29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, PACE-მა მოსთხოვა ქართულ ოცნებას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს მუშაობა ხელახალ არჩევნებზე, რის შესასრულებლადაც ოცნებას ვადა აპრილის სესიამდე მიეცა.

რეზოლუციის მიღებიდან მალევე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

"არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მასთან ურთიერთობის როგორი ისტორია აქვს საქართველოს.

ასევე იხილეთ: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – რა წერია PACE-ის რეზოლუციაში?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ევროპის საბჭოს პარლამენტარული უწყებაა. ასამბლეა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების 306 წარმომადგენლისგან შედგება და წელიწადში ოთხჯერ, სტრასბურგში იკრიბება.

PACE ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ორგანოა და მის ერთ-ერთ მოვალეობას წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა, მთავრობების სტანდარტების ამაღლება წარმოადგენს დემოკრატიული პრინციპების წახალისების პროცესში.

ასამბლეის პირველი სესია 1949 წლის 10 აგვისტოს, სტრასბურგში ჩატარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ომით განადგურებული ევროპული სახელმწიფოები ერთობლივი დიალოგისთვის შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომელთაც ადამიანების უფლებები უნდა დაიცვან და ტირანიის წარმოშობას უნდა შეებრძოლონ.

  • სწორედ PACE-ის დამსახურებაა ის, რომ ევროპაში სიკვდილით დასჯა აიკრძალა — სწორედ ასამბლეამ მოსთხოვა ახალ წევრებს ამ ზომის გაუქმება;
  • 1990-ანი წლებიდან მოყოლებული, PACE ეხმარებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დემოკრატიული სტანდარტების მიღწევაში;
  • უშუალოდ ასამბლეა მუშაობდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მომზადებაზე;
  • PACE მუდმივად მონაწილეობდა წევრი ქვეყნების კონფლიქტების გადაჭრაში და მხარეთა შორის შეთანხმებების მიღწევაში.

მიუხედავად იმისა, რომ, ევროპარლამენტისგან განსხვავებით, PACE-ს არ შეუძლია კანონების მიღება, ის იღებს სარეკომენდაციო რეზოლუციებს, რომელთა შესრულებაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, PACE წევრი ქვეყნების არჩევნების მონიტორინგის მნიშვნელოვანი მექანიზმიცაა — ასამბლეა აგზავნის არჩევნებზე წარმომადგენლებს, აფასებს საარჩევნო პროცესს და არჩევნებისშემდგომი კრიზისების მედიაციაშიც იღებს მონაწილეობას.

ევროსაბჭოდან, შესაბამისად, PACE-დან 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დღეს, გარიცხეს რუსეთის ფედერაცია, რომელსაც თავდაპირველად შეზღუდვები 2014 წელს ყირიმის ანექსიის პერიოდში დაუწესეს, თუმცა 2019 წელს კვლავ მოუხსნეს, რასაც მაშინ უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების პროტესტი მოჰყვა. ასევე, ევროპიდან PACE-ისა და ევროსაბჭოს წევრი არასდროს ყოფილა ბელარუსი — ლუკაშენკოს რეჟიმს 1997 წელს შეუწყდა "სტუმარი ქვეყნის" სტატუსი.

დაახლოებით, ქართული ოცნების დელეგაციის მსგავსად მოიქცა 2024 წელს აზერბაიჯანიც, რომელმაც პროტესტის ნიშნად, შეაჩერა PACE-ში მონაწილეობა. აზერბაიჯანის პროტესტი გამოიწვია ასამბლეის გადაწყვეტილებამ, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, არ ეღიარებინათ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება.

საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ევროპის საბჭოს წევრობის პარალელურად, 1999 წლის 27 აპრილს გახდა და ევროსაბჭოს ორგანოს საქმიანობაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული იყო. სწორედ ამ დღეს წარმოთქვა ზურაბ ჟვანიამ ცნობილი სიტყვები: "მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი".