ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ორგანიზაციის, SINTEF-ის, მეცნიერებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ წყალბადის პლაზმის ტექნოლოგიის შექმნაში. კვლევით დაადგინეს, რომ ზეგაცხელებულ მდგომარეობაში წყალბადი მეტალის მადნებს ჟანგბადს ბევრად უფრო ეფექტიანად აშორებს.

მკვლევრებს ისეთი ტექნოლოგიის შექმნა სურთ, რომლითაც ფოლადის წარმოება ნახშირორჟანგის (CO2) ემისიების გარეშეც იქნება შესაძლებელი.

"თუ ეს გამოგვივა, მნიშვნელოვნად შევამცირებთ მეტალის ინდუსტრიის მიერ CO2-ის გამოყოფას, რაც დიდი ნაბიჯი იქნება, რომ ფოლადის წარმოება უფრო ეკომეგობრული გახდეს", — თქვა კრისტინ ბლიმ, SINTEF-ის მეცნიერების მაგისტრმა.

მეტალის ინდუსტრია მადნიდან მეტალის მისაღებად ნახშირსა და კოქსს იყენებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის CO2-ის გამოყოფას. ტრადიციული მეთოდები წიაღისეულ საწვავს ეყრდნობა, გუნდის ინოვაციური მიდგომა კი მათ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს გვთავაზობს.

წყალბადის პლაზმა — წიაღისეული საწვავის ეკომეგობრული ალტერნატივა

წყალბადის პლაზმას უნიკალური თვისებები გააჩნია.

"ჩვეულებრივი აირი საკმარისად რეაქტიული არ არის. წყალბადი ძალიან მაღალ ტემპერატურამდე გაცხელებას გარდაიქმნება პლაზმად, რომელიც, ჩვეულებრივ, წყალბადთან შედარებით გაცილებით რეაქტიულია", — განმარტავენ მკვლევრები.

ასეთ ზეგაცხელებულ მდგომარეობაში წყალბადი გაცილებით მარტივად აშორებს ჟანგბადს მეტალის მადნებიდან, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით იქნებოდა ეს შესაძლებელი.

ფოლადის დამზადების დროს ჟანგბადს ნახშირში არსებული ნახშირბადი აშორებს, რაც ძალიან ბევრ CO2-ს გამოყოფს. იმავე პროცესში წყალბადის პლაზმის გამოყენებისას მხოლოდ წყლის ორთქლი გამოიყოფა.

რამდენად შესაძლებელია ტექნოლოგიის მასშტაბურად გამოყენება?

SINTEF-ის ამჟამინდელი კვლევა წყალბადის პლაზმის ტექნოლოგიის გამოყენებას ეხება ფერომანგანუმის წარმოებაში. ფერომანგანუმი ფოლადის შექმნისთვის მნიშვნელოვანი შენადნობია.

მკვლევრები არკვევენ, რა მასშტაბით იქნება შესაძლებელი მოცემული ტექნოლოგიის გამოყენება, როგორი იქნება ენერგიასთან დაკავშირებული მოთხოვნები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა მეტალის ინდუსტრიაზე.

HyPla-ს პროექტმა, რომელიც ამ სფეროში მთავარი წამოწყებაა, წყალბადის პლაზმის გამოყენების უპირატესობები უკვე გვაჩვენა.

"თეორიული შესწავლით, ლაბორატორიული ცდებითა და საპილოტე ტესტირებით პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა წარმოების ახალი პროცესი, რომელშიც წყალბადის პლაზმა და ელექტრობა იქნა გამოყენებული მანგანუმის მადნის შესამცირებლად", — ვკითხულობთ პრესრელიზში.

მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის პლაზმის ტექნოლოგიას ჯერ კიდევ იკვლევენ, პროგრესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

მკვლევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან, თუ ენერგომოხმარებასა და ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრება, ამ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, მეტალის წარმოების ამჟამინდელი გზები ჩაანაცვლოს.

ინოვაციურ მეთოდს, შესაძლოა, მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდეს

CO2-ის ემისიების შემცირების გარდა, წყალბადის პლაზმაზე გადასვლამ, შესაძლოა, გლობალურ მომარაგებაზე დიდი გავლენა იქონიოს.

მაგალითად, პოტენციურად მოთხოვნა შემცირდება ტრადიციულ აღმდგენ ნივთიერებებზე, თუნდაც მეტალურგიულ კოქსზე, ხოლო განახლებად ენერგიებზე — გაიზრდება.

უამრავი სახელმწიფო და დაწესებულება ცდილობს ემისიების შემცირებას, წყალბადის პლაზმის ტექნოლოგია კი ამის მისაღწევად ერთ-ერთი გონივრული გზაა.

მნიშვნელოვანია მეტი კვლევა ჩატარდეს, რათა წყალბადის პლაზმის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტექნიკური თუ ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.