სისხლის რეგულარულად გაღება შეიძლება დონორში სიმსივნის რისკს ამცირებდეს — ახალი კვლევა

ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის მიხედვით, სისხლის რეგულარულად გაღება არა მხოლოდ სხვების სიცოცხლეს ეხმარება, არამედ დონორის ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა 217 კაცის სისხლის ნიმუშები სხვა 212 კაცისას შეადარა. პირველ ჯგუფს სიცოცხლის განმავლობაში სისხლი 100-ზე მეტჯერ ჰქონდა გაღებული, მეორე ნაწილს კი 10-ჯერაც არა. დადგინდა, რომ აქტიურ დონორთა DNMT3A გენში სასარგებლო მუტაციები უფრო ხშირი იყო. ამ გენის სხვა მუტაციები აქამდე სისხლის სიმსივნეს უკავშირდებოდა.
"ეს კვლევა გასაოცარი მაგალითია იმისა, თუ როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ჩვენი გენები და გარემო ასაკის მატების პარალელურად", — ამბობს ღეროვანი უჯრედების ბიოლოგი დომინიკ ბონე, რომელიც ბრიტანეთში მდებარე ფრენსის კრიკის ინსტიტუტში მუშაობს.
მეცნიერებმა სისხლის ღეროვანი უჯრედები შეისწავლეს. ისინი საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტ სისხლს წარმოქმნის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს მექანიზმი შეიძლება მოიშალოს, რაც ლეიკემიის რისკს ზრდის.
სისხლის დაკარგვა, ამ შემთხვევაში გაცემა, ჰორმონ ერითროპოეტინის გამომუშავებას ააქტიურებს. აღმოჩნდა, რომ DNMT3A მუტაციის მქონე უჯრედები სისხლს უფრო სწრაფად წარმოქმნის. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ სისხლის დაკარგვით გამოწვეულმა სტრესმა მისი უფრო ჯანსაღი დონე უზრუნველყო.
"ქმედებები, რომლებიც სისხლის უჯრედების წარმოქმნის მიმართ მსუბუქ სტრესს იწვევს, ღეროვანი უჯრედების განახლებას უწყობს ხელს. ეს პროცესი მეტად აძლიერებს ისეთ მუტაციებს, რომლებიც ღეროვან უჯრედებს წარმოქმნის და არა დაავადებებს", — სხნის ბონე.
სისხლის გაღება ღეროვანი უჯრედების უკეთ "გაწვრთნას" უწყობს ხელს, რადგან დაკარგული სისხლი ასე მათ მიერ ოპტიმალურად ნაცვლდება. ეს თაგვებზე ჩატარებულმა ცდამაც დაადასტურა, სადაც სისხლის რეგულარულმა დაკარგვამ რეგენერაციის უნარის გაძლიერებას შეუწყო ხელი. საინტერესოა, რომ ამ დროს მავნე მუტაცია არ განვითარებულა.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი გარემოებებიც არსებობს. მაგალითად, დონორები, როგორც წესი, ჯანმრთელები არიან, ამიტომ დამატებითი სარგებლის განსაზღვრა რთულია. შესაძლოა, ეს მათი უკეთესი ფიზიკური მდგომარეობით იყოს განპირობებული.
"ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფს მოიცავს, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მართლა ამცირებს თუ არა სისხლის გაღება ლეიკემიის რისკს", — ამბობს ბონე. "ამ შედეგების გადამოწმება ადამიანების უფრო დიდ ჯგუფებზე მოგვიწევს".
მიუხედავად იმისა, სისხლის გაღებას ჯანმრთელობისთვის დამატებითი სარგებელი მოაქვს თუ არა, დონორების საჭიროება კვლავ ძალიან მაღალია. მაგალითად, მხოლოდ აშშ-ში ყოველ ორ წამში სისხლი ან თრომბოციტები ესაჭიროებათ.
ამ მიგნებების დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. მანამდე უკანასკნელი აღმოჩენა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, როგორ იწყება სისხლის სიმსივნე. ეს ახალი თერაპიული შესაძლებლობებისკენ გვიხსნის გზას.
"ჩვენ ახლა იმის გარკვევას ვცდილობთ, რა როლს ასრულებს ლეიკემიის განვითარებაში სხვადასხვა ტიპის მუტაციები და შეიძლება თუ არა მკურნალობაში მათი მიზანმიმართულად გამოყენება", — ამბობს ბიოლოგი ჰექტორ უერგა ენკაბო, რომელიც ასევე ფრენსის კრიკის ინსტიტუტში მუშაობს.
კვლევა გამოცემაში Blood გამოქვეყნდა.
კომენტარები