ჩინეთის ქალაქ ტაიშანში გამართულ ფესტივალზე კომპანია Unitree-მ დამსწრე საზოგადოებას თავისი რობოტი H1 წარუდგინა. ერთ-ერთი მოდელი ბარიერს მიუახლოვდა, რომლის მიღმაც ხალხი იყო შეკრებილი და მოულოდნელად, თითქოს, ხანდაზმული ქალისკენ გაიწია. ეს მოძრაობა ძალიან ჰგავდა ქცევას, როცა კონფლიქტისას თავით ეჯახებიან.

ინციდენტის ამსახველი კადრები ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და საზოგადოებაში ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გააჩინა. ერთი ნაწილის აზრით, რობოტი ქალს თავს მიზანმიმართულად დაესხა; მეორე კი მიიჩნევს, რომ მოწყობილობა უბრალოდ წაბორძიკდა.

რა თქმა უნდა, აქ აგრესიულ ქცევასთან სულაც არ გვაქვს საქმე, რადგან რობოტებს ჯერჯერობით ასეთი ავტონომიურობა არ გააჩნია. ბევრი მათგანი დისტანციურად იმართება, შესაბამისად, ამ მოდელების გადაადგილებას ადამიანი აკონტროლებს.

უკანასკნელი შემთხვევა მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ ამგვარი ინციდენტები ხდება, ამიტომ რობოტების უსაფრთხოება ამ მხრივაც უნდა უზრუნველვყოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მათი გაყიდვები იზრდება.

როგორ უნდა გავხადოთ რობოტები უფრო უსაფრთხო

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის რამდენიმე ცვლილებაა საჭირო. ერთ-ერთი მათგანი მომხმარებლებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებაა. ამჟამად Unitree H1-ის ღირებულება 113 300 აშშ დოლარს აჭარბებს. რობოტს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული ნაკრები მოჰყვება, რომელიც მომხმარებელს მოწყობილობაში შეზღუდული ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების საშუალებას აძლევს. მაგალითად, რობოტს სახის ამოცნობა ან წინადადების წარმოთქმა შეუძლია, მაგრამ ვერ შეასრულებს ისეთ რთულ დავალებას, როგორიც ბავშვების სკოლაში წაყვანაა.

ასეა თუ ისე, ეს მოდელი ადამიანის მიერ იმართება, მაგრამ თუ მან შემთხვევით სხვა დააზიანა (მაგალითად, ზემოხსენებულის მსგავსი ინციდენტისას), ვინ აგებს პასუხს?

ასეთი პრობლემა 2022 წელს წარმოიშვა, როცა კაცმა სასამართლოში სამედიცინო რობოტების მწარმოებელ კომპანია Intuitive Surgical Inc.-ს უჩივლა. მისი ცოლის სიკვდილის მიზეზი ნაწლავის დამწვრობა გახდა, რაც კომპანიის ერთ-ერთი მოწყობილობის გაუმართაობამ გამოიწვია. საქმის წარმოება 2024 წელს შეწყდა, მაგრამ ამ ფაქტმა აჩვენა, რომ რობოტიკის ინდუსტრიას მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო სჭირდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პირველ ეტაპზე შეიძლება აიკრძალოს რობოტების კონტროლი ალკოჰოლის/ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის მიერ ან იმ შემთხვევაში, თუ მას ყურადღებას ტელეფონი უკარგავს. ასევე, ეს შეიძლება მაღალი რისკის შემცველ ადგილებში აიკრძალოს, მაგალითად: ხალხმრავლობაში, ქიმიურ ან ცეცხლთან დაკავშირებული საფრთხის შემცველ ზონებსა და შენობების სახურავებზე.

სასურველია დიზაინის გაუმჯობესებაც, რათა უფრო უსაფრთხო რობოტები შეიქმნას. ასეთი გასათვალისწინებელი დეტალებია: ღიობების შემცირება (სადაც შეიძლება თითი გაიჭედოს), შიდა კომპონენტების წყალგაუმტარობა, შემთხვევითი კონტაქტის შესამცირებლად დამცავი ბარიერის დამატება და შეჯახებისას ზიანის თავიდან ასაცილებლად სპეციალური ბალიშების გამოყენება.

ასევე, რობოტმა განათებით, ხმით ან ჟესტებით უნდა გაგვაფრთხილოს, რის გაკეთებას აპირებს. მაგალითად, ოთახში შესვლისას შეიძლება ხმა გამოსცეს, რათა იქ მყოფები არ შეაშინოს. აუცილებელია ისიც, რომ მომხმარებლებმა რობოტის გაკონტროლება კარგად ისწავლონ, რისთვისაც პრაქტიკული მომზადებაა საჭირო. სასურველია, რომ ეს თავად მწარმოებელმა უზრუნველყოს. ყურადღების გაფანტვის და ამით ინციდენტის გამოწვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ისეთი სისტემები, რომლებიც მომხმარებლებს გაფრთხილებებს გაუგზავნის.

დაბოლოს, კარგი იქნება, თუ საზოგადოებას რობოტიკის შესახებ მეტი ცოდნა ექნება. ეს დაგვეხმარება, რომ მსგავსი შემთხვევების დროს ხელოვნური ინტელექტი ან რობოტი არ დავადანაშაულოთ იმაში, რაც მათზე არაა დამოკიდებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.