სპეციალისტთა პროგნოზით, 2024 ყველაზე ცხელ წლად გამოცხადდება
ევროკავშირის კოპერნიკის სახელობის კლიმტის ცვლილების სამსახურის პროგნოზით, 2024 ყველაზე ცხელ წლად გამოცხადდება.
მეცნიერები თითქმის დარწმუნებით ამბობენ, რომ მიმდინარე წელი პირველი იქნება, რომლის დროსაც გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიულ რევოლუციამდე პერიოდის მაჩვენებელს 1.5°C-ზე მეტით გადააჭარბებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებელია და კლიმატის კონფერენცია COP29-ზე სამსჯელოდ ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეიძლება იყოს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბოლო 12 თვე 1.62°C-ით ცხელი იყო ვიდრე 1850-1900 წლების საშუალო ტემპერატურა. კაცობრიობამ წიაღისეული საწვავის აქტიურად მოპოვება-გამოყენება სწორედ ამ დროს დაიწყო, რამაც მსოფლიო კლიმატი საგრძნობლად შეცვალა. საქმე ისაა, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციამ იმატა, რაც დათბობის ეფექტს აძლიერებს.
2024 წლის ოქტომბერი სხვა ოქტომბრებს შორის მაღალი ტემპერატურით მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ 2023 წლის იგივე თვე უსწრებს, როცა სიცხემ ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდის ნიშნულს 1.65°C-ით გადააჭარბა. ბოლო 16 თვეში ის მე-15 არის, რომლის დროსაც ტემპერატურის მატება 1.5°C-იან ნიშნულს გადასცდა.
საუკუნის ბოლომდე სწორედ ამ მიჯნის შენარჩუნება იგეგმება, მაგრამ რამდენად შევძლებთ ამას, უცნობია. შესაძლოა, ერთმა წელმა დეკადების საერთო მაჩვენებელი დიდად არ შეცვალოს, მაგრამ ეკოსისტემაზე გავლენა მაინც აქვს. ზემოქმედება ადამიანებზეც ვრცელდება, რადგან ასეთ სიცხეში აქამდე არასდროს გვიცხოვრია. შესაბამისად, მრავალი გამოწვევის წინაშე ვართ.
საგრძნობლად იკლებს ყინულის მოცულობაც, მათ შორის არქტიკის რეგიონში. კლიმატის ცვლილებამ ევროპის ნაწილში ძლიერი წვიმებიც გამოიწვია, რაც დატბორვების მიზეზი გახდა. ამ ყველაფრის პარალელურად ატმოსფეროში მავნე აირების ემისია იმატებს და სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.
კომენტარები