ევოლუცია, ადამიანის ბუნება და პოლიტიკური სპექტრი
რამდენიმე თვის წინ, ტაბულაზე გამოქვეყნდა ზაზა დობორჯგინიძის სტატია; „კულტურის ნევროლოგია და პოლიტიკური სპექტრი“. ჩემი ესეი, ზაზას სტატიით არის შთაგონებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე მის შეხედულებებს ვიზიარებ. ამიტომ, ეს ესეი ნაწილობრივ მისი სტატიის კრიტიკაც იქნება.
პირველ რიგში, მგონია რომ სტატიის პირველ ნაწილსა და მის ბოლო ნაწილში, ძალიან აშკარა წყვეტაა; თავიდან, ზაზა საუბრობს სარკისებურ ნეირონებზე, მათ მნიშვნელოვან როლზე ცნობიერების და მეტყველების აღმოცენებაში. ესიეს მეორე ნაწილში კი საუბრობს რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიების, მაგალითად მემარჯვენე ლიბერტარიანიზმის და კომუნიზმის, ადამიანის ბიოლოგიურ საფუძველთან აცდენაზე. მისთვის, კომუნიზმი არაპრაქტიკული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა შეუთავსებელია ადამიანის „ბუნებასთან“;
„საკუთრების ფლობის ადამიანური სურვილი ვითარდება დამარაგების ინსტინქტის ბაზაზე და ჩვენი არსებობის ისეთივე გარდაუვალი მოცემულობაა, როგორც პოპულაციის მიდრეკილება ჩამოყალიბდეს თვითმართვად სოციალურ სტრუქტურად.“
მემარჯვენე ლიბერტარიანელებსა და სავარაუდოდ ანარქოკაპიტალისტებს კი სოციალურ დარვინიზმში ადანაშაულებს;
„ამავე დროს, ურთიერთდახმარება, კოოპერაცია და ალტრუიზმი ისევეა აღბეჭდილი ჩვენს ტვინებში, როგორც ეგოიზმი და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა. თეორია, რომელიც ითვალისწინებს პირველს და უგულებელყოფს მეორეს (რადიკალური მემარცხენე თეორიები) განწირულია იმისთვის რომ გადავარდეს სოციალურ ინჟინერიაში და ტოტალიტარიზმში. ხოლო თეორია, რომელიც უგულებელყოფს პირველს და აღიარებს მხოლოდ მეორეს, წარმოადგენს საზოგადოების არამეცნიერულ, ხელოვნურ, მცდარ სოციალ-დარვინისტულ მოდელს.“
აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზემოთხსენებულ დებულებებს არავითარი დამატებითი არგუმენტაცია არ გააჩნიათ. მაგალითად, ვერ ვხვდები რატომ გამორიცხავს ანარქოკაპიტალიზმი ან მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი კოოპერაციას და ალტრუიზმს. ან რატომ გამორიცხავს კომუნიზმი ეგოიზმს და კერძო საკუთრებას. შეგახსენებთ, რომ კომუნიზმის მთავარი ამოცანა, არის საწარმოო საშუალების სოციალიზირება და არა ზოგადად საკუთრების. დამატებითი არგუმენტაციის არ-არსებობას ნაწილობრივ, იმას მივაწერ, რომ ზაზას მიზანი არ ყოფილა პოლიტიკური იდეოლოგიების დეტალური განხილვა. ჩემი აზრით, სტატიის ფარგლებში, ავტორი ცდილობს დაანახოს მკითხველს, რომ ადამიანების ურთიერთობა და ქმედებები, ბიოლოგიური ფუნდამენტის არის. მისი თქმით, სოციალური მეცნიერებები, რომლებიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს სწავლობენ, ხშირად უგულებელყოფენ ამ ბიოლოგიურ საწყისებს, რაც ადამიანებზე, შესაბამისად კი მათ ქცევაზე, არასწორ შეხედულებებს აყალიბებს.
ამ ესეის ფარგლებში, ვეცდები განვსაზღვრო რა არის ის ბიოლოგიური საფუძველი და მისით განპირობებული „ადამიანური ბუნება“, რომელზეც ზაზა საუბრობს და როგორი პოლიტიკური სისტემა შეესაბამება მას ყველაზე მეტად ან რომელი სისტემა მოდის მასთან წინააღმდეგობაში;
პირველი იმას ვიტყვი, რომ ადამიანის ბუნების განსაზღვრა, მისი ევოლუციური და ბიოლოგიური საწყისებით, პრაქტიკულად შეუძლებელია;
თუ დავუშვებთ, რომ ადამიანების ქცევა და ურთიერთქმედება, მათი ბიოლოგიური საფუძველის მანიფესტაციაა, მაშინ, გენეტიკის ტერმინებით, რომ ვიმსჯელოთ, ეს საფუძველი შეიძლება იყოს განხილული როგორც გენოტიპი, ხოლო შესაბამისი ქცევა კი ფენოტიპი;
დარვინი, ევოლუციის მამა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერი იყო ვისაც კი ბოლო საუკუნეების მანძილზე უცხოვრია, საკმაოდ ხშირად ცდებოდა. მისი თქმით, წითელი და თეთრი მცენარის შეჯვარებით, მიიღებოდა ამ ნიშანთვისებად სინთეზის მქონდე ინდივიდი, ამ შემთხვევაში ვარდისფერი მცენარე. ანუ კლასიკური დარვინისტული ხედვით, რაღაც ფენოტიპი არის გენოტიპის პირდაპირი მანიფესტაცია. ცხადია, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გენოტიპი და ფენოტიპი ერთმანეთთან სწორხაზოვან კავშირში არ არიან. შესაბამისად, ერთი ინდივიდის ფენოტიპით, მისი გენოტიპის და შემდგომ მშობელი ინდივიდების გენოტიპის დადგენა, საკმაოდ მცდარ შედეგებს იძლევა. განსაკუთრებით რთულია/შეუძლებელია გენოტიპის დადგენა მაშინ, როცა ფენოტიპი ძალიან მრავალფეროვანია.
თუ ჩვენ მივყვებით იმ დაშვებას, რომ ადამიანის ქცევა ფენოტიპია, ფენოტიპი თითქმის უსასრულოდ მრავალფეროვანი, ხოლო მისი ბიოლოგიური სტრუქტურა, გენოტიპი, მაშინ ვერანაირი იმედი ვერ გვექნება დავადგინოთ ადამიანის ბუნების ბიოლოგიური საფუძველი მისი ქცევის მიხედვით.
უშუალოდ ადამიანის ბუნებაზე საუბრისას, კიდევ უამრავ სირთულეს ვხვდებით. მაგალითად, მე შეიძლება ვთქვა;
- ადამიანი ბუნებით ალტრუისტია
თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს დებულება მეცნიერულია, მაშინ არ უნდა მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც ალტრუისტი არ არის, რაც ცხადია ტყუილია. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც ელემენტარული ემპათიის უნარიც კი არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს ფსიქოპათები ეწოდებათ. ამიტომ, ხშირად მსგავს „ეგზემპლიარებს“ უგულებელყოფენ, როგორც ნორმიდან გადახრას. მსგავსი ნორმალიზაცია, ის მეცნიერულობას ძირს უნგრევს;
თუ ფიზიკოსმა განაცხადა, რომ მაგნეტიზმის თეორიის მიხედვით, მაგნიტს არ აქვს უნარი იყოს ერთპოლუსიანი, მაშინ არ უნდა მოიძებნოს ერთი მაგნიტიც კი რომელსაც ერთი პოლუსი აქვს. ცხადია, ყველა არსებული მაგნიტის და მაგნიტური ველის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ ტარდება ექსპერიმენტი, რომელიც ემპირიულად ადგენს შესაძლებელია თუ არა მაგნიტის ერთპოლუსიანობა. ადამიანის ბუნების მსგავსი მეცნიერული სიმკაცრით განხილვა შეუძლებელია.
მაშასადამე, ჩვენი დებულება; ადამიანი ბუნებით ალტრუისტია, მკაცრი მეცნიერული მეთოდით ვერ დასაბუთდება. ნორმის განსაზღვრა და შესაბამისად ნორმალიზაცია, იძლევა ცდომილებას.
უნდა დაისვას შემდეგი კითხვა;
- შეგვიძლია თუ არა ალტრუიზმის ან მისი არარსებობის მეცნიერული განსაზღვრა?
შეგვიძლია თუ არა ზუსტად მივუთითოთ იმ ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ მექანიზმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ალტრუიზმს?
ამ კითხვაზე პასუხი კიდევ უფრო მარტივია- არა. ჭეშმარიტია, რომ ტვინში არსებობს რეგიონები, ნეირონების წნულები, რომელთა ინაქტივაცია განაპირობებს ფსიქოპათიას, ანუ ალტრუიზმის და ემპათიის არქონას. თუმცა, იმის დანამდვილებით თქმა თუ რამდენად განსაზღვრავს კონკრეტული ქიმიური ელემენტები ან კონკრეტული ნეირონები, სულაც კონკრეტული გენები ადამიანის ალტრუიზმს/ემპათიას, შეუძლებელია.
პოპულარული მოსაზრების მიუხედავად, რომელსაც ბიოლოგებიც და უბრალო მოყვარულებიც ხშირად იზიარებ, უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული გენები ან გენთა კრებულები, კონკრეტულ ნიშანთვისებებს არ განაპირობებენ. ჭეშმარიტია, რომ არსებობს კორელაცია გენომსა და ფენოტიპს შორის, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ამ ორს შორის პირდაპირი კავშირი არის. ამის ერთერთი საბუთი მაშინ განვიხილეთ, როდესაც ვთქვით, რომ მხოლოდ ფენოტიპიდან, შესაბამისი გენოტიპის დადგენა თითქმის შეუძლებელია. როგორც გამოჩენილი მეცნიერი, პატრიკ ბეიტსონი ამბობს;
შეგახსენებთ, რომ „სასარგებლო“ გენომი, (ანუ სპლაისინგის შემდეგ შემორჩენილი ეგზონები) ძირითადად ამინომჟავების შესაქმნელად საჭირო კოდია. დეფექტურმა გენომმა შეიძლება გამოიწვიოს დეფექტური ამინომჟავას აწყობა, თუმცა თითქმის არცერთი (რთული) ნიშანთვისების რაობა არ არის მიჯაჭვული პირდაპირ ამინომჟავაზე. იმის თქმა, რომ რამე კონკრეტული გენი პირდაპირ პასუხისმგებელია კონკრეტულ ნიშანთვისებაზე, ტექნიკურად არასწორია. ეს ცხადია კიდევ იმიტომ, რომ მაგალითად ქრომოსომის კონკრეტული უბნის დელეცია, სხვადასხვა ინდივიდებში შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს; ერთი ინდივიდი დაავადებული აღმოჩნდეს, ხოლო მეორე კი სრულიად ჯანმრთელი დაიბადოს.
ცხადია არსებობს შემთხვევები, როდესაც გენებსა და ნიშანთვისებებს შორის (თითქმის) პირდაპირი კავშირია. მაგალითად, ცილა მელანინი, საკმაოდ მარტივი სტრუქტურისაა და მისი არსებობა, პრაქტიკულად პირდაპირ განსაზღვრავს კანის ფერს. მაშინ კი როცა ვსაუბრობთ ისეთ ნიშანთვისებებზე, რომელთა გამომჟღავნებას უამრავი ფაქტორი განაპირობებს, სისულელეა ნიშანთვისების სპეციფიური გენების ძიება.
ისიც უნდა ითქვას, რომ რასაც ჩვენ ალტრუიზმს ვეძახით ნამდვილად არ არის ზუსტი, თუნდაც აბსტრაქტული (მაგრამ მაინც ზუსტი) ცნება. მაგალითად მათემატიკური ცნებები, იქნება ეს ნატურალური რიცხვები, სასრული სიმრავლეები თუ უსასრულო სიმრავლეები, აბსტრაქტული ცნებებია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით და აქსიომატურად ვთქვათ, რომელი რა არის. ხოლო კითხვებზე, „რა არის ალტრუიზმი“, „რა არის ეგოიზმი“... , ზუსტი, ემპირიული პასუხის გაცემა იმდენად არაპრაქტიკულია, რომ საბოლოდ უნდა ვთქვათ ეთიკის, მორალის და მსგავსი საკითხების მეცნიერულად განხილვაზე უარი.
თუმცა ფაქტია, რომ ბევრი ადამიანური ნიშანთვისება შეიძლება სასარგებლო იყოს, ზოგი კი მავნე. ამაზე მსჯელობა ევოლუციურად შეიძლება (თუმცა ეს მსჯელობას მეცნიერულს არ ხდის). ანუ მაგალითად ალტრუიზმი და ემპათია ევოლუციურად უფრო სასარგებლო ნიშანთვისებებად შეგვიძლია განვიხილოთ, ვიდრე ფსიქოპათია. ოღონდ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანები იბადებიან რაღაც მენტალური თვისების ქონის უნარით;
ადამიანი იბადება უნარით იყოს ალტრუისტი ან ემპათიური, თუმცა ემპათიის და სხვა ნიშანთვისებების გამოვლენა დამოკიდებული უნდა იყოს გარემოზე, სოციუმზე, სავარაუდოდ კვებაზე, ჰაერზე და ა.შ.
ამას გარდა უნდა აღვნიშნოთ აშკარა რაღაცეები;
- ადამიანებს აქვთ აზროვნების უნარი
- ადამიანებს აქვთ მეტყველების უნარი
- ადამიანებს ახასიათებთ შემოქმედებითობა
ახლა შეგვიძლია მივყვეთ ევოლუციური ბიოლოგიის სტანდარტულ ნააზრევს;
ადამიანთა ცხოვრებისთვის ყველაზე ოპტიმალური სოციალური და ეკონომიკური გარემო ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად შეძლონ ზემოთხსენებული ნიშანთვისებების გამოვლინება.
ზაზა დობორჯგინიძემ, თავის სტატიაში „კულტურის ნევროლოგია და პოლიტიკური სპექტრი“, აღნიშნა რომ რადიკალური იდეოლოგიები, იქნება ეს ლიბერტარიანიზმი ან კომუნიზმი, ადამიანის ევოლუციური ბუნებას უგულებელყოფს. კომუნიზმი- ადამიანის დამარაგების ინსტინქტს, რადიკალური ლიბერტარიანიზმი - კოოპერაციას (არ უგულებელყოფს, მაგრამ ზედმეტად დიდ როლს ანიჭებს ეგოიზმს).
ჩვენ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ ბიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე, შესაფერისი პოლიტიკური სისტემების დადგენას აზრი არ აქვს, რადგან ეს შეუძლებელია.
იმის ნაცვლად, რომ განვიხილოთ რამდენად მოდის აღნიშნული ადამიანური ნიშანთვისებები, კომუნიზმთან და რადიკალურ ლიბერტარიანიზმთან წინააღმდეგობაში, საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგები;
ამ ესეის ფარგლებში, ისიც აღვნიშნე, რომ ევოლუციურად გარკვეული ნიშანთვისებები და ქცევა, შეიძლება პოპულაციისთვის სასარგებლო იყოს, ზოგი კი მავნე. ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ძალადობა იქნება ეს ფიზიკური თუ სხვა სახის, პოპულაციისთვის მავნებელი ქცევაა. თუ ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, სოციუმს ართმევს შრომის ნაყოფს და მოიხმარს პირადი მიზნებისთვის ან ისევ თავისი ინტერესებისთვის კლავს ადამიანებს, ამით კი ამცირებს პოპულაციის გამრავლების შანსს, ეს ნიშანთვისებები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პარაზიტიზზმი. სასარგებლო ქცევად, კი ისეთი ქცევა განვიხილოთ, რომელიც პოპულაციის და ცალკეული ინდივიდების აზროვნების, მეტყველების, შემოქმედებითობის და გამრავლების უნარს არ აფერხებს.
ჩემთვის აშკარაა, რომ თანამედროვე და ძველ საზოგადოებებშიც, ადამიანთა ყველაზე პარაზიტული ჯგუფი, მუდამ იყო მთავრობა.
ჭეშმარიტია, რომ ცხოველთა სამყაროში, ისევე როგორც ადამიანთა სოციუმებში არსებობს იერარქიული წყობა, რომელიც ემყარება ძალადობას და დომინირებას. მაგალითისთვის, ზღვის ლომებში, არსებობენ დომინანტი მამრები, რომლებიც სხვა მამრებს არ აძლევენ განაყოფიერების საშუალებას. გავრცელებული, პოპულარული დოგმის მიხედვით, მსგავსი წყობა, ზღვის ლომების საზოგადოებაში, ევოლუციურად მომგებიანი უნდა იყოს. ეს საკმაოდ სულელური დებულებაა. ცხოველთა და ადამიანთა ნიშანთვისებები, ხშირად საკმაოდ მავნებელია პოპულაციებისთვის, მათი ცხოვრებისთვის და გამრავლებისთვის. დომინანტი ზღვის ლომი, რომელიც მხოლოდ თავის გენეტიკურ მასალას ავრცელებს, ზღუდავს პოპულაციის შანსს, გადარჩეს. მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებულ მოსაზრებას, ჰყავს მხარდამჭერები.
მიჩნეულია, რომ მეტწილად (ან მხოლოდ) დომინანტი მამრის გენეტიკური მასალის გავრცელება, პირიქით ხელს უწყობს პოპულაციას გადარჩეს. რადგან მის შთამომავლობას უფრო დიდი შანსი აქვს გადარჩეს, ვიდრე დანარჩენების. სხვა მამრებსაც რომ იგივენაირად შეეძლოთ განაყოფიერება, მაშინ გაიზრდებოდა „სუსტი“ შთამომავლობის რისკი. შესაბამისად კარგია, რომ ყველაზე მეტ შვილს, ყველაზე ძლიერი ტოვებს. ეს დებულება რა თქმა უნდა სრული აბსურდია, ისევე როგორც (ჩემი აზრით) მთელი ევოლუციური ფსიქოლოგია. პირველ რიგში, დომინანტი მამრი ზღვის ლომი, სხვა მამრებს ისეთ მდედრებთან უშლის განაყოფიერებას, რომლებთანაც თვითონ არ აქვს არანაირი სქესობრივი კავშირი. რეალურად დედამიწის ევოლუციის ისტორია იმასაც ნათლად აჩვენებს, რომ მსგავსი დომინირება უამრავი სახეობისთვის უკვე დამღუპელი აღმოჩნდა და უამრავი სახეობა, დამატებით განადგურებამდე მიყავს. რახან გარკვეულ სახეობებში არსებობს ძალადობრივი იერარქია, ეს არ ნიშნავს რომ მსგავსი ძალადობა სასარგებლო ქცევაა პოპულაციისთვის.
მაშასადამე, ნატურალისტურ მიდგომაშიც კი, სადაც ადამიანი სხვა ცხოველების მსგავს არსებად განიხილება, დომინანტი ჯგუფის ძალადობას, რომელიც თავისი ინტერესებისთვის მოქმედებს, არანაირი სარგებელი არ მოაქვს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ „ნატურალისტური“ მიდგომა (ამ შემთხვევაში( სრული აბსურდია. იმიტომ, რომ ადამიანი აშკარად ევოლუციური ნახტომია, ცხოველთა სამყაროსთან მიმართებაში, რადგან მას აქვს ბევრად უფრო დახვეწილი აზროვნების უნარი. არ მგონია, რომ ადამიანის ქცევის, პრიმატების ან დელფინების ქცევასთან შედარება სასარგებლო იყოს.
ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანს უკვე დიდი ხანია აღარ უწევს ისეთივე აქტიური ფიზიკური და ფიზიოლოგიური ადაპტაცია გარემოსთან, როგორც ეს სხვა ცხოველებს უწევთ. ადამიანებს, აზროვნების და მეტყველების დამსახურებით, აქვთ გარკვეული „გადაუჭრელი“ პრობლემების გადაჭრის და პრევენციის უნარი; იქნება ეს კლიმატური კატასტროფები, ინფექციები თუ სქესობრივი დაავადებები. მიზეზი, რატომაც გვძალუძს შევეწინააღმდეგოთ ძალადობას და დომინირებას, არის ჩვენი უნარი ვიაზროვნოთ და აზროვნებით მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც პოპულაციისთვის სასარგებლო იქნება.
მთავრობა და სახელმწიფო, არ არის ევოლუციურად სასარგებლო სისტემები, რადგან ნებისმიერი მთავრობა, ძალადობრივია და ბუნებით პარაზიტული. ისევ არაემპირიულ ევოლუციურ მსჯელობას რომ არ მივყვეთ, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ყველაზე ემპირიული რამ- ისტორია.
ყველაზე ნათელი კონფლიქტი რაც კი არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, არის კონფლიქტი მთავრობასა და ადამიანებს შორის. საზოგადოების, სოციალურ კლასებად დაყოფა, ისტორიულად მთავრობების და მოძალადე დაჯგუფებების შედეგია;
მაგალითისთვის ავიღოთ ძველი ასურეთი და ჰამურაბის კოდის სახელით ცნობილი, ბაბილონურ კანონთა კრებული, რომელიც შეიქმნა ჰამურაბის რაიონში;
ადრეულმა ბაბილონის და შემდგომ ასურეთის სახელმწიფომ, გიგანტურ ქვებზე ამოტვიფრული კანონებით დააკანონა სოციალური კლასის ცნება. ესენია;
Amelu- წმინდა სისხლის არისტოკრატი, მისი ოჯახი და შთამომავლობა
Mushkenu- ითარგმნება როგორც მათხოვარი, რეალურად ნიშნავს „საკუთრების გარეშე“
Ardu- მონა
ეს მკაცრად გამოყოფილი სოციალური კლასები ერთმანეთისგან განსხვავებული უფლებებით და პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰამურაბის კოდის მიხედვით გათხოვილ, გაუთხოვარ და განათხოვარ ქალებსაც სხვადასხვა უფლებები აქვთ. მარტივად რომ შევაჯამო, ყველაზე მეტი უფლება იმ ქალს აქვს ვინც რომელიმე კაცს ეკუთვნის, უფლებებით მეორე ადგილზე მოდის ისეთი ქალი. რომელიც ერთ დროს ვიღაცას ეკუთვნოდა და ბოლოს, ყველაზე ნაკლები უფლებით და პრივილეგიით სარგებლობს ის, ვინც არავის ეკუთვნის (კაცების შემთხვევაში თითქმის პირიქით გამოდის).
ევოლუციური ფსიქოლოგიის ენთუზიასტმა, შეიძლება გააკეთოს (არასწორი) დაშვება, რომ ზღვის ლომების საზოგადოების მსგავსად, ადამიანების სოციუმში, გარკვეული ძალადობა და დომინირება აუცილებელია პოპულაციის გადარჩენისთვის. თუ მართლა დავუშვებთ, რომ ჩვენ და დანარჩენი ცხოველთა სამყარო ერთი და იგივე ევოლუციურ „პრინციპებით“ ვმოქმედებთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ზემოთხსენებული დაშვება კიდევ უფრო უაზროა, იმიტომ, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანები არ ცხოვრობენ მწირი რესურსების პირობებში. ერთ-ერთი (არასწორი) განმარტება, რომელიც მივანიჭეთ ალფა-მამრ ზღვის ლომებს იყო, ის რომ მათი გენეტიკური მასალის გამრავლება და სხვა მამრების გამრავლების შეზღუდვა, პოპულაციისთვის სასარგებლო იყო, იმიტომ, რომ ზღვის ლომებს უწევთ რთულ პირობებში ცხოვრება, სადაც რესურსების სიმწირეა. კაცობრიობა მსგავსი პრობლემის წინაშე უკვე დიდი ხანია აღარ დგას. ცხოველები, რომლებიც რთულ, მწირი რესურსების პირობებში ცხოვრობენ და ცხოველები, რომლებსაც ბევრი ან ნამატი რესურსი აქვთ, ძალიან სხვადასხვანაირად იქცევიან.
ისიც უნდა ითქვას, რომ ევოლუციის დაფუძნება მთლიანად, ბუნებრივ გადარჩევაზე და შესაბამის „სასარგებლო“ ან „მავნე“ ქცევაზე, ძალიან დიდი შეცდომაა. მე არ მგონია, რომ ევოლუცია რაღაც ალგორითმია, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის გზით არჩევს კარგ და ცუდ ნიშანთვისებებს. გადარჩევის საფუძველში, რეალურად შემთხვევითი მუტაციებია, რომლებიც იწვევენ შემთხვევითი ნიშანთვისებების, შემთხვევით გამოვლინებას.
საბოლოოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანის ბუნებაზე და ქცევაზე ბიოლოგიური ან ევოლუციური საფუძვლებით მსჯელობა არაპრაქტიკული, არამეცნიერული და სასტიკად არაემპირიულია. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე მსჯელობისას, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ რამდენიმე ნიშანთვისება (რომელთა ბიოლოგიურ საფუძვლებზე თითქმის არაფერი ვიცით);
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არის ბუნებით მოაზროვნე, ცნობისმოყვარე და შემოქმედი. ყველაზე ოპტიმალური პოლიტიკური სისტემა ის არის, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ზემოთხსენებული ნიშანთვისებები და უზარმაზარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. სახელმწიფო ან ნებისმიერი სამთავრობო სისტემა, ბუნებით პარაზიტულია. ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური პოლიტიკური და ეკონომიკური წყობა, უპირველეს ყოვლისა ანარქისტულია, შემდგომ კი სინდიკალისტური. თუმცა ეს ჩემი აზრია, რომელიც ნამდვილად არ არის გამყარებული ბიოლოგიით ან რამე მსგავსად ემპირიული მეცნიერებით.
როდესაც ვმსჯელობთ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე და მათ რაობაზე, ჩემი აზრით, ადამიანის ბუნებაზე შეგვიძლია გავითვალისწინოთ მხოლოდ, (2), (3) და (4). ეს ნიშანთვისებები, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით მათი ბიოლოგიური საფუძველი, ეს ნიშნები ყველაზე ნაკლებად არიან დამოკიდებულნი გარემო პირობებზე, სოციუმზე და ა.შ
რაც შეეხება კოოპერაციის, დამარაგების ინსტინქტს და ა.შ , უნდა გვესმოდეს რომ მათი გამოვლინება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემოზე, სოციუმზე და ძალაუფლების ცენტრებზე, რომლებიც ამ სოციუმში არსებობს;
მაგალითად ლოგიკურია, რომ საზოგადოებამ და ცალკეულმა ინდივიდებმა (გნებავთ ცხოველებში, გნებავთ ადამიანებში) მიმართონ დამარაგებას მაშინ, როდესაც ბუნებრივი ან არსებობისთვის საჭირო რესურსის ნაკლებობაა. თუმცა რატომ უნდა იყოს დამარაგება ისეთივე ინტენსიური, როდესაც საზოგადოება და ცალკეული ინდივიდები, რესურსის ნაკლებობას არ განიცდიან?
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ დამარაგება ისეთი ინსტინქტია, რომ მისი გამოვლინება არ არის დამოკიდებული გარემო პირობებზე და მათ ლოგიკურ გააზრებაზე. მსგავსი მოვლენა ცხოველთა სამყაროში, განსაკუთრებით ფეხსახსრიანებში, უხერხემლოებში და თევზებში ხშირია. მაგალითად, Tetraodontidae (ინგლისურად “Puffer Fish”-ს ეძახიან, ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ლათინურად ვწერ) ნებისმიერ შეტაკებაზე, თუ შეტაკების ძალა საკმარისად დიდია, იბერება და მისი ხორკლები შხამით ივსება. არ აქვს მნიშვნელობა, ის კლდეს შეეხება თუ თავდამსხმელს. მსგავსი შედარება ადამიანთა „მენტალურ“ გადაწყვეტილებებთან, არასწორი მიმაჩნია.
ადამიანთა დაჯგუფებები, ერთი და იგივე გარემოშიც კი ხშირად რადიკალურად განსხვავებულად იქცევიან. მაგალითად, არავაკის ინდიელები, რომლებიც კოლუმბმა აღმოაჩინა 1492 წელს, რადიკალურად განსხვავდებოდნენ, დაახლოებით იგივე გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები აცტეკური საზოგადოებისგან, რომელთაც კორტესი გადაეყარა 1504 წელს.
არავაკებს არ ჰქონდათ სამეფო, სახელმწიფო ან რაიმე მსგავსი ინსტიტუტი. ბართოლომე და ლა კასას ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, მათ არ ჰქონდათ არც ქორწინების რიტუალი, არც არანაირი სოციალური კლასი, რომლებიც სხვადასხვა პრივილეგიებით სარგებლობდნენ. აცტეკთა საზოგადოება კი, ტოტალიტარული რელიგიური „მთავრობის“ გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, სადაც რესურსი, კოლექტიურად იკრიფებოდა, რომელიც შემდგომ ცენტრალური დაგეგმარებით ნაწილდებოდა.
ინდიელთა სოციუმებს იმიტომ ვახსენებ, რომ ისინი „პრიმიტიულია“. პრიმიტიულს ისეთ საზოგადოებას ვუწოდებ, რომელსაც არ ძალუძს ეფექტურად აკონტროლოს გარემო და ბუნებრივი ცვლილებები. დღევანდელი კაცობრიობა კი, ამ სტადიას დიდი ხანია გაცდა. ჩვენი, სოციუმის მიზანი, (ჩემი აზრით) უნდა იყოს ძალადობის და ცენტრალიზებული ძალადობის სისტემების, იქნება ეს მთავრობები თუ კორპორაციები, აღმოფხვრა. რაც ჩემი აზრით, პოპულაციისთვის სასარგებლო ქცევა იქნებოდა.
P.S
კარგად ვაცნობიერებ, რომ საკითხის განხილვისას, ჩემ თავს უფლება მივეცი ისეთ დეტალებში შევსულიყავი, რომელთა განხილვის ფუფუნება ზაზას, თავის სტატიაში არ ჰქონია და მისი მიზანი არც ყოფილა.
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს პაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
გადახედვათსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
კომენტარები