ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ყველაზე ცნობილი ქალაქი პომპეია. ამის მიუხედავად, ფერფლმა მასთან ახლოს მდებარე ჰერკულანუმიც დაიფარა. იქ მეცნიერებმა საწოლში მწოლიარე ახალგაზრდა კაცის კარგად შემონახული ჩონჩხი აღმოაჩინეს, ხოლო თავის ქალაში მინად ქცეულ ტვინის ნარჩენებს მიაგნეს.

ამ უჩვეულო ფრაგმენტების შესწავლისას მათ ნერვული უჯრედების მსგავსი სტრუქტურები შენიშნეს. ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტები ხსნიან, როგორ შეიძლება, ეს ბიოლოგიური ქსოვილი მინად გარდაქმნილიყო. მათი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

მინა მაშინ წარმოიქმნება, როცა სითხე — ძირითადად, გამდნარი ქვიშა — სწრაფად ცივდება. სწორედ ამ პრინციპს იყენებენ ფანჯრის შუშისა და მინის ჭურჭლის წარმოებისას. ეს პროცესი ბუნებრივადაც მიმდინარეობს, მაგალითად, როცა მეხი ქვიშიან არეალში ეცემა. შედეგად ფორმირებულ სტრუქტურებს ფულგურიტები ეწოდება.

ასეა თუ ისე, ზემოხსენებულ აღმოჩენამდე მეცნიერებს ბიოლოგიური რბილი ქსოვილის ბუნებრივად მინად ქცევის მტკიცებულება არასდროს შეხვედრიათ.

"როდესაც გავაცნობიერეთ, რომ ტვინი მართლაც მინად იყო ქცეული, ჩვენი მთავარი სამეცნიერო კითხვა იყო: როგორაა ეს შესაძლებელი", — ამბობს გეოლოგი და ვულკანოლოგი, გვიდო ჯორდანო.

ასე გამოიყურება მინად ქცეული ფრაგმენტები ახლოდან. ნერვის ბოჭკოები ისრებითაა ნაჩვენები.

ფოტო: Giordano et al., Sci. Rep., 2025

პასუხის მისაღებად მან და მისმა გუნდმა გამოიყენეს მეთოდი, რომელსაც დიფერენციალური სკანირების კალორიმეტრია ეწოდება. მათ ტვინის ფრაგმენტები ხელახლა გააცხელეს და განსაზღვრეს ტემპერატურა, რომელზეც თავდაპირველად მინა წარმოიქმნა. აღმოჩნდა, რომ ფრაგმენტების სტრუქტურა 510°C-ზე ზემოთ იცვლებოდა, რაც მიუთითებს, რომ ახალგაზრდა კაცის ტვინი მინად სწორედ ამ ტემპერატურაზე გარდაიქმნა.

დაასკვნეს, რომ ჰერკულანუმის განადგურების ძირითადი მიზეზი, პიროკლასტური ნაკადი (ცხელი აირის, ფერფლისა და კლდოვანი მასა), ტვინის მინად გარდასაქმნელად საკმარისად ცხელი არ უნდა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ ასეთ ნაკადებს, როგორც წესი, მაქსიმუმ 465°C ტემპერატურა აქვს და არც საკმარისად სწრაფად ცივდება, რათა მინამ ფორმირება მოასწროს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა კაცს პირველად ბევრად ცხელი ფერფლის ღრუბელი დაატყდა თავს, რომელიც მალევე გაქრა და ტვინის სწრაფად გაგრილებას შეუწყო ხელი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიფარა მისი ნაშთები სქელი ვულკანური ფენით.

საინტერესოა, რატომ არ განადგურდა ტვინი მთლიანად ასეთ მაღალ ტემპერატურაზე? ეს შესაძლოა, თავის ქალას უკავშირდებოდეს, რომლის შემადგენელმა ძვლებმაც ტვინი ფერფლის ცხელ ღრუბელთან პირდაპირი კონტაქტისგან დაიცვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.