NASA-ს ახალი მონაცემებით, 2032 წელს დედამიწაზე მომაკვდინებელი ასტეროიდის დაცემის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა

ფოტო: Getty Images
სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ასტეროიდს (2024 YR4), რომელსაც დიდი ქალაქის განადგურება შეუძლია, ახლა უკვე ამის 3.1-პროცენტიანი შანსი აქვს. მომაკვდინებელი ასტეროიდის ჩამოვარდნის ასეთი მაღალი ალბათობა აქამდე არ ყოფილა.
შანსების ზრდის მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ საგანგაშო ჯერ არაფერია. ასტრონომები ასტეროიდს ყურადღებით აკვირდებიან და მომავალ თვეს მის შესწავლას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც დაიწყებს.
"პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ პროცენტულობა მაღლა იწევს, მეტი კვლევის საჭიროება ჩნდება", — განუცხადა AFP-ს ბრიუს ბეტსმა, არაკომერციული პლანეტარული საზოგადოების მთავარმა მეცნიერმა.
2024 YR4 პირველად გასული წლის 27 დეკემბერს დააფიქსირეს. ეს ჩილეში ელ-სოსის ობსერვატორიის გამოყენებით მოხდა.
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მისი ზომა 40-90 მეტრამდე მერყეობს. ასტეროიდის შემადგენლობა საკმაოდ ტიპურია და არ შედგება იშვიათი მეტალებისგან.
პლანეტარული თავდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასტეროიდზე პირველი გამაფრთხილებელი შეტყობინება 29 იანვარს გაავრცელა. მაშინ ნათქვამი იყო, რომ ასტეროიდთან შეჯახების ალბათობამ ერთ პროცენტს გადააჭარბა. და, აი, ახალი სტატისტიკის მიხედვით, ამის ალბათობა კიდევ უფრო დიდია.
NASA-ს უახლესი გამოთვლებით შეჯახების ალბათობა 3.1 პროცენტია. რაც შეეხება თარიღს, ეს 2032 წლის 22 დეკემბერია.

ფოტო: ESA/Planetary Defence Office
ესე იგი, 32-დან ერთია იმის შანსი, რომ დედამიწას მომაკვდინებელი ასტეროიდი დაეცეს.
ბოლოს, როდესაც დედამიწისთვის 30 მეტრზე დიდი ზომის ასტეროიდი ასეთ რისკს წარმოადგენდა, 2004 წელი იყო. მაშინ ითქვა, რომ იმ ასტეროიდის დედამიწაზე ჩამოვარდნის შანსები 2.7 პროცენტი იყო. ეს შესაძლებლობა მოგვიანებით გამოირიცხა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტარული თავდაცვის ოფისის ხელმძღვანელის, რიჩარდ მოისლის თქმით, ასეთი ბარიერის გადალახვა "ისტორიულია".
"ეს ძალიან, ძალიან იშვიათი მოვლენაა, თუმცა მას პლანეტის განადგურება არ შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ქალაქი", — განუცხადა მოისლიმ AFP-ს.
მისი თქმით, ვების ტელესკოპით ასტეროიდის ზუსტ ტრაექტორიას 2028 წელს დაადგენენ. იმ შემთხვევაში თუ რისკები 10%-ზე ასცდება, მაშინ პლანეტა შესაბამისი სამზადისის პროცესში გადავა.
მაგალითისთვის, ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენებას დაუდო საფუძველი, 10 კილომეტრის სიგანის იყო. მასთან შედარებით 2024 YR4 არაფერია, თუმცა მას მაინც შეუძლია ერთი ქალაქის განადგურება.
იმ შემთხვევაში თუ ასტეროიდი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა, ყველაზე სავარაუდო სცენარი ჰაერში აფეთქება იქნება, რაც დაახლოებით რვა მეგატონა ტროტილის ძალას ნიშნავს. ეს ჰიროშიმას ბომბის სიმძლავრეზე 500-ჯერ მეტია.
დაცემის პოტენციური ადგილებია: წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირო, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი, ატლანტის ოკეანე, აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული და სამხრეთ აზიაც კი.
თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობამ 2022 წელს Dart-ის მისია უკვე გამოცადა, რის შედეგადაც ასტეროიდს ორბიტა შეუცვალეს.
იხილეთ: NASA ადასტურებს — ისტორიაში პირველად, კაცობრიობამ ასტეროიდის ორბიტა შეცვალა
კომენტარები