაფებებისთვის. იმ დროს დასავლეთმა საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების შიშით, უნგრეთის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, რასაც 1956 წლის 4 ნოემბერს, საბჭოთა ჯარების სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა. რევოლუცია ჩაახშეს, დაიღუპა 2000-ზე მეტი უნგრელი, 200 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

უნგრეთის რევოლუცია
ფოტო: BBC
ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ უნგრელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას, ისინი საბჭოთა არმიას მარშალი ჟუკოვისა და ცეკას მდივნის, ვასილ მჟავანაძის ბრძანებით ეხმარებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის რევოლუცია წარუმატებელი აღმოჩნდა, უნგრელმა სტუდენტებმა საფუძველი ჩაუყარეს ქვეყანაში შეუპოვარ და თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მათი ბრძოლა კი იქცა ინსპირაციად საბჭოთა ჰეგემონიით შეწუხებული სხვა ქვეყნებისთვისაც.
გრინზბორო, ჩრდილოეთ კაროლინა, მჯდომარე მოძრაობა, 1960 წელი
1960-იან წლებში, ამერიკის ბევრ შტატში ჯერ კიდევ მძლავრი იყო რასობრივი სეგრეგაცია. აფრო-ამერიკელებისთვის მოქმედებდა კანონები, რომლებიც მათ საჯარო სივრცეებში (რესტორნები, სკოლები, ავტობუსები და სხვა) თეთრკანიანებისგან ყოფდა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სიმბოლო ამ სეგრეგაციისა იყო კაფეებში არსებული პრაქტიკა, სადაც ისინი მხოლოდ თეთრკანიანებს ემსახურებოდნენ და აფრო-ამერიკელებისთვის სერვისის გაწევაზე უარს მხოლოდ მათი კანის ფერის გამო ამბობდნენ.
1960 წლის 1 თებერვალს, ჩრდილოეთ კაროლინის აგრარული და ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა აფრო-ამერიკელმა სტუდენტმა გადაწყვიტა, პროტესტის იქამდე კარგად ნაცნობი ფორმისთვის მიემართათ და გრინზბოროში, ერთ-ერთ, მხოლოდ თეთრკანიანთათვის განკუთვნილ კაფეში დამსხდარიყვნენ. სტუდენტებმა საჭმლის შეკვეთა ითხოვეს, თუმცა, უარი მიიღეს. კაფეს დატოვების ნაცვლად კი, ისინი ადგილზე დარჩნენ და ადგომაზე უარი განაცხადეს. სტუდენტების ამ გამბედავ აქტს გადამდები ეფექტი ჰქონდა, რამდენიმე დღეში პროტესტის ამ ფორმამ სხვა ქალაქებიც მოიცვა, სტუდენტები სხვადასხვა ადგილებში სხდებოდნენ და რასობრივ სეგრეგაციას სრულიად მშვიდობიანად აპროტესტებდნენ. 1960 წლის ბოლოს, მჯდომარე პროტესტი 55 ქალაქში ჩატარდა და 70 000-ზე მეტი ადამიანი გააერთიანა.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, ჩრდილოეთ კაროლინა
ფოტო: Wikipedia
სტუდენტთა ტაქტიკა მარტივი იყო:
არაძალადობრივი პროტესტი - მაჰათმა განდისგან ინსპირირებულებმა შეძლეს, რომ მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს. მათმა ამ სიმტკიცემ და პრინციპულობაც ფართო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა მალე მოიპოვა;
რეზისტენტულობა დაკავებების მიმართ - პროტესტის ზრდას მოჰყვა დემონსტრანტების დაკავებაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სხვის ტერიტორიაზე შეჭრის ბრალდებებით, თუმცა პროტესტის მონაწილეების დაშინების ნაცვლად, ამან პირიქით ეფექტი მოახდინა. მჯდომარე მოძრაობის წევრები ამაყად მიდიოდნენ ციხეში და კიდევ უფრო მეტად ზრდიდნენ სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის შესახებ ადამიანთა ცნობიერებას;
ზეწოლა ეკონომიკაზე - მჯდომარე პროტესტებმა ბიზნესი აიძულა, სეგრეგაციის პრაქტიკა აღმოეფხვრა. რაც უფრო იმატებდა პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა, მით უფრო მეტ მომხმარებლებს კარგავდნენ კაფეები თუ სხვა საჯარო დაწესებულებები.
1960 წლის ბოლოს უკვე მრავალ დაწესებულებას ჰქონდა შეცვლილი მავნე პრაქტიკა, 1964-65 წლებში კი სეგრეგაცია საკანონმდებლო დონეზეც აიკრძალა.
მჯდომარე მოძრაობა გახდა ინსპირაცია 1961 წლის პროტესტისა, რომელიც საჯარო ტრანსპორტში რასობრივ სეგრეგაციას დაუპირისპირდა. 4 სტუდენტი, რომლებმაც პროტესტი დაიწყეს, მოგვიანებით ისტორიაში შევიდნენ, როგორც “გრინზბოროს ოთხეული” და 2002 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში მათი ძეგლი დადგეს.

გრინზბოროს ოთხეული
ფოტო: NPR
ჰონგ-კონგის პროტესტი, 2019-2020 წლები
2019 წელს, ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანომ წარადგინა კანონი, რომლის მიხედვითაც, დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში, ტაივანსა და მაკაოში ექსტრადიცია იქნებოდა შესაძლებელი. კანონი მას შემდეგ დაინიცირდა, რაც 19 წლის ჰონგ-კონგელმა კაცმა ტაივანში ორსული შეყვარებული მოკლა, ჰონგ-კონგში გაიქცა და მისი ექსტრადიცია შეუძლებელი გახდა. კანონის ცვლილების მცდელობას საზოგადოების მღელვარება მოყვა, რადგან ადამიანები თვლიდნენ, რომ მსგავსი კანონი ჰონგ-კონგს იურიდიულ სისტემას ავტონომიურობას აკარგვინებდა და პოლიტიკური დევნის საფრთხეს ზრდიდა. პროტესტი 2019 წლის ივნისში დაიწყო.
სტუდენტები ჰონგ-კონგის პროტესტი ცენტრალურ როლს თამაშობდნენ, ისინი აორგანიზებდნენ მსვლელობებს, მჯდომარე აქციებს, ბოიკოტებს, იყვნენ ქუჩის პროტესტის წამყვანი ფიგურები. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტების სტუდენტები პოლიციელებთან შეტაკების პირველ ხაზზე იდგნენ. უნივერსიტეტის კამპუსები საბრძოლო ველებად იქცა, მაგალითად, ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტი და ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტები კონფლიქტის მთავარი წერტილები იყო.
2019 წლის სექტემბერში ექსტრადიციის კანონი პარლამენტმა უკან გაიწვია, თუმცა, ამით პროტესტი არ შეჩერებულა. სტუდენტების მოთხოვნები ზოგადი თავისუფლებისთვისა და ბეიჯინგის მიერ ჰონგ-კონგზე მზარდი კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა. პროტესტმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო არამხოლოდ იმ ბრუტალურობის გამო, რასაც ჰონგ-კონგის ხელისუფლება მიმართავდა დემონსტრანტთა წინააღმდეგ, არამედ პროტესტის იმ ფორმების გამო, რომლებსაც დემონსტრანტები იყენებდნენ. ფორმების კრეატიულობამ, მრავალფეროვნებამ და ავთენტურობამ არამხოლოდ დემონსტრანტების მოტივაციაზე იქონია გავლენა, არამედ იქცა ინსპირაციად სხვა პროტესტებისთვისაც, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე ანტირუსული დემონსტრაციებისთვის (მაგალითად: გაზის კაფსულების განეიტრალების ტექნიკა, აირწინაღების გამოყენება, სახის დაფარვა ქოლგებითა თუ სხვა დამხმარე საშუალებებით კამერებისგან დასამალად და სხვა).
ჰონგ-კონგის დემონსტრანტების მოთხოვნები შემდეგი იყო:
- კანონის სრულად გაწვევა;
- პოლიციის ბრუტალური დანაშაულების გამოძიება;
- ახალი არჩევნები;
- ჰონგ-კონგის მმართველის, კერი ლამის გადადგომა;
- დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.
ჰონგ-კონგის პროტესტმა რამდენიმე კრეატიული ტაქტიკა დაგვიტოვა:
ქოლგის გამოყენება: ქოლგა პროტესტის ცენტრალური სიმბოლო იყო, რადგან ის გამოიყენებოდა როგორც ფარად ცრემლმდენი გაზისა და წიწაკის სპრეის წინააღმდეგ, ასევე კამერებისგან დასაცავად. ქოლგა ჰონგ-კონგის პროტესტში იქამდეც ფიგურირებდა, 2014 წელს ჩამოყალიბდა სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფი - ქოლგის მოძრაობა, რომელიც სწორედ ქოლგას იყენებდა იმავე მიზნებისთვის. ასე იქცნენ ქოლგები თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოებად;

ქოლგების ტაქტიკა ჰონგ-კონგში
ფოტო: Medium
“იყავი წყალი” სტრატეგია: ბრუს ლის ცნობილი საბრძოლო ხელოვნების ფილოსოფიის გადმოტანა პროტესტში - კრეატიული ტაქტიკა, რომელიც მოქნილობას, მობილურობასა და დეცენტრალიზაციას ეყრდნობოდა. მთავარი ამოცანა ცვლილებების მიმართ ფლუიდურობა და მარტივი ადაპტაცია იყო. პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილი ადამიანები პოლიციის ძალადობრივ ქმედებებზე კონტექსტიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.
ეს ტაქტიკა იყო გამოყენებული ე.წ. “დაარტყი და გაიქეცი” ტიპის აქტივობებში, მაგალითად: ქუჩის ბლოკირება და იმავე წამს გაქცევა, რა წამსაც პოლიცია ბლოკირებულ ქუჩას მოაღწევდა. მსგავსმა ქმედებებმა აქტივისტები უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, გაუჩინა მათ ავტონომიურობის განცდა, საპოლიციო ძალებს თავად უწევდათ მუდმივი ადაპტაცია პროტესტის ახალი ფორმების მიმართ.
ლენონის კედლები: აჭრელებული ფერადი კედელი მშვიდობიანი პროტესტის ფორმა იქამდეც იყო, მაგალითად, პრაღაში თუ გიმოგზაურიათ, ლენონის კედელი, ალბათ, ნანახი გექნებათ. ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ლენონის კედლებად აქციეს საჯარო სივრცეები, მეტროს სადგურები, უნივერსიტეტის კამპუსები და ქუჩები, ისინი პულვერიზატორის და სტიკერების გამოყენებით ტოვებდნენ პროტესტის გამომხატველ ნახატებსა თუ მესიჯებს. მსგავს მესიჯებს შორის იყო: თავისუფლება ჰონგ-კონგს, გადადგეს კერი ლამი, ჰონგ-კონგი არ არის ჩინეთი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მესიჯებს აქტიურად შლიდა, კედლები მაინც იქცნენ პროტესტის გამოხატვის ადგილებად.

"ლენონის კედელი"
ჰონგ-კონგის პროტესტმა მხოლოდ კანონის გაწვევა შეძლო, სხვა მოთხოვნები არათუ არ დაკმაყოფილდა, არამედ პოლიტიკური დევნა, აქტივისტების დაკავება და ბეიჯინგის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. თუმცა, რაც ამ პროტესტმა შეძლო, ესაა პროდემოკრატიული სენტიმენტის გამყარება, ჰონგ-კონგელების წინააღმდეგობის ჩვენება და ინსპირაცია სხვა ქვეყნების დემონსტრაციებისთვის.
პროტესტი სერბეთში, 2024-2025
2024 წლის პირველ ნოემბერს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. ახალგარემონტებული რკინიგზის სადგური, რომელიც მოდერნიზაციისა და პროგრესის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, ჩამოინგრა. დაიღუპა 15 და მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი. ნოვი სადის რკინიგზის სადგური გახდა სერბეთში ფეხმოკიდებული კორუფციისა და მთავრობის უპასუხისმგებლობის სიმბოლო. სტუდენტებმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება გადაწყვიტეს.

სტუდენტების პროტესტი სერბეთში
ფოტო: ალ ჯაზირა
პირველად, 15-წუთიანი მდუმარე აქციით ქალაქში უწყვეტი საცობი შექმნეს, ამ ფორმით მიაგეს პატივი 15 დაღუპულის ხსოვნას. პროტესტის ამ ფორმამ საზოგადოების ყურადღება მარტივად მიიპყრო. დღეის მონაცემებით, დემონსტრაციები სერბეთის 276 ქალაქში ჩატარდა, დემონსტრანტები აპროტესტებდნენ როგორც კონკრეტულად ნოვი სადის ტრაგედიას, ასევე სისტემაში გამეფებულ კორუფციას.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან 20 დღის შემდეგ, სერბეთის მთავრობის განცხადებით, 11 პასუხისმგებელი პირი დააკავეს, პროტესტი არათუ გაჩერდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა და 22 დეკემბერს, სერბეთის ისტორიაში ყველაზე დიდმა დემონსტრაციამ ბელგრადში სლავიას მოედანზე ათი ათასობით მომიტინგეს მოუყარა თავი. დემონსტრანტები ითხოვდნენ, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დამდგარიყო.

სტუდენტები კეტავენ ხიდს ბელგრადში
ფოტო: Euronews
სერბი სტუდენტების ბრძოლის მეთოდები ტექნიკურიცაა და კრეატიულიც, მათი დემონსტრაციების ეფექტურობას სტუდენტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი სრული დეცენტრალიზაცია და იერარქიის არარსებობაა. იმის გამო, რომ პროტესტს ყოველდღიურად სხვადასხვა სპიკერი ჰყავდა, მთავრობას კონკრეტული ლიდერების მიზანში ამოღება გაუჭირდა, შესაბამისად, ვერც მათი დაშინება შეძლეს და ვერც პროპაგანდით განეიტრალება.
პროტესტის მოთხოვნები მალევე გაიზარდა და მთავრობის პასუხისმგებლობის გარდა, სტუდენტებმა მოითხოვეს მომხდარის ობიექტური გამოძიება, დაკავებული და დაჯარიმებული დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტა და განათლების სისტემაში მეტი ბიუჯეტის ჩადება.
ლექციები შეწყდა, სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტის შენობები, გააკეთეს საიტი, სადაც ახლდებოდა მათი საჭიროებები - საჭმელ-სასმლიდან დაწყებული, საძილე ტომრებით დასრულებული. ადამიანები პროტესტს ეხმარებოდნენ ფინანსურადაც.

სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტში
როგორ მოიქცა მთავრობა?
- პრეზიდენტი ვუჩიჩი მის მიერვე კონტროლირებად მედიაში აცხადებდა, რომ პროტესტის ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო - რასაც სტუდენტები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ;
- პროტესტს დააბრალეს გარე ძალებიდან დაფინანსება;
- პროტესტს დააბრალეს ოპოზიციურ პარტიებთან აფილირება;
- დემონსტრანტებს უწოდებდნენ “ფერად რევოლუციონერებს”, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აბრალებდნენ;
- ვუჩიჩის სამიზნე გახდნენ ლექტორებიც, პრეზიდენტი მათ მოუწოდებდა, თავიანთი საქმე სათანადოდ შეესრულებინათ.
თუმცა, მიუხედავად მთავრობის ამ მანიპულაციებისა, პროტესტის საჯარო მხარდაჭერა იზრდება. სერბი მოქალაქეები ეხმარებიან სტუდენტებს, მათთან ერთად ერთვებიან მარშებსა და დემონსტრაციებში, იტოვებენ სახლებში, უმასპინძლდებიან საკვებით, ეხმარებიან გადაადგილებაში და ა.შ. სტუდენტების მიერ ოკუპირებულ უნივერსიტეტებში იმართება საჯარო დისკუსიები და ლექციები. პროფესორები, იურისტები, ხელოვანები, მსახიობები, სპორტსმენები, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი უჭერს მხარსსტუდენტების პროტესტს. ბევრი მათგანი, სოლიდარობის მიზნით, გაიფიცა კიდეც.
საბოლოოდ, მიუხედავად მთავრობის მცდელობებისა, პროტესტმა შედეგი მაინც გამოიღო, 28 იანვარს სერბეთის პრემიერმინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა (ვუჩევიჩისა და მისი მთავრობის გადადგომას სერბეთის პარლამენტმა მხარი 19 მარტს დაუჭირა), ასევე გადადგა ნოვი სადის მერი.
პრეზიდენტ ვუჩიჩის განცხადებით, თუ ახალი მთავრობის ფორმირება 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ივნისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება.
სტუდენტები გაჩერებას არ აპირებენ, ბოლო კვლევებით, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს, ხოლო მოსახლეობის მესამედს ამა თუ იმ ფორმით, მიუღია პროტესტში მონაწილეობა. სერბეთის სტუდენტები წარდგენილები არიან 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, რაც ხაზს უსვამს მათ საერთაშორისო მხარდაჭერასა და პროტესტის სრულად არაძალადობრივობას.
იმის გამო, რომ სტუდენტები მკაცრად ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ აფილაციას, მათ მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო იზრდება და გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ სერბეთის ისტორიაში არაერთი სტუდენტური პროტესტის წარმატებულობის მიუხედავად, 2024-2025 წლის დემონსტრაციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სერბი ხალხისთვის.
საქართველო, 14 აპრილი, 1978 წელი
საბჭოთა კავშირის რუსიფიკაციის პოლიტიკას, რომელმაც 1978 წელს მიზნად დაისახა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის სახელმწიფო ენა რუსულით ჩაენაცვლებინა, საზოგადოების პროტესტი მოყვა. რუსიფიკაციის პოლიტიკის მთავარი მიზანი საბჭოთა ქვეყნების სისტემაში უკეთ მოქცევა, მათი რუსეთთან უფრო დაახლოება და მათზე კონტროლის მოპოვება იყო.

14 აპრილი, 1978
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
1978 წლის 14 აპრილს, საქართველოში მცხოვრები სტუდენტები და ინტელექტუალები თბილისში შეიკრიბნენ და სახელმწიფო ენის დასაცავად პროტესტი დააორგანიზეს. ათასობით სტუდენტმა ქუჩები დაიკავა, ისინი აფრიალებდნენ საქართველოს დროშებს და შეძახილებით ითხოვდნენ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებას. პროტესტი იმავე დღეს გამწვავდა. დემონსტრანტებს მთავრობის სახლთან საბჭოთა ჯარი ელოდა. კომ-პარტიის იმდროინდელმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ მანიფესტანტების დაშოშმინება სცადა, რა დროსაც 1956 წლის მარტის მოვლენებიც ახსენა, როცა ოფიციალურად, 27 ადამიანი დაიღუპა (არაოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი 100-ზე მეტი იყო) საბჭოთა ძალებთან შეტაკებისას. შევარდნაძის ამ მცდელობას მხოლოდ წინააღმდეგობა მოყვა.
1978 წლის 15 აპრილს, New York Times-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით “საბჭოთა ქართველები ქუჩებში საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად გავიდნენ”. სტატიაში წერია, რომ დემონსტრაციაზე 20 000 ადამიანი შეიკრიბა, რომ დადის ხმები, თითქოს შევარდნაძემ დაპირება გასცა სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებაზე და რომ პროტესტი საბჭოთა პრესას არ გაუშუქებია. სტატიაში ასევე წერია, რომ ინფორმაცია პროტესტის შესახებ სატელეფონო ზარის საშუალებით მიიღეს, კაცმა, რომელმაც რედაქციაში დარეკა, შემდეგი წინადადება თქვა: “დემონსტრაციას ვმართავთ კონსტიტუციის წინააღმდეგ, ქართულ ენასთან დაკავშირებით. გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან!”

ქართული პროტესტის შესახებ New York Times-ში
ფოტო: IDFI
შევარდნაძის მცდელობა, დაეშოშმინებინა მომიტინგეები - უშედეგოდ დასრულდა. შედეგი არც საბჭოთა ჯარის ძალის დემონსტრირებას ჰქონია. საბჭოთა საქართველოს უკანდახევა მოუწია. 1978 წლის პროტესტმა, რომლის მთავარი მონაწილე პირებიც სტუდენტები იყვნენ, საფუძველი დაუდო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
14 აპრილი კი “დედაენის დღედ” გამოცხადდა და დღემდე საბჭოთა/რუსული მეთოდების წინააღმდეგ ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა.
სტუდენტები საქართველოში დღესაც აქტიურად აპროტესტებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები განსხვავებული საპროტესტო ფორმებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. მათ შორის, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა უკვე რამდენიმე თვეა, რაც თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში უწყვეტი პროტესტით მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვს, რის გამოც ცოტა ხნის წინ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფრთხის წინაშეც იყვნენ, თუმცა საზოგადოების სოლიდარობამ უნივერსიტეტის რეაქტორს უკან დაახევინა.
ასევე ნახეთ:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები