ჩვენ ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში კიბოს განვითარება ასაკთან არის დაკავშირებული. სწორედ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სიმსივნური უჯრედების განვითარების შანსი.

და, აი, ახლა ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლიათ გრენლანდიურ ზვიგენებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ არსებებს, საუკუნეების განმავლობაში კიბოს განვითარების გარეშე სიცოცხლე.

ასევე: გაიცანით გრენლანდიური ზვიგენი, რომელიც 500 წელი ცოცხლობს

ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზვიგენის ამ სახეობას 400 წლამდე სიცოცხლე შეუძლია. ეს სტატისტიკა გრენლანდიურ ზვიგენს ყველაზე ასაკოვანი ხერხემლიანი ცხოველის წოდებას ანიჭებს.

ეს სახეობა სიგრძეში 6 მეტრს აღწევს და დაახლოებით 1400 კილოგრამს იწონის. მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, ეს ზვიგენი სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის მიმართ ფაქტობრივად სრულად იმუნურია.

დიდხნიანი სიცოცხლის საიდუმლო

ფოტო: Alamy Stock

სახეობის რთული გენომის გაშიფვრით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის ამ გიგანტს დნმ-ის აღდგენის მექანიზმები ძალიან კარგად აქვს განვითარებული. სწორედ ამის შედეგად გრენლანდიურ ზვიგენს ძლიერი იმუნური დაცვითი სისტემა უყალიბდება სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ზვიგენებისგან განსხვავებით, გრენლანდიური ზვიგენის გენომი შეიცავს უჩვეულო რაოდენობის გენებს, რომლებიც დაკავშირებულია NF-kB უჯრედშიდა რეაქციასთან. ამით რეგულირდება ანთება და იმუნიტეტი. სწორედ ეს უზრუნველყოფს გრენლანდიური ზვიგენების უჯრედულ დაცვას და ეხმარება მათ სიმსივნისგან დაცვაში.

როგორც ჩანს, ამ ზვიგენებს დნმ-ის აღდგენის ფერმენტები აქვთ მრავლად, რის შედეგადაც ეფექტიანად ხდება უჯრედული დაზიანებების გასწორება.

ეს მოდის თანხმობაშია პეტოს პარადოქსთან, რომლის მიხედვითაც დიდი ცხოველები პატარა ცხოველებთან შედარებით კიბოს განვითარების უფრო დიდ რისკებს არ ატარებენ.

მეცნიერების თქმით, ზვიგენების კვლევამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარებასა და შემუშავებას.

უნიკალური გენეტიკური მახასიათებლები

კიბოსთან ბრძოლის მიღმა, კვლევა ხსნის საინტერესო პერსპექტივებს მოლეკულური მექანიზმების გასაგებად. შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ისეთი მეთოდების შემუშავებისთვის, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.

"შესაძლოა, ეს დადებითად აისახოს სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლეკულურ საფუძვლებზე და გაჩნდეს გენეტიკური მექანიზმები, რომლებიც ასაკთან დაკავშირებული დაავადებების დათრგუნვაში დაგვეხმარება", — ამბობენ მეცნიერები.

მეტიც, გრენლანდიური ზვიგენების ძლიერი იმუნური სისტემის შესწავლა, ადამიანების იმუნური სისტემის დაცვაშიც შეიძლება დაგვეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.