დედამიწისთვის მასიური გადაშენება უცხო არ არის. ამ დრომდე ჩვენს პლანეტაზე ხუთი მასიური გადაშენება მოხდა. მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ ახლა გადაშენების მეექვსე ფაზაში შევდივართ. თუმცა, გადაშენებიდან ყველაზე მასშტაბური იმდენად გლობალური იყო, რომ მას "დიდი სიკვდილი" ეწოდება.

პერმულ-ტრიასული გადაშენება

მასიურ გადაშენებაზე ბევრს შეიძლება 65 მილიონი წინ წინ დინოზავრების გაქრობა და ასტეროიდის ჩამოვარდნა გაახსენდეს, მაგრამ დედამიწას უარესიც ახსოვს. 250 მილიონი წლის წინ პერმულ-ტრიასულის სახელით ცნობილი გადაშენება მოხდა, რომელიც ყველა სახეობაზე აისახა.

გადაშენება შეეხო ზღვის სახეობების 95%-ზე მეტს. რაც შეეხება ხმელეთის სიცოცხლეს, აქ სახეობების 70%-ზე მეტი გაქრა. მთლიანობაში, იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული სიცოცხლის 90% უბრალოდ განადგურდა.

მეცნიერებს ამის დადგენა ნამარხების შესწავლით შეუძლიათ. სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება ნამარხების უეცარი და მკვეთრი შემცირება.

რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური გადაშენება?

რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბური გადაშენება უმიზეზოდ არ მოხდებოდა. მეცნიერებმა დიდი ხნის განმავლობაში ზუსტად არ იცოდნენ, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მეცნიერების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ამის მიზეზი ასტეროიდის ჩამოვარდნა იყო, ზოგსაც მიაჩნდა, რომ ეს ყველაფერი ვულკანის უეცარმა ამოფრქვევამ გამოიწვია.

2014 წელს, MIT-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე, შესაძლოა, მეთანის წარმომქმნელი მიკრობების რაოდენობის ზრდა იყო. სამხრეთ ჩინეთის ნალექების შესწავლის შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ მეთანოსარცინამ მატება დაიწყო პერმული პერიოდის ბოლოს. ეს ნიშნავდა მეტ მეთანს, რომელიც გარდაიქმნებოდა ნახშირორჟანგად, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გლობალური დათბობის მატებას და ოკეანის მჟავიანობას. სწორედ ამას შეიძლება გამოეწვია მასიური გადაშენება.

უფრო უახლესი კვლევები "ფაქტორების კომბინაციის" თეორიას ემხრობა. ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე გარემოს ცვლილებები წლების განმავლობაში ხდებოდა, რაც საბოლოოდ მასშტაბური ვულკანის ამოფრქვევით დასრულდა. მეორე მხრივ, ამ ამოფრქვევამ გლობალური დათბობა დააჩქარა, ამ უკანასკნელმა კი პლანეტაზე ყველაფერი ბოლომდე შეცვალა.

"პერმულ-ტრიასული კრიზისის დროს პროცესები ნელა, მაგრამ მომაკვდინებლად ვითარდებოდა. სიცოცხლის ფორმების უმეტესობამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო", — თქვა ბიოლოგმა, იადონგ სუნმა.

თუმცა, საბედნიეროდ, სიცოცხლის გარკვეული ფორმები მაინც გადარჩა და სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს დედამიწაზე სიცოცხლე კიდევ არსებობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.