რა ხდება, როცა "სიკვდილის სუნი" გვცემს
იცოდით, რომ მწერები გვამის სუნს კილომეტრების მოშორებით გრძნობენ? ეს მათ უბიძგებს, რომ მიწისქვეშ 2 მეტრამდე სიღრმეში ჩააღწიონ და იქ კვერცხები დადონ. ამ ყველაფერს ქიმიური სიგნალები განაპირობებს, რომელთა მეშვეობითაც ამ არსებებს, პირდაპირი მნიშვნელობით, "სიკვდილის სუნი" სცემთ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსგავსი უნარი ადამიანებსაც გვაქვს და, როგორც 2015 წლის კვლევამ აჩვენა, ეს ჩვენს ქცევაზე ზემოქმედებს. ამის მიუხედავად, ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, რომ ჩვენმა სხეულმა რაღაც დააფიქსირა. კერძოდ, გვამის მიერ გამოყოფილი ორგანული ნაერთი, რომელსაც პუტრესცინი ეწოდება (სწორედ ის იწვევს დამპალი ხორცის უსიამოვნო სუნს).
მეცნიერებმა ექსპერიმენტებით შეისწავლეს, რა ხდება მაშინ, როცა ჩვენს ორგანიზმში პუტრესცინით პროვოცირებული სიგნალები წარმოიქმნება ან რა გავლენა აქვს ამას თავდაცვასა და გაქცევასთან ასოცირებულ ქცევებზე.
პირველ ცდაში ყურადღება სიფხიზლეზე გამახვილდა. ცდისპირების ახლოს შერჩევითად პუტრესცინით, ამიაკითა და წყლით გაჟღენთილ ბამბა მოათავსეს. შემდეგ დააკვირდნენ, რამდენად სწრაფად დააჭერდნენ ისინი სპეციალურ წითელ ღილაკს ხელს, რათა მეცნიერებს რეაქციის დრო გამოეთვალათ.
მეორე ექსპერიმენტში გაქცევის იმპულსი გამოიკვლიეს. ამისთვის ადამიანებს ისევ და ისევ ამიაკის, წყლის ან პუტრესცინის სუნის მქონე გარემოში მოუწიათ ყოფნა. ამის მერე მათ სთხოვეს, 80 მეტრ დისტანციაზე ევლოთ, რათა გაერკვიათ, განსხვავებული იქნებოდა თუ არა ერთი და იმავე მანძილის დაფარვის დროები.
მესამე ცდაში მონაწილეებს ისევ რომელიმე სუნი სცემდათ, შემდეგ კი დაევალათ, რომ სიტყვებში გამოტოვებული ადგილები ასოებით ჩაენაცვლებინათ. მომდევნო ეტაპი 60 მეტრ მანძილზე გადაადგილება იყო, ისევ და ისევ დროის განსასაზღვრად.
მეოთხე ექსპერიმენტის განმავლობაში თავდაცვით რეაქციებს დააკვირდნენ, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როცა ადამიანები პუტრესცინის ან ამიაკის სუნს ვერ გრძნობდნენ (მცირე კონცენტრაციის გამო). მეცნიერებმა მათ დასავლური ღირებულებების შესახებ კრიტიკული ესე წააკითხეს და მის შესახებ კითხვები დაუსვეს, რათა გაეგოთ, რამდენად სწრაფად სურდათ ამ კითხვარის ჩამთავრება.
ცდებმა აჩვენა, რომ პუტრესცინი მონაწილეების ფხიზელ ქცევაზე, თავდაცვასა და გაქცევის იმპულსზე მაშინაც კი ზემოქმედებდა, როცა ისინი ნაერთის სუნს ვერ აფიქსირებდნენ. ვარაუდობენ, რომ ამგვარი ქიმიური სიგნალები ადაპტაციის შედეგია, რომელიც ჩვენში პოტენციურად საშიშ პირობებში გადარჩენის ინსტინქტს ააქტიურებს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის საფრთხეებს უკავშირდება მსგავსი პროცესები, მიკრობულს, მტაცებლურს თუ სხვა. შესაძლოა, ის ორივე მათგანს უკავშირდებოდეს, სიტუაციების მიხედვით.
კომენტარები