სახეობათა უმეტესობაში მამრი ძუძუმწოვრები მდედრებზე დიდი ტანის არ არიან — კვლევა
ადამიანთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მამრი ცხოველები სხეულის ზომით აუცილებლად მდედრებზე დიდები არიან. ამის მიუხედავად, ახალი კვლევა სხვა რამეს ამტკიცებს. მეცნიერებმა ძუძუმწოვართა 400-ზე მეტი სახეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ უმეტეს შემთხვევებში მამრები მდედრებზე დიდები სულაც არ არიან.
ასეთ სხვაობებს სქესობრივი დიმორფიზმი ეწოდება, რაც ბუმბულების სხვადასხვა შეფერილობასა და რქების ქონაშიც გამოიხატება. ზომის განსხვავება უფრო ისეთ სახეობებშია გავრცელებული, რომელთა წარმომადგენელ მამრებსაც მდედრებთან შესაჯვარებლად ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა უწევთ.
1970-იან წლებში მამალიოლოგმა კეტრინ რალსმა შენიშნა, რომ ძუძუმწოვრებში ზომის მხოლოდ მცირე სქესობრივი დიმორფიზმი ვლინდებოდა, მაგრამ ამ მიგნებამ სამეცნიერო საზოგადოებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ეს გადაწონა იდეამ, რომ ცხოველთა უმეტეს რიგებში მამრები მდედრებზე დიდები იყვნენ.
წინა კვლევები იშვიათად ითვალისწინებდა, მაგალითად, მღრღნელებსა და ღამურებს, რადგან უფრო პრიმატებსა და დიდ ხორცისმჭამელ სახეობებზე იყო კონცენტრირებული. ახალ ნაშრომში სპეციალისტებმა ძუძუმწოვართა შედარებით ფართო სპექტრი შეისწავლეს. მათ მიერ შეგროვებული საბოლოო მონაცემები ძუძუმწოვართა 429 სხვადასხვა სახეობას მოიცავს.
შედარებებმა აჩვენა, რომ ამ სახეობათა 38.7%-ში მდედრები და მამრები ერთი ზომისანი არიან. 45.1%-ში მამრების ზომა მდედრებისას აღემატება, 16.2%-ში კი მდედრები უფრო დიდები არიან, ვიდრე მამრები.
ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი სხვაობა Murina peninsularis-ის სახეობის ღამურებში აღინიშნა, რომლებშიც მდედრების სხეული მამრებისაზე 1.4-ჯერ მძიმეა. ასევე, ჩრდილოურ ზღვის სპილოებში (Mirounga angustirostris), რომლებშიც მამრები მდედრებზე 3.2-ჯერ მძიმეები არიან.
ავტორები ამბობენ, რომ უმეტესად სქესობრივი დიმორფიზმი ასე ცხადად არ იყო გამოხატული. მღრღნელების დიდ ნაწილში მდედრებისა და მამრების ზომა ემთხვეოდა, როცა Chiroptera-ს რიგის ღამურებში მდედრები უფრო დიდები იყვნენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ზოოლოგია ადრე უფრო ისეთ სახეობებში იკვლევდა სქესობრივ დიმორფიზმს, რომლებშიც მამრებში კონკურენცია იყო. ზომის შესახებ ასეთი წარმოდგენა სწორედ ამან წარმოშვა. ასევე, აღნიშნავენ, რომ დამატებითი მონაცემებით, შესაძლოა, ზემოხსენებული შედეგები შეიცვალოს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები