არქეოლოგიური ექსპედიციისას ერაყის უდაბნოში ქვის ხანის, 1.5 მილიონი წლის წინანდელი, 850-ზე მეტი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მიგნება ახალ ინფორმაციას გვაძლევს არაბეთის ნახევარკუნძულზე ადამიანთა ევოლუციის შესახებ.

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა ერაყის უდაბნოში იმოგზაურა. ექსპედიციის ძირითადი მიზანი რეგიონის არქეოლოგიური პოტენციალისა და ტერიტორიების შესწავლა იყო. იმ არეალის კვლევისას, სადაც პლეისტოცენის პერიოდში დიდი ტბა იყო, მეცნიერებმა პალეოლითის ხანის უძველესი ნამარხები და ხელის ნაჯახები აღმოაჩინეს. ამ უძველესი ნივთების ასაკი მილიონ წელს აჭარბებს. ასევე იპოვეს ლევალუაური ტექნიკით დამუშავებული ქვის ნატეხები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 300 ათასიდან ძვ. წ. 50 ათას წლამდე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს.

აღმოჩენები ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია უძველესი ადამიანების აქტიური საცხოვრებელი იყო. მიგნებები ცხადყოფს იმასაც, რომ ერაყის უდაბნო, შესაძლოა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი იყოს ადრეული ისტორიის შესასწავლად.

ექსპედიციის მიმდინარეობა და პირველადი დასკვნები

ექსპედიციის წინასწარი კვლევები თავიდან უსაფრთხოების პრობლემების გამო შეფერხდა, თუმცა მკვლევრებმა ნოემბერში საბოლოოდ შეძლეს, ერაყის უდაბნოს გეომორფოლოგიური ისტორია შეესწავლათ. მათი მიზანი იყო გამოეკვლიათ, დარჩა თუ არა ქვედა და შუა პალეოლითის ხანის ნაშთები უდაბნოს ქვიშის ქვეშ.

გუნდმა 200 კმ2 ტერიტორიაზე შვიდი პალეოლითური უბანი იპოვა, სადაც 850-ზე მეტი არტეფაქტი ყოფილა დამარხული. ამის აღმოჩენის შემდეგ მკვლევრებმა ერთ-ერთ უბანზე გადაწყვიტეს ფოკუსირება, რათა დეტალური ტიპოლოგიური და ტექნოლოგიური ანალიზი ჩაეტარებინათ.

"კონკრეტული უბანი სპეციალურად შევარჩიეთ იმისთვის, რომ პალეოლითური მასალის განაწილება შეგვეფასებინა და იგი ტექნოლოგიური და ტიპოლოგიური თვალსაზრისით შეგვესწავლა," — ამბობს ელა ეგბერტსი, ექსპედიციის ხელმძღვანელი.

ეს მხოლოდ საცდელი არქეოლოგიური გათხრები იყო, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ სხვა, ჯერ კიდევ გამოუკვლეველ, უბნებში არანაკლებ მნიშვნელოვანი არტეფაქტები იქნება.

ცნობისთვის, გარდა ამ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, მკვლევრებმა ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და ალ-ქადისიის უნივერსიტეტის სამი სტუდენტი გადაამზადეს, რათა ერაყში ამ სფეროს შესახებ ცნობიერება აემაღლებინათ.

"ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, ეს აღმოჩენები უზარმაზარ ინფორმაციას იძლევა ადრეული ადამიანების გარემოსთან ურთიერთობის შესახებ," — აღნიშნავენ მკვლევრები — "ამის შემდეგ გვინდა, ერაყიდან მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ, რათა არაბეთის ნახევარკუნძულზე ადამიანის ევოლუცია და ქცევა უკეთ გავიგოთ."

ერაყის სახელმწიფო საბჭო მხარს უჭერს ამ კვლევებს და მეცნიერებს ახალი პროექტების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.

"ერაყის სიძველეთა და მემკვიდრეობის სახელმწიფო საბჭო აფასებს ჩვენს მუშაობას და გვსურს, რომ კვლევა გავაგრძელოთ," — დასძენს ელა ეგბერტსი.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი გრანტების მოძიება იქნება, რათა პლეისტოცენის პერიოდში ადამიანების ქცევის უფრო დეტალური რეკონსტრუქცია შეძლონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.