კაცობრიობის მრავალფეროვნების ერთ-ერთი უტყუარი დასტური იზოლირებული აბორიგენები არიან, რომელთაც "უკონტაქტო ტომების" სახელით მოიხსენიებენ. ასეთი ტომების რაოდენობა 100-სს აღემატება, მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები და რა ვიცით იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რას გულისხმობს ტერმინი "უკონტაქტო" — ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტომებს სხვა, უცხო ადამიანი არასოდეს შეხვედრიათ. როგორც ორგანიზაცია Survival International განმარტავს, ასეთებად მიიჩნევიან "ტომობრივი ხალხები, რომლებიც გარე სამყაროსთან კონტაქტს ერიდებიან. ეს შეიძლება იყოს მთელი ტომი ან შედარებით დიდი კონტაქტური ტომის ქვეჯგუფები".

მაშკო-პირო

მაშკო-პირო სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები უკონტაქტო ტომია. ვარაუდობენ, რომ იქ ადამიანთა რაოდენობა 750-ს აჭარბებს, რაც მას დღემდე არსებულ ყველაზე დიდ უკონტაქტო ტომად აქცევს.

იზოლაციის შენარჩუნების სურვილის მიუხედავად, მათი ისტორია სხვებთან შეხვედრის ტრაგიკული შედეგებით არის სავსე. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს მათ მიწებზე რესურსების მაძიებელი კოლონიზატორები შეიჭრნენ, ტერიტორიები მიისაკუთრეს და ტომის წევრები მონებად აქციეს.

იყო ფიზიკური ძალადობა და მკვლელობებიც.

დღესდღეობით მაშკო-პიროს საფრთხე კვლავ ემუქრება, განსაკუთრებით ტყეების გაჩეხის გამო. ამ არეალში ხე-ტყის გადამამუშავებელი რამდენიმე კომპანია უკვე ოპერირებს, 2024 წლის ივლისში კი ტომის ტერიტორიასთან ახლოს კიდევ ერთი ასეთი საწარმო შენიშნეს.

კავაჰივა

კავაჰივას ტომი ბრაზილიის ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს და ნადირობა-შემგროვებლობის ცხოვრების წესს მისდევს. მათი კვების რაციონი პეკარების (ველური ღორი), მაიმუნებისა და ფრინველების ხორცს მოიცავს. ასევე, ტყეში ნაპოვნ ხილსა და კაკალს.

ამ ტომის შესახებ ცნობები ძალიან მწირია: მხოლოდ ის, რაც მათ მიერ დატოვებული კვალის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ. მაგალითად, თანამედროვე დაკვირვებებით ჩანს, რომ კავაჰივა მომთაბარე ტომია, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მათი ყოფილი საცხოვრებელი ადგილები მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი უფრო მუდმივ დასახლებებში ცხოვრობდნენ.

ამის მიუხედავად, მათ მიწებზე ხე-ტყის ჭრა, მესაქონლეობა და სხვა მსგავსი საქმიანობა აქტიურ ფაზაში შედის, რაც ტომს საფრთხეს უქმნის. მიუხედავად მცდელობებისა, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, კავაჰივას ტომის დარჩენილი წარმომადგენლები იძულებულნი არიან, ერთი ადგილიდან მეორეში გადაინაცვლონ. ასე ისინი მათ ტერიტორიაზე შეჭრილ ადამიანებსა და ამასთან დაკავშირებულ პოტენციურ საფრთხეებს არიდებენ თავს.

სენტინელები

სენტინელები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკონტაქტო ტომია, თუმცა მათ შესახებაც მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით. ისინი ნორთ-სენტინელის კუნძულზე ცხოვრობენ, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. თავად ტომში დაახლოებით 100 ადამიანია.

სხვადასხვა უკონტაქტო ტომი ზოგჯერ მეზობელ ჯგუფებს მაინც ხვდება, მაგრამ სენტინელების შემთხვევაში ეს შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ ისინი სრულიად იზოლირებულ კუნძულზე ცხოვრობენ, სადაც არავისთან უწევთ ურთიერთობა.

ისინი კონტაქტის სურვილს არც გამოხატავენ, პირიქით — მათ არაერთხელ მიანიშნეს, რომ უცხოები არ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შესვლა ოფიციალურად აკრძალულია, სხვადასხვა დროს სენტინელებთან კონტაქტს მაინც ცდილობდნენ. ეს ყოველთვის აგრესიული რეაქციით სრულდებოდა, გაფრთხილების ნიშნად მშვილდ-ისრის დამიზნებით დაწყებული, არასასურველი სტუმრების მკვლელობით დამთავრებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.