ცავოს კაციჭამია ლომების კბილებში ადამიანის თმას მიაკვლიეს
მეცნიერებმა კენიაში მდებარე ცავოს მუზეუმში არსებული 1890-იანი წლების ლომების კბილებიდან თმის ღერები შეაგროვეს. მათ ამ ნიმუშების დნმ გაშიფრეს და დაადგინეს, რომ მტაცებლების მსხვერპლებს შორის იყვნენ როგორც ადამიანები, ისე ჟირაფები, ზებრები, ორიქსები, გნუები და Kobus ellipsiprymnus-ის სახეობის დიდი ანტილოპები. ასევე, ბალანის ნაწილი სხვა ლომებს ეკუთვნოდა.
ეს ექსპონატები ცავოს კაციჭამია ლომების ჩონჩხებია. 1898 წელს ისინი კენია-უგანდის რკინიგზის მშენებლობაში ჩართულ ათობით ადამიანს დაესხნენ თავს და შეჭამეს. სწორედ ამის გამო შეარქვეს მათ მსგავსი სახელი.
ახალმა ბიოტექნოლოგიურმა მეთოდებმა მათი მსხვერპლის გენომის შესწავლა გახადა შესაძლებელი, რამაც მტაცებლების საკმაოდ მრავალფეროვანი დიეტა გამოავლინა. ასევე, უკანასკნელი კვლევა მაშინდელი ეკოლოგიური პირობებისა და ცავოს რეგიონზე კოლონიზაციის გავლენის შესახებ მეტის გაგების საშუალებასაც გვაძლევს.
მუზეუმში არსებული ლომების კბილები დაზიანებულია, ამიტომ სიცოცხლის განმავლობაში იქ მსხვერპლის ბალანი დაგროვდა. მეცნიერებმა პირველ ეტაპზე თმის ღერები მიკროსკოპით გამოიკვლიეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, დნმ-ის ანალიზიც გაეკეთებინათ. ზოგიერთი ნიმუშის დნმ უკვე დეგრადირებული იყო, მაგრამ სპეციალისტებმა რამდენიმე მათგანის შესწავლა მაინც მოახერხეს და 6 სახეობის იდენტიფიცირება შეძლეს, მათ შორის ადამიანის.
გაშიფრულმა დნმ-მა ცხადყო, რომ ლომების მსხვერპლი ჟირაფები სამხრეთ-აღმოსავლეთ კენიაში გავრცელებული მასაის ჟირაფები იყვნენ. გავიგეთ ისიც, რომ თავად მტაცებლები კენიასა და ტანზანიაში მცხოვრებ აღმოსავლეთაფრიკულ ლომებს ენათესავებოდნენ. მეცნიერებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც გნუს იდენტიფიცირება იყო, რომლებიც, წესით, იმ პერიოდში ცავოს რეგიონში არ გვხვდებოდა. შესაძლებელია, აქამდე ვცდებოდით ან ლომებმა მათ მოსახელთებლად დიდი მანძილი გაიარეს.
ავტორები ამბობენ, რომ მათი მეთოდი უფრო ადრეული ხორცისმჭამლების შესწავლაშიც დაგვეხმარება და საშუალებას მოგვცემს, სხვადასხვა ასაკის ლომების დიეტაში უკეთ გავერკვეთ. ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები