ჩვენგან 5.96 სინათლის წლის მანძილზე არსებობს ობიექტი, რომელსაც ბარნარდის ვარსკვლავი, იგივე GJ 699, ეწოდება. ის დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ცალკეული მნათობია, ანუ სხვა ვარსკვლავებთან ერთ სისტემაში არაა მოქცეული. ასევე, წითელი ჯუჯის ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია. შესაბამისად, მისი შესწავლა სხვა პლანეტური სისტემებისა და მთლიანად ირმის ნახტომის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

ახლა ასტრონომებმა GJ 699-ის გარშემო 4 მყარი (კლდოვანი) ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს, რომელთა ზომაც დედამიწისას ჩამოუვარდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პატარა ციური სხეულების აღმოჩენა მთელ რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ეგზოპლანეტის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შევიტყვეთ, მაგრამ მაშინ მას კანდიდატის სტატუსი ჰქონდა. ახლა მასთან ერთად კიდევ სამი ობიექტის ავთენტურობაშიც დავრწმუნდით.

ნებისმიერი მნათობის გარშემო მცირე ზომის ციური სხეულის დაფიქსირება ძნელია, რადგან მის არსებობაზე მიანიშნებს გავლენა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის სიკაშკაშეზე ან მოძრაობაზე აქვს. გიგანტური ეგზოპლანეტების შემთხვევაში ეს, მეტწილად, მკაფიოდ ჩანს, რადგან როცა მსგავსი ობიექტი ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის წინ გადაადგილდება, მისი სინათლის ნაწილს შესამჩნევად ბლოკავს.

წითელი ჯუჯები ყველაზე პატარა ვარსკვლავებია, ამიტომ მათ ირგვლივ ასეთი ობიექტების აღმოჩენის შანსი უფრო დიდია. თანაც ბარნარდის ვარსკვლავი ჩვენთან ახლოსაა, რაც საქმეს ამარტივებს. მას მეცნიერები ჰავაიში მდებარე ტელესკოპის MAROON-X-ად წოდებული ინსტრუმენტით აკვირდებოდნენ — სამი წლის განმავლობაში, ჯამში 112 ღამე. მიღებულ მონაცემებში მათ GJ 699-ის ერთგვარ რხევით მოძრაობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სწორედ ეგზოპლანეტების გავლენაა. ამის მიხედვით მათ ამ ობიექტების ორბიტული პერიოდი და მასა გამოთვალეს:

  • ბარნარდ b დედამიწაზე 0.3-ჯერ მასიურია და საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას 3.2 დღეს ანდომებს.
  • ბარნარდ c დედამიწაზე 0.34-ჯერ მასიურია და 4.1-დღიანი ორბიტული პერიოდი აქვს.
  • ბარნარდ d დედამიწაზე 0.26-ჯერ მასიურია და 2.3-დღიანი ორბიტული პერიოდი აქვს.
  • ბარნარდ e დედამიწაზე 0.19-ჯერ მასიურია და 6.7-დღიანი ორბიტული პერიოდი აქვს.

იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მათგანი ვარსკვლავის ირგვლივ შემოვლას ხანმოკლე დროს ანდომებს, ესე იგი მასთან საკმაოდ ახლოს მოძრაობს. შესაბამისად, მნათობისგან მიღებული სიმხურვალის გამო ეს ციური სხეულები სიცოცხლისთვის თავსებადი ვერ იქნება, რადგან იქ თხევადი წყლის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.