ცა შედარებით ჩაბნელებულია, ამ ხელსაყრელი გარემოების წყალობით კი ასტრონომები ასტეროიდ 2024 YR4-ის დაკვირვებას აქტიურად განაგრძობენ. ანგარიშობენ იმასაც, თუ რამდენია რისკი, რომ ეს ასტეროიდი 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს.

18 თებერვალს NASA-მ ახალი გამოთვლები გაგვაცნო. მათი მიხედვით, შეჯახების რისკი გაზრდილი იყო და 3.1%-ს უდრიდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც კი NASA-ს ოდესმე დაუფიქსირებია ამ ზომის ან უფრო დიდი ობიექტების შემთხვევაში.

ოთხშაბათს, 19 თებერვალს, NASA-მ ღამის განმავლობაში ახალი მონაცემები შეაგროვა. განახლებული გაანგარიშებით, 2032 წელს დედამიწასთან ასტეროიდ 2024 YR4-ის შეჯახების რისკი 1.5%-ია.

დამატებითი მონაცემების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლო საფრთხეები უკეთ შეფასდეს. შესაბამისად, დაკვირვების თითოეული დამატებითი ღამე უფრო ცხადად გვაჩვენებს, თუ რა მდებარეობა ექნება ასტეროიდს 2032 წლის 22 დეკემბერს.

გრაფიკი ასტეროიდ 2024 YR4-ის შესაძლო მდებარეობებს ასახავს 2032 წლის 22 დეკემბრისთვის (19 თებერვლის მონაცემები). დედამიწა თეთრი წრის ცენტრთან არის ახლოს, თავად წრე კი მთვარის ორბიტის ტრაექტორიას ასახავს.

ფოტო: NASA JPL / CNEOS

ასტეროიდის მოძრაობაზე დაკვირვებასთან ერთად, სავარაუდოა, რომ შესაძლო მდებარეობათა არეალი შემცირდება. იმისათვის, რომ შეჯახების ალბათობა ნულამდე ჩამოვიდეს, 2032 წლის 22 დეკემბერს დედამიწა ასტეროიდის შესაძლო ლოკაციათა ფარგლებს გარეთ უნდა აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, გაცილებით დაბალია იმის შანსი, რომ ასტეროიდმა მთვარეზე იქონიოს გავლენა. ამჟამინდელი გაანგარიშებით, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრთან მისი შეჯახების რისკი 0.8%-ს უდრის.

ცნობისთვის, ასტეროიდი 2024 YR4 პირველად გასული წლის 27 დეკემბერს დააფიქსირეს. ასტრონომთა ვარაუდით, რომ იგი 40-იდან 90 მეტრამდე ზომისა უნდა იყოს. შედარებისთვის, 10 კილომეტრი სიგანისა იყო ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. მასთან შედარებით 2024 YR4 საკმაოდ მცირე ზომისაა, თუმცა, სავარაუდოა, რომ შეჯახების შემთხვევაში იგი ერთი ქალაქის განადგურებას მაინც შეძლებს.

პლანეტარული თავდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასტეროიდზე პირველად 29 იანვარს გაგვაფრთხილა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასტეროიდთან შეჯახების ალბათობამ ერთ პროცენტს გადააჭარბა.

NASA-ში ელიან, რომ დაკვირვებასთან ერთად შეჯახების ალბათობა კიდევ შეიცვლება მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.