ადამიანის მონათესავე სახეობა 2 მილიონი წლის წინ უკვე ჩვენსავით დადიოდა — კვლევა

ფოტო: Jason L. Heaton
ითვლება, რომ ჰომინინების გადაშენებული სახეობა Paranthropus robustus ჩვენს პირდაპირ წინაპრებთან ერთად ცხოვრობდა, ახლად აღმოჩენილმა მენჯის ძვალმა კი აჩვენა, რომ ისინი ჩვენს მსგავსად ორ ფეხზე დადიოდნენ. გარდა იმისა, რომ აღმოჩენა ამ სახეობის ჩვენთან მსგავსებაზე მეტყველებს, იგი ასევე აჩვენებს, თუ როგორი დაუცველი იქნებოდა პატარა Paranthropus საშიში მტაცებლებისგან; კითხვისნიშანის ქვეშ დგება არსებული ცოდნაც ამ ჰომინინის სქესობრივი ცხოვრების შესახებ.
Paranthropus robustus-ს სახელი 1938 წელს მიენიჭა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნამარხების საფუძველზე. იმის მიუხედავად, რომ ნიმუშები ექვს სხვადასხვა მღვიმეში აღმოაჩინეს, ყველა მათგანი მჭიდროდაა დაკავშირებული კაცობრიობის აკვანთან — იოჰანესბურგთან მდებარე გამოქვაბულთა სისტემასთან. აღმოჩენილი ნამარხები უმეტესად თავის ქალების, კბილებისა და ყბების ნიმუშებს მოიცავდა. ერთი მხრივ, ეს ჰომინინების გონებრივ შესაძლებლობებზე ბევრს ამბობდა, მეორე მხრივ კი მათი გარეგნობა და ცხოვრების წესი კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა.
სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი სვარტკრანსის მღვიმეში აღმოჩენილი მენჯის, ბარძაყისა და წვივის ნიმუშები, რომლებიც ჩვენი ძვლების პატარა ვერსიებს ჰგავს. ისინი იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ Paranthropus robustus ჩვენსავით ორ ფეხზე დადიოდა და მაიმუნის მსგავსი, ხეზე საცხოვრებლად გამოსადეგი, აღნაგობა არ ჰქონია.
პალეონტოლოგიაში ყველა სხვა საკითხის მსგავსად, Paranthropus-ის სტატუსიც დიდი ხანია, განხილვის საგნადაა ქცეული. ზოგი მათ ცალკე სახეობად არ მოიაზრებს და ავსტრალოპითეკებს აკუთვნებს. ლუსი — ავსტრალოპითეკების ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი — ხეზე ცხოვრობდა, ამიტომ Paranthropus-ში ორ ფეხზე სიარულის უნარი გვაძლევს საფუძველს, იგი ცალკე სახეობად განვიხილოთ.
ასევე იხილეთ: ლუსი — ავსტრალოპითეკი, რომელიც 3 მილიონი წლის წინ ორ ფეხზე დადიოდა
ნამარხი პატარა ზომის ინდივიდს ეკუთვნის, რომელიც სიმაღლეში დაახლოებით 103 სანტიმეტრი იყო და 27 კილოგრამს იწონიდა. ნამარხების შესწავლისას ყოველთვის არის საფრთხე, რომ მკვლევრებს ჰომინინის სახეობის ბავშვი ზრდასრულში აერიოთ და ზომები არასწორად გამოიანგარიშონ. მიუხედავად ამისა, ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ძვალი ახალგაზრდა, მაგრამ ზრდასრულ Paranthropus-ს ეკუთვნოდა.
დასკვნაში ტრევის პიკერინგმა, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის პროფესორმა, თქვა:
"დადგინდა, რომ სიკვდილისას ამ ინდივიდის, სავარაუდოდ მდედრის, სიმაღლე დაახლოებით ერთ მეტრი იყო, ხოლო წონა კი 27 კილოგრამს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უფრო პატარა იყო, ვიდრე ადრეულ ჰომინინთა მცირე ზომის სხვა ზრდასრული წარმომადგენლები — თუნდაც ის ინდივიდები, რომლებსაც ცნობილი "ლუსისა" (Australopithecus afarensis, დაახლოებით 3.2 მილიონი წლის) და "ჰობიტის" (Homo floresiensis, დაახლოებით 90 ათასი წლის) ნაშთები წარმოადგენს".
სვარტკრანსის მღვიმის ტერიტორია იმითაა ცნობილი, რომ ამ პერიოდში იქ გიგანტური აფთრები და ხმალკბილა ვეფხვები ბინადრობდნენ. აღმოჩენილ ძვლებზე დაზიანებები შეიმჩნევა, რომლებიც შეიძლება თანამედროვე ლეოპარდებისგან იყოს მიყენებული. სხეულის ასეთი პატარა ზომა Paranthropus-ს მტაცებლებისთვის ადვილ და მიმზიდველ საკბილოდ აქცევდა. ეს სახეობა, სავარაუდოდ, ქვის იარაღებს ამზადებდა, მაგრამ იგი მაინც არ იყო მზად მსგავსი საფრთხისგან თავის დასაცავად.
ამისდა მიუხედავად, Paranthropus გადარჩა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ინდივიდი ნადირობამ იმსხვერპლა, მთელი სახეობა სუსტ და უსუსურ არსებებად სულაც არ უნდა მივიჩნიოთ. პირიქით, ჩვენთვის ცნობილია, რომ Paranthropus robustus სამხრეთ აფრიკაში მილიონ წელზე მეტხანს გადარჩა", — ამბობს პიკერინგი.
მენჯისა და წვივის ძვლები დაახლოებით 1,7-2,3 მილიონი წლის წინანდელ შრეშია აღმოჩენილი. Paranthropus robustus-ის ნამარხები ყოველთვის ქვის იარაღებთან ერთად გვხვდება. მეცნიერები კვლავ დავობენ, ისინი იყვნენ ამ იარაღების შემქმნელნი თუ ეს მიღწევა ჰომო ერგასტერს ეკუთვნის — იმავე პერიოდში, იმავე ტერიტორიაზე მცხოვრებ სახეობას. მხოლოდ ფეხზე სიარული ვერ დაამტკიცებს, რომ Paranthropus robustus ხელსაწყოებს ამზადებდა, თუმცა ოთხზე სიარულის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელების გათავისუფლება იყო საჭირო საგნების სატარებლად.
ასევე იხილეთ: 1.5 მილიონი წლის წინ ჰომინინები ძვლებისგან უკვე იარაღებს ამზადებდნენ — ახალი მიგნება
Paranthropus robustus-ის თავის ქალა და კბილები ორ განსხვავებულ ზომაში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული თავის ქალის სქესი ზუსტად ვერ განისაზღვრება, ყველაზე გავრცელებული ახსნა ისაა, რომ მამრები გაცილებით დიდი ზომისები იყვნენ, ვიდრე მდედრები. ცხოველებში — მაგალითად, გორილებში — ასეთი სქესობრივი დიმორფიზმი, ჩვეულებრივ, იმას ნიშნავს, რომ დომინანტი მამრი მრავალი მდედრის მეწყვილეა, ხოლო სხვა მამრები გარიყულნი რჩებიან, სანამ ლიდერის დამხობას არ შეძლებენ.
მეორე მხრივ, ეს ნამარხი გარკვეულწილად ართულებს საკითხს, რადგან მისი სავარაუდო წონა თავის ქალების მიხედვით დადგენილ მაჩვენებლებს შორისაა: მამრებისთვის — 32 კგ., ხოლო მდედრებისთვის — 24 კგ. ამასთავანვე, ძვლების ფორმის ზოგიერთი თვისება უფრო მეტად მამრ ჰომინინებს ახასიათებთ, სხვები კი თანამედროვე ადამიანის მდედრ წარმომადგენლებში გვხვდება. მიუხედავად ამისა, სქესის განმსაზღვრელი ზოგიერთი თანამედროვე მახასიათებელი, შესაძლოა, ავსტრალოპითეკის ნამარხებზე საერთოდაც არ ვრცელდებოდეს.
კვლევა გამოცემაში Human evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები