დაახლოებით 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსის მსგავსი ადამიანების ჯგუფმა ხუთი თანამოძმე ტინშემეტის გამოქვაბულში დამარხა. მათ საფლავს ატრიბუტის სახით ცხოველთა ნაშთები და წითელი ჟანგმიწის ფრაგმენტები ჩააყოლეს. საინტერესოა, რომ იგივე ტრადიცია ჰქონდათ მათ მახლობლად მცხოვრებ არქაულ ჰომინიდებს, რომლებიც უფრო ნეანდერტალელებს ჰგავდნენ. ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ პრეისტორიული პოპულაციები კულტურულ შეხედულებებსა და ტექნოლოგიებს იზიარებდნენ. შედეგად, მათში საერთო ჩვეულებები, ტრადიციები და პრაქტიკები ჩამოყალიბდა.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ჰომინინების ეს განსხვავებული ჯგუფები ზუსტად ერთნაირ სანადირო სტრატეგიასა და იარაღის დამზადების მეთოდებს იყენებდა. ეს აღმოჩენები იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთს ლევანტში შეხვდნენ და შეერწყნენ. ამ გზით მათ შორის საერთო კულტურა მანამდე წარმოიშვა, სანამ ბიოლოგიურად ერთგვაროვანი პოპულაცია გაჩნდებოდა.

"ამ პერიოდის ჰომინინების უმრავლესობა ჰიბრიდია", — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი იოსი ზაიდნერი. "მათ საერთო კულტურა ჰქონდათ, რადგან ერთმანეთისგან სწავლობდნენ. ისინი სხვადასხვა გენეტიკურ ან ბიოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც ერთიმეორეს ამ რეგიონში შეერია".

ტინშემეტის გამოქვაბულში არსებული საფლავები.

ფოტო: Yossi Zaidner

სწორედ ლევანტში, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე, მსოფლიოს უძველესი საფლავები აღმოაჩინეს, რომლებიც 100 000 და 110 000 წლის წინანდელია. ზუსტად არ ვიცით, თითოეულ ადგილას რომელი სახეობები ცხოვრობდნენ, თუმცა ზოგადი შეხედულებები არსებობს. მაგალითად, კაფზეჰსა და სხულში აღმოჩენილ ნაშთებს ჰომო საპიენსად მიიჩნევენ, ხოლო ნეშერ რამლაში მასთან ნეანდერტალელების თვისებებია შერწყმული. რაც შეეხება თაბუნში ნანახ ჩონჩხებს, ისინი ნეანდერტალელებს ან მათ წინარე პოპულაციას წარმოადგენს. ახალი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტინშემეტშიც ჰომო საპიენსი სახლობდა.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი კვლევით გამოვლენილი ქვის დამუშავების მეთოდი ლევალუას ცენტრიპეტალურ ტექნოლოგიას მიეკუთვნება, რაც მეზობელი ადგილებისას შეესაბამება.

"ასეთი ტიპის იარაღების შექმნის ტექნოლოგიას მხოლოდ ამ პერიოდში ვხვდებით. მანამდე მსგავსი რამ არ ფიქსირდება", — ამბობს ზაიდნერი. "ისინი ყველგან გვხვდება, განურჩევლად იმისა, მათი შემქმნელები ჰომო საპიენსები იყვნენ თუ ნეანდერტალელები".

ზაინდერი აღნიშნავს, რომ ლევალუას ტექნოლოგია მხოლოდ დასრულებული იარაღის ფორმას კი არ აღნიშნავს, არამედ თავად შექმნის პროცესს შეესაბამება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკა კულტურული ცოდნის სახით გადაიცემოდა.

ტინშემეტის გამოქვაბულში მიკვლეული ქვის იარაღი.

ფოტო: Marion Prévost

ამ ადგილებში ნაპოვნი ცხოველთა ნაშთები მიუთითებს, რომ შუა პალეოლითის შუა პერიოდის ჰომინიდები კონკრეტულად დიდ ბალახისმჭამელ ცხოველებზე, მათ შორის გარეულ ხარებსა და ცხენებზე, ნადირობდნენ. ამით ისინი უფრო ადრინდელი და გვიანდელი პოპულაციებისგან განსხვავდებოდნენ.

"მკვდრების დამარხვის წესში ყველა ადგილას გასაოცარი მსგავსებაა. საერთო მახასიათებლებია გვამების მკვეთრად მოხრილი ფორმა და საფლავში სხვადასხვა ობიექტის განთავსება, მათ შორის ცხოველთა ნაშთებისა და წითელი ჟანგმიწის ფრაგმენტების", — წერენ მკვლევრები.

მკვდრების დამარხვის ეს პრაქტიკა და ჟანგმიწის გამოყენება პრეისტორიულ ადამიანებში სიმბოლური აზროვნების განვითარებად მიიჩნევა. ამ ელემენტების სხვადასხვა გამოქვაბულში არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ პოპულაციათა ურთიერთობამ საერთო ტრადიციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკები ამ პერიოდში მხოლოდ ლევანტში გვხვდება. მსგავსი რამ არც იქამდე გვქონია და არც მას შემდეგ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მკაფიო ქცევით ერთგვაროვნებას ვხედავთ", — ამბობს ზაიდნერი.

კვლევა გამოცემაში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.