ძუძუმწოვრებში მხედველობის ორი ორგანოა გავრცელებული, მაგრამ არსებობენ სხვა სახეობები, რომლებშიც ორზე მეტი თვალი გხვდება. მათ შორი არიან, მაგალითად, ობობები (იხილეთ: რამდენი თვალი აქვთ ობობებს?), მაგრამ ამჯერად ფუტკრების საინტერესო ანატომიას გაგაცნობთ.

თუ ფუტკარს შეხედავთ, თავზე ორ დიდ თვალს შეამჩნევთ, მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ — მას, სინამდვილეში, ხუთი თვალი აქვს.

მხედველობის ამ ორგანოებიდან ორი თავის გვერდებზეა განლაგებული, ოვალური ფორმა აქვს და ფუტკრებს მოძრაობისა თუ ფერების დაფიქსირებაში ეხმარება. მათ რთული თვალები ეწოდება. დანარჩენი სამი მარტივი თვალებია და თავის ზედა შუა ნაწილში მდებარეობს.

ფოტო: Getty

ფუტკრების რთული თვალები ათასობით პაწაწინა დანაყოფისგან შედგება, რომელსაც ომატიდი ეწოდება. მათ ბადურას კოლბა და ლინზა ფარავს, რომელთა მეშვეობითაც ომატიდებში მოხვედრილი სინათლე ფოტორეცეპტორულ უჯრედებს გადაეცემა. იქიდან შემდეგ ეს ინფორმაცია სიგნალების სახით ტვინისკენ იგზავნება.

მარტივი თვალები შედარებით მცირე ზომისაა და სამკუთხა ფორმითაა განლაგებული. ომატიდები მათშიც გხვდება, მაგრამ ამ დანაყოფების რაოდენობა თითოეულ თვალში მხოლოდ დაახლოებით 800-სს აღწევს. ისინი მწერს სივრცული დეტალების გარჩევაში ვერ ეხმარება, მაგრამ სინათლის დეტექტორის ფუნქციას ასრულებს, რის შედეგადაც ფუტკრები საორიენტაციოდ მზის მდებარეობას წარმატებით იყენებენ.

ფუტკრები გარემოს, განსაკუთრებით კი ყვავილებს, განსხვავებულად ხედავენ, ვიდრე ადამიანები. ჩვენ სინათლის 380-700-ნანომეტრიან ტალღებს აღვიქვამთ, ამ მწერების შემთხვევაში კი ელექტრომაგნიტური სპექტრის დიაპაზონი 300-650 ნანომეტრია. ეს ნიშნავს, რომ ისინი წითელს ვერ ხედავენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ულტრაიისფერ სხივებს აღიქვამენ.

ფოტო: Bee Culture

თუ ფუტკრების რთულ თვალებს ახლოდან დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მათზე თმის მსგავსი წანაზარდებია. თვალებზე ამოსული თმა ადამიანის გადმოსახედიდან არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ამას ფუტკრებში თავისი დანიშნულება აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მწერები მცენარეების დამტვერვაში მონაწილეობენ. თვალებზე ამოსული ბუსუსები მათ უფრო მეტი მტვრის მოპოვების საშუალებას აძლევს. ყვავილებიდან აღებული ნაწილაკები ამ წანაზარდების ზედა ნაწილს უმაგრდება, რაც ფუტკრებს კიდურებით მათ შეგროვებას უმარტივებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.