კვლევა: ნეანდერტალელთა გადაშენება 100000 წლის წინ დაწყებულ გენეტიკურ კრიზისს უკავშირდება
გენეტიკური კრიზისის კავშირი ნეანდერტალელთა გადაშენებასთან

ფოტო: Getty Imgaes
ნეანდერტალელების გადაშენება პალეოანთროპოლოგებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამოცანად რჩება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათი გაქრობა არაერთ ფაქტორს შეიძლება დაეჩქარებინა, იქნება ეს კლიმატური ცვლილებები თუ თანამედროვე ადამიანებთან ომი.
გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად გენეტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობა განიხილებოდა, რაც ნეანდერტალელებს გარემოს ცვლილებებთან ადაპტაციას გაურთულებდა. ახალი კვლევა ამ ჰიპოთეზას ამყარებს და მიუთითებს, რომ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გადაშენებამდე მკვეთრად შემცირდა.
საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა განსაკუთრებული მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მის ფარგლებში მეცნიერები ყურის არხის ანატომიასა და ნეანდერტალელების გენეტიკურ მონაცემებს დაეყრდნენ, რათა 100 ათასი წლის წინ გენოფონდის შემცირების ნიშნები აღმოეჩინათ.
მკვლევრებმა ევროპასა და დასავლეთ აზიაში აღმოჩენილი ნეანდერტალელების ნამარხები თანამედროვე ადამიანის ყურის ნახევარწრიული არხის ფორმას შეადარეს. შედარების შედეგად მათ საშუალება მიეცათ, ნეანდერტალელთა სხეულის სტრუქტურის მრავალფეროვნება შეეფასებინათ.
"შიდა ყურის სტრუქტურების განვითარება დიდწილად გენეტიკაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი დაბადებიდან სრულად ჩამოყალიბებულია", — განმარტავს როლფ ქუამი, ნიუ-იორკის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი — "ნახევარწრიული არხების ვარიაცია იდეალური მაჩვენებელია სახეობებს შორის ევოლუციური კავშირების შესასწავლად, რადგან ნამარხებში აღმოჩენილი განსხვავებები გენეტიკური სხვაობის პირდაპირი ანარეკლია".
კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კრაპინას ნეანდერტალელთა ნამარხებმა, რომლებიც ხორვატიაში იყო აღმოჩენილი და 130 ათასი წლით თარიღდება. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გვიანი ნეანდერტალელების ნამარხებიც საფრანგეთში, ბელგიასა და ისრაელში, რომლებიც 41-64 ათასი წლის წინანდელია.
კვლევამ ცხადყო, რომ ამ ორ პერიოდს შორის რაღაც მოხდა, რამაც ნეანდერტალელთა გენეტიკური მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შეამცირა, ეს ცვლილება კი ყურის არხების ფორმაზეც აისახა. ეს მიუთითებს, რომ დაახლოებით 40 ათასი წლის წინ, მათ საბოლოო გაქრობამდე, ნეანდერტალელთა პოპულაციის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირების მიზეზს პირდაპირ არ განიხილავს, წარსულში მეცნიერებმა რამდენიმე შესაძლო ფაქტორი გამოყვეს. მათ შორისაა კლიმატური ცვლილებები და კონკურენციის გაზრდა.
"ფართო გეოგრაფიული და დროითი დიაპაზონის ნამარხების ჩართვით შევძელით და ნეანდერტალელთა ევოლუციის სრულყოფილი სურათი აღვადგინეთ", — აღნიშნავს მერსედეს კონდე-ვალვერდე, ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) ანთროპოლოგი — "განსაკუთრებით შთამბეჭდავია მრავალფეროვნების სხვაობა კრაპინას ნამარხებსა და კლასიკურ ნეანდერტალელებს შორის, რომელიც ბოთლის ყელის შევიწროების ეფექტის მყარი მტკიცებულებაა".
კვლევამ ახალი კითხვებიც წამოჭრა. კრაპინას ნამარხები მოულოდნელად მაღალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი გენეტიკური ვარიაცია 430 ათასი წლის წინანდელი ნიმუშების მსგავსად იყო შენარჩუნებული.
ეს შედეგი ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ნეანდერტალელთა გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირება ბევრად ადრე დაიწყო. უფრო სავარაუდო ვერსია ისაა, რომ გადაშენებამდე ცოტა ხნით ადრე ერთჯერადად მასშტაბური გენეტიკური ვარდნა დაფიქსირდა.
მკვლევრები აპირებენ, რომ ყურის სტრუქტურის ანალიზი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვა ნამარხებზეც ჩაატარონ. ეს მათ საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად გამოიკვლიონ, როგორ ცხოვრობდნენ, გადაადგილდებოდნენ და საბოლოოდ როგორ გადაშენდნენ ნეანდერტალელები.
"ეს კვლევა ნეანდერტალელთა პოპულაციაში გენეტიკური მრავალფეროვნების შეფასების სრულიად ახალ მეთოდს წარმოგვიდგენს", — აღნიშნავს როლფ ქუამი.
ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები