ლუსი — ავსტრალოპითეკი, რომელიც 3 მილიონი წლის წინ ორ ფეხზე დადიოდა
1970-იანი წლებში მეცნიერებმა ეთიოპიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. ეს იყო ჰომინინის უძველესი სახეობა — Australopithecus afarensis.
ნამარხი 3,2 მილიონი წლით დაათარიღეს. მას ბითლზის ცნობილი სიმღერის "Lucy in the Sky with Diamonds"-ის საპატივსაცემოდ ლუსი უწოდეს.
ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლუსის რბილი ქსოვილების ციფრული რეკონსტრუქცია მოახდინეს. 3D რეკონსტრუქცია გვიჩვენებს, რომ ლუსი ორ ფეხზე დადიოდა.
ლუსი სიკვდილის მომენტში ახალგაზრდა იყო. სიმაღლით ის დაახლოებით ერთი მეტრი იქნებოდა. რაც შეეხება წონას, ცნობილი ავსტრალოპითეკი 28 კილოგრამს იწონიდა და შედარებით პატარა ტვინი გააჩნდა.
ავსტრალოპითეკს მაიმუნისმაგვარი სახე ჰქონდა, მაგრამ ორ ფეხზე სიარული შეეძლო. ეს მათ საშუალებას აძლევდა ეცხოვრათ, როგორც ხეებზე, ისე სავანაში. ჰომინიდების ამ სახეობამ თითქმის მილიონი წლის განმავლობაში იარსება.
მკვლევრებმა ლუსის აღდგენილი კუნთები თანამედროვე ადამიანისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ლუსის ფეხის კუნთები ჩვენსას თითქმის ორჯერ აღემატებოდა.
მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ლუსი ორ ფეხზე თავისუფლად დადიოდა. თუმცა, საკამათოა ის, თუ ზუსტად როგორ ახერხებდა ამას.
"ლუსის სიარულის მანერა განსხვავებული იყო. ის შეიძლება წააგავდა ჩვენსას, მაგრამ განსხვავებები მაინც იქნებოდა", — ამბობენ მკვლევრები.
ადამიანის ევოლუციაში უკეთ გასარკვევად ავსტრალოპითეკების შესწავლა მნიშვნელოვანია.
კვლევა Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები